ეკა ბესელია - შსს-ს სამმართველო არის ჟანდარმერიის ფუნქციით აღჭურვილი ახალი კარიკატურული სამსახური

შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივა თავისუფლებაში ჩარევას ისახავს მიზნად, ეს არის ჟანდარმერიის ფუნქციით აღჭურვილი ახალი კარიკატურული სამსახური, - ასე ეხმაურება „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნას, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ადამიანები თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს უნდა გამოხატავდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება.

„მგონია, რომ ეს ინიციატივა იმისთვისაა მოფიქრებული, რომ საქმე გამოუჩნდეს მამუკა მდინარაძეს. ამ დროს, ის ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას, ეს იმავდროულად არის ადამიანის უფლებათა ჩამონათვალში საერთაშორისო სამართლის ჭრილში, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ეს არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანები თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს უნდა გამოხატავდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ეს არის კონსტიტუციური უფლება.

მისი შეზღუდვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ის ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანების ჯანმრთელობას. მას აქვს მაღალი, მომეტებული რისკი, რომელსაც ძალიან კონკრეტული ზიანის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ ამ აქციით რამე გადაწყდება ან კონკრეტული შედეგით დასრულდება.

„26 მაისი არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების დღე, მაგრამ ის, რომ ამ დღეს რამე გადაწყდება და რაღაც კონკრეტული შედეგით დამთავრდება, ეს მოლოდინი არ მაქვს. ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ, ქუჩაში. ეს საჭიროცაა დღეს, ამ უიმედობის, იმედგაცრუების, დაღლილობის ფონზე, რომელიც ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის მძიმე რეპრესიებით. 26 მაისს ბევრი ადამიანი გამოვა. საჭიროა სიმრავლის დემონსტრირება, ადამიანებს სჭირდებათ ასეთი მოტივაცია, ბრძოლასაც სჭირდებათ ენერგიის გარდაქმნა, ძალების შემომატება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა