ირაკლი კობახიძე - აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია - რაც შეეხება კანონმდებლობას, მზად ვართ, ვიმსჯელოთ ეკლესიასთან ერთად

ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები - რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე, თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც საზოგადოებამ 17 მაისს, პატრიარქისგან მოისმინა.

„რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას აბორტთან დაკავშირებით, ეს არ არის მისი პირველი ქადაგება, მანამდეც, მაგალითად, შარშან 17 მაისს გვახსოვს, რომ აბორტთან დაკავშირებით, მეუფე შიო, მაშინ მოსაყდრე, აკეთებდა განცხადებებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვის. ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, რა შედეგი აქვს ეკლესიის ამ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ - მაგალითად, 2012 წელს, 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში და შარშანდელი მაჩვენებელი არის 12 000-ზე ნაკლები. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა. შობადობა ამდენით არ შემცირებულა და პირდაპირ კორელაციაც არ არის, რა თქმა უნდა, შობადობასა და აბორტს შორის. შობადობა შეიძლება შემცირდა, პირობითად, არ ვიცი, ზუსტი მაჩვენებელი, 20-30%-ით, მაგრამ 39 000-დან არის შემცირებული 12 000-მდე აბორტების რაოდენობა. ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე. თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკითხებზე გამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ . შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.

„როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა