გიორგი ჭანტურია - ღიმილის მომგვრელია იმის ყურება, რომ „ოცნებამ“, რომლის პრემიერმაც კვერცხის ფასი ვერ დაამარცხა, ახლა ცდილობს საზოგადოების თავისუფალი აზრი და კრიტიკა დაამარცხოს

ღიმილის მომგვრელია იმის ყურება, რომ „ოცნებამ“, რომლის პრემიერმაც კვერცხის ფასი ვერ დაამარცხა, ახლა ცდილობს საზოგადოების თავისუფალი აზრი და კრიტიკა დაამარცხოს. სიძულვილის ძალა აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა ამ სიძულვილის გამოყენებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის თაობაზე.

მისი თქმით, გუშინ „ცენზურის სამმართველოს“ შექმნა დაანონსდა.

„გუშინ, გენერალ-კოორდინატორმა მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად ცენზურის სამმართველო დაგვიანონსა, რომლის ერთადერთი ფუნქცია - მოქალაქეების კრიტიკისგან და განსხვავებული აზრისგან მაღალჩინოსნებისა და „ოცნების“ წევრების დაცვა იქნება, იმ ადამიანების, რომლებიც ხალხის ბიუჯეტით მდიდრდებიან. მამუკა მდინარაძე კი იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი.

რეალურად - „ოცნება“ არამხოლოდ სიძულვილის ენის მთავარი ავტორი, არამედ თავად სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორია. ყველაზე ამორალური კი ის არის, რომ მოქალაქეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის/ცენზურის მიზნით - „ოცნებას“ სურს გამოიყენოს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების სახელმწიფოსგან და ძალადობისგან დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შექმნა.

დღეს კი „ოცნება” ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ ინსტრუმენტს ადამიანების განსხვავებული აზრის დევნის ინსტრუმენტად იყენებს. დღეს, „ოცნება“ წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელსაც არ აწუხებს მოქალაქეების სიღარიბე, გაზრდილი ფასები, ბავშვები, კორუფცია და უსამართლობა, მაგრამ აწუხებს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი არაკომპეტენტური და გაუმაძღარი ხელისუფლების მიმართ. სიძულვილის ენას უნდა ვებრძოლოთ ყველამ, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ოპონენტებსა და მოქალაქეებს მოიხსენიებს: აგენტებად; მტრებად; ქვეყნის მოღალატეებად და გარეწრებად, ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა გახლიჩა და ორად გაყო: საკუთარ მომხრეებად და ქვეყნის მტრებად, გვესაუბრება დღეს სიძულვილის ენაზე“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა