კითხვის ნიშნები რჩება კითხვის ნიშნებად და პარალელურად არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ, წამალი არაეფექტურია და მეორე მხრივ, კოლოსალურად ძვირია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან დიუშენის კეთროვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან წამლის დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, მშობლების წუხილი მათ ესმით, თუმცა მათი ეს მდგომარეობა „ცალკეული მაფიოზური ძალების, რომელიც ფარმაცევტიკაში არიან მოკალათებული, მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული საკუთარი მიზნების შესასრულებლად და ჯიბის გასასქელებლად”.
„დიალოგი ყველასთან შესაძლებელია, განსაკუთრებით და გამორჩეულად საქართველოს საპატრიარქოსთან. აბსოლუტურად გვესმის ის წუხილები, რაც ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლებს გააჩნიათ, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელი და გასააზრებელია ის, რა დასკვნებია გაკეთებული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჯანდაცვის სამინისტრო არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი უწყება, რომელიც ახდენს კომუნიკაციას ამ ადამიანებთან და მას გააჩნია კონკრეტული დასკვნები წამლებთან დაკავშირებით, რომლის საქართველოში შემოტანასაც ითხოვენ. მათი ეფექტურობის თვალსაზრისით არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშნები რჩება კითხვის ნიშნებად და პარალელურად არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ, წამალი არაეფექტურია და მეორე მხრივ, კოლოსალურად ძვირია. ბიუჯეტი ხალხის კუთვნილი თანხებია, რომელიც სახელმწიფოს საჭიროებისთვის უნდა დაიხარჯოს და ამ თანხების გადამისამართება ფარმაცევტული მაფიისთვის იმ პირობებში, რომ ის წამალი არის არაეფექტური და არ არსებობს ჯერ დასაბუთებული კლინიკური კონკრეტული შედეგები, რომ წამალი ეფექტურად იმოქმედებს ამ კონკრეტულ დაავადებაზე, ბუნებრივია, აქ არის ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობა.
მშობლების დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს ახლაც და ჩვენთვის არის ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მშობლების წუხილის და თანაზიარი ვართ, მაგრამ ეს მშობლების წუხილი არ უნდა იყოს ცალკეული მაფიოზური ძალების, რომელიც ფარმაცევტიკაში არის მოკალათებული, მიერ გამოყენებული საკუთარი მიზნების შესასრულებლად და ჯიბის გასასქელებლად. წამლის ეფექტურობა არ არის დადასტურებული და ამავდროულად, არის კოლოსალური თანხები.
პრემიერმაც თქვა და, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენთვის მომგებიანი იქნება, რომ დღესვე ავდგეთ და ეს სახსრები გავიღოთ, მაგრამ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიღებას შესაბამის პრიზმაში გატარებისთვის უბიძგებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.