ოდნავ კრიტიკულ განცხადებასაც ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად აფასებენ და ეს წერილით მიმართვა და იქედნური საუბარი არც ტექნიკაა და არც სტრატეგია. დღეს გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძე გაბრაზებული ჯამბაზის პოზიციიდან ესაუბრებოდა თითის ჩვენებით, თითის ქნევით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პრემიერის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა, სადაც ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა.
როგორც სიორიძემ განაცხადა, ირონიული, ვითომ ნახევრად თამაშის მდგომარეობაში მყოფი პოზიციები თავადაც აზიანებთ.
„არ გამიკვირდებოდა ირაკლი კობახიძის ბრიფინგი დაწყებულიყო ამ ფრაზით: „ავკრძალოთ საქართველოში ლეგოს შემოტანა“. არ ვიცი, თავად ცდილობენ ირონიულად საუბარს, თუ რა არის, როდესაც საუბრობდნენ, რომ ნურავინ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეში და თვითონ ერევიან დანიის შიდა საქმეებში. არ მგონია, კობახიძე თავად ყოფილიყო კომფორტულად ამ ბრიფინგის ჩატარების დროს, ვითომ ირონიული, ვითომ ნახევრად თამაშის მდგომარეობაში მყოფი პოზიციები თავადაც აზიანებთ.
„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 სპეცრაზმელი მისცა პასუხისგებაში, როდესაც დემონსტრანტების წამების და დასახიჩრების ასობით შემთხვევაა. არც არსებობს ნდობა, რომ ეს 5 პირია დავალებების შესრულების უშუალო მონაწილე.
ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ასახელებს იმ სამართალდამცველებს, ვინც მონაწილეობა მიიღო მის წამებაში, ცემაში. ხაბეიშვილის შემთხვევა, ქაცარავა, მაკა ჩიხლაძე, შეწირული, გურამ როგავას საქმეზე ვნახეთ ჟურნალისტური გამოძიება.
ოდნავ კრიტიკულ განცხადებასაც ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად აფასებენ და ეს წერილით მიმართვა, იქედნური საუბარი არ არის არც ტექნიკა და არც სტრატეგია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დღეს გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძე გაბრაზებული ჯამბაზის პოზიციიდან ესაუბრებოდა თითის ჩვენებით, თითის ქნევით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
გარდა ამისა, გიორგი სიორიძე გამოეხმაურა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებას, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
როგორც სიორიძემ განაცხადა, „უსამშობლოს“ „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსში“ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, აღნიშნული ინიციატივა კი ცენზურაა.
„სიძულვილის ენასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წამყვანი სპიკერების მხრიდან, ყველაზე სოლიდურ სივრცეში, პარლამენტის დარბაზში, თავ-პირის მტვრევას ვუყურებდით, დედის გინებას, საშინელ ეპითეტებს.... გახსოვთ, ნებისმიერ გადაცდომით კრიტიკას როგორ პასუხობდნენ. „უსამშობლოს“ „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსში“ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. მახსოვს, როდესაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გამოიყენა „უსამშობლო“, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ თქვენი ახალი ტერმინი მოიგონეთ, ფანტაზია არ გყოფნით, „უსამშობლო“ ჩვენი მოგონილიაო. ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდა. სისტემურობა ახალი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
მამუკა მდინარაძის სიტყვები რომ დავიჯერო, ალბათ, სიზმარში უნდა ვიყო. როდის ჰქონია მდინარაძის ან „ქართული ოცნების“ სპიკერის საჯარო გამონათქვამს რაიმე ფასი, ჩალის ფასი აქვს. დღეს ერთს ამბობენ და ხვალ მეორეს. ეს ახალი ინიციატივა არ არის, „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტების გამო ვიცით, როგორ მიუციათ ადამიანები პასუხისგებაში. ეს სამმართველო უფრო ჰგავს მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებული სპიკერის აქტუალიზაციას.
უპორტფელო მინისტრად დანიშნეს, მოუგონეს რაღაც სრული პრიმიტიული პირველი კლასის დონის პორტფელის მსგავსი რამ, რომ ძალოვან უწყებებს სჭირდებოდათ კოორდინაცია. პირველივე ინიციატივა არის ცენზურა. ერთი ნაბიჯი უკლია „მორალის პოლიციამდე“, რომელიც არის ირანში და 2 ნაბიჯი უკლია „აზრის პოლიციამდე“, რასაც მის ნაწარმოებებში ჯორჯ ორუელი აღწერს. ბოლოს იქით წავლენ, რომ აზრის გამოხატვა კი არა, აზრის ქონაც უნდა დასაჯონ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.