პროკურორი - რომ არა მოწმისა და მისი კოლეგების აქტიური ჩართულობა, ალეკო ელისაშვილი მის განზრახვას, რაც სასამართლოს შენობის გადაწვას გულისხმობდა, სისრულეში მოიყვანდა - მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული მათ სიცოცხლესაც უქმნიდა საფრთხეს, როცა იარაღს უმიზნებდა

რომ არა მოწმისა და მისი კოლეგების აქტიური ჩართულობა, ალექსანდრე ელისაშვილი მის განზრახვას, რაც სასამართლოს შენობის გადაწვას გულისხმობდა, სისრულეში მოიყვანდა - მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული მათ სიცოცხლესაც უქმნიდა საფრთხეს, როდესაც იარაღს უმიზნებდა, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, პროცესზე გამოკითხა მოწმე, მანდატურის სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ უშუალოდ მისი ჩართულობით მოხდა ალეკო ელისაშვილისთვის იარაღის ხელიდან გამორთმევა და განიარაღება.

„პროცესზე უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმე, მანდატურის სამსახურის თანამშრომელი გამოიკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა თუ რა ქმედებები განახორციელა ალექსანდრე ელისაშვილმა იმისათვის, რომ სასამართლოს შენობა გადაეწვა. მან გვითხრა, რომ არა მისი და მისი კოლეგების აქტიური ჩართულობა, ალექსანდრე ელისაშვილი მის განზრახვას, რაც სასამართლოს შენობის გადაწვას გულისხმობდა, სისრულეში მოიყვანდა. ასევე, განაცხადა, რომ ბრალდებული მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, როდესაც იარაღს უმიზნებდა და აყენებდა სხვადასხვა სახის დაზიანებას, რაც კბენაში იყო გამოხატული.

მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ მისი უშუალო ჩართულობით მოხდა ბრალდებულისთვის ხელიდან იარაღის გამორთმევა და განიარაღება, რის შემდეგაც ალექსანდრე ელისაშვილი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მათ.

რაც შეეხება გამოსაკითხ პირებს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ფაქტთან შემხებლობაში ყველა პირი დაიკითხება, რაც შეეხება დავით მატიაშვილი [თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი] დაიკითხება თუ არა, ამას უშუალოდ პროცესის წინ გეტყვით“,- განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა