„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განაცხადებით, არცერთ წამალს არ აქვს 100%-იანი გარანტია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ პაციენტებს მკურნალობაზე წვდომა შეეზღუდოთ.
ვატო სურგულაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის დაფინანსების საკითხს ეხება.
როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში სახელმწიფოსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები ხშირად მოიცავს ფასდაკლებებს, კვლევებში ჩართულობასა და ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებას.
“არცერთ წამალს არ აქვს 100%-იანი გარანტია. მაშინ ონკოლოგიური მედიკამენტებიც შევწყვიტოთ, იმუნოთერაპიაც - ამათაც არ აქვთ საბოლოო შედეგი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როცა შანსი გვაქვს გადავარჩინოთ ან მისი სიცოცხლის ხარისხი ავამაღლოთ. რა ჰქვია დაავადებას? - იშვიათი დაავადება. იშვიათი დაავადება ხდება იშვიათად. ძირითადად, გენეტიკურ ხასიათს ატარებს. ერთ-ერთ მედიკამენტს, რომელზეც არის საუბარი, 20 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. როდესაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად იყიდის წამალს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მწარმოებელთან, იცით რამხელა ფასდაკლებებს აკეთებენ? შეიძლება გაჩუქონ, შეიძლება კვლევებში მონაწილეობა შესთავაზონ მშობლებს. ასევე უყურებენ იმაზე თუ რამხელაა ქვეყნის ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე „მაფიოზურ სტრუქტურებს“ რომ ეძახის, ჩვენი ვითომ პრემიერი, აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობა ხდება. ვერ გავიგე „მაფია“ რა შუაშია“, - განაცხადა სურგულაძემ.
სურგულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და პაციენტების ოჯახებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და პროცესში ჩართულობა უფრო შედეგიან გადაწყვეტილებებს იძლევა.
„რომ საუბრობენ რატომ არის აქციებიო? ვინმემ დაუძახა ამ ხალხს კაბინეტებში სასაუბროდ? შეხვდეს პრემიერი-მინისტრი, მოადგილეები, ოთხი მოადგილე ჰყავს. ძალიან დიდი მადლობა ახალ პატრიარქს, რომელიც შეხვდა და ადამიანებად ჩათვალა, მაგრამ ეკლესია და საპატრიარქო ამ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ, ეს არ არის მისი საქმე - სახელმწიფო და მოქალაქე.
კომუნიკაცია მიმდინარეობს ან პარლამენტის ტრიბუნიდან ან ბრიფინგიდან. უშუალო კონტაქტი, როდესაც ადამიანებს თვალებში უყურებ სხვა შედეგია, ვიდრე წერილები წერო“,- განაცხადა სურგულაძემ.