ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გადამწყვეტ ეტაპზეა და ომიდან მშვიდობაზე გადასვლისთვის მზადაა, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული ვითარება ომიდან მშვიდობაზე გადასვლის გადამწყვეტ ეტაპზეა“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და კონფლიქტის განახლება მიუღებელია.
„საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის დაყოვნება არ შეიძლება. კონფლიქტის განახლება კიდევ უფრო მიუღებელია და მოლაპარაკებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფი დასრულება ხელს შეუწყობს ბარიერების შემცირებას ენერგომომარაგებისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
„საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების სტაბილურობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაბრკოლებების შემცირებას“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინსა და მათ გუნდებს შორის მოკლე შეხვედრა დასრულდა. კრემლის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ახლა ორივე ქვეყნის დელეგაციების ფართო ფორმატის შეხვედრა იგეგმება.
პუტინს პეკინში თან ახლავს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერები ტატიანა გოლიკოვა და ალექსანდრე ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოქსანა ლუტი, რუსეთის ბანკის გუბერნატორი ელვირა ნაბიულინა, „როსკოსმოსის“ აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბაკანოვი, „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და მთავრობისა და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები.