როგორც ჩანს, ე.წ. გადატვირთვისა და დალაგების იმედი კვლავ გადაეწურათ და დაუბრუნდნენ აგრესიულ რიტორიკას - დავუკვირდეთ, რას შვრება „ქართული ოცნება“, მოდი ვეფეროთ მტერს და გულზე მუშტი ვირტყათ იმათთან, ვისგანაც საფრთხე არ გველოდება. ესენი ხომ მხოლოდ ევროპელებს „უბედავენ“ ამას, ველურებთან არიან ძალიან რბილები - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპულის სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ გაგზავნილი ღია წერილი.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველო იქნება იზოლირებული ქვეყანა“.
„როგორც ჩანს, ე.წ. გადატვირთვისა და დალაგების იმედი კვლავ გადაეწურათ და დაუბრუნდნენ ისევ აგრესიულ რიტორიკას. ძალიან ცუდ დღეში ვართ როგორც ქვეყანა და როგორც ხალხი. დათა თუთაშხიას რომ ეძახიან: „გესვრით, ნუ მიგყავთ ჩვენი ცხენებიო“ და თუთაშხია რომ პასუხობს: „თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც დურუს ესვრის, თქვენ ის ხალხი არ ხართ მე რომ მესვრითო“. დავუკვირდეთ რას შვრება „ქართული ოცნება“ და სამწუხაროდ, რა მდაბიო ქცევაში აჰყვა მას მისი ამომრჩეველი, ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია - მოდი ვეფეროთ მტერს, ვეფეროთ ყველას, ვინც შეიძლება გვცემოს და გაგვლახოს, ოღონდ მოდი ვაგინოთ, ვლანძღოთ და გულზე მუშტი ვირტყათ იმათთან, ვისგანაც საფრთხე არ გველოდება. ესენი ხომ მხოლოდ ევროპელებს „უბედავენ“ ამას. რატომ უბედავენ? - იმიტომ, რომ იციან, რას ნიშნავს ევროპა, იციან, რომ ბომბებს და პირდაპირი მნიშვნელობით, საპასუხო მუშტს არ მიიღებენ და მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროში წააგებენ, რასაც მათთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ველურებთან ესენი არიან ძალიან რბილები. ირანის ელჩის განცხადებაზე გახსოვთ, საერთოდ ხმა არ ამოიღეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ქართველი ხალხის იმ ნაწილის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ჰქვია, თანხმობით ყველაზე მდაბიო საქციელი დაამკვიდრეს და წაახალისეს - მტერს ვეფეროთ და მოყვარეს ვაგინოთ, მტრის გულის გასახარად. მესმის, რომ მტერს შეიძლება არ აგინო, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც გამოიწვიო, გააღიზიანო, ოღონდ მოყვრის გინება რატომ შემოიტანეს დღის წესრიგში, ეს მაინტერესებს. რას ითხოვს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებისგან ისეთს, რაც არ არის კარგი ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის? „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველო იქნება იზოლირებული ქვეყანა, იზოლირებული სახელმწიფო, რომლის იზოლაციის მასშტაბებს შეამსუბუქებს მხოლოდ ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად არის იმ უბანზე, რომელიც, ჯერჯერობით, აუცილებელია სატრანზიტო დერეფნისთვის.
„ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებს, დალაგდება სხვა ალტერნატივა, მათ შორის, ჩვენს რეგიონში, ოღონდ ჩვენ გარეშე და საქართველო დაკარგავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იმ ერთადერთ ფუნქციას, რაც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ დანარჩენ მსოფლიოს. ერთადერთი ფუნქცია, რაც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სხვას, ეს არის მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს კარგი, ოღონდ იმ ბევრი კარგის გარეშე მსოფლიოს არსებობა შეუძლია. ერთადერთი რითაც ჩვენ ვართ საინტერესო, ეს არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია“,- განაცხადა ბობოხიძემ.
გარდა ამისა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის ძირითადი ფუნქციაც „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება“.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „დღეს ტროტუარზე არ აჩერებენ ადამიანებს, ქუჩას არ აკეტვინებენ და უკვე დაიწყეს ადამიანის პირად სივრცეში შემოჭრა“.
„სიძულვილის ენას ახალისებს და უფრო მეტიც, ინიცირებას უკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლებაა სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა აბალანსებდეს სიტყვის თავისუფლების შედარებით უარყოფით გამოვლინებებს და სიტყვის თავისუფლების სიკეთეებს შორის ბალანსს. ხელისუფლება უნდა აბალანსებდეს! მაგრამ ხელისუფლება ახალისებს სიძულვილის ენას, იმ შედეგებს, რაც სიძულვილს მოჰყვება და თან ახალისებს ცალმხრივად. თუ ფაქტებს დავუკვირდებით, მხოლოდ ხელისუფლების მიერ წახალისებული ჯგუფები ძალადობენ ხელისუფლებისგან დევნილ ჯგუფებზე. ფატალური შედეგები მოჰყვა ხელისუფლების წაქეზებას. დღეს იგივე ხელისუფლება მეუბნება, რომ ამის კონტროლს აპირებს. მივიღებთ იმას, რაც უამრავ სხვა სფეროშია. ადამიანებს ტროტუარზე დგომი გამო არამხოლოდ აჯარიმებენ, არამედ ციხეში უშვებენ. გინახავთ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლისთვის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის და „ტროტუარის გადაკეტვის“ გამო, ვინმეს მათთვის ყურადღება მიექცია? „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც კი დადიან, ვერც ტროტუარებზე და საერთოდ ქუჩაში ვერ დადიან და ადამიანებთან თავისუფლად გადაადგილების საშუალება მათ უბრალოდ არ აქვთ. დღეს ტროტუარზე არ აჩერებენ ადამიანებს, ქუჩას არ აკეტვინებენ და უკვე დაიწყეს ადამიანის პირად სივრცეში შემოჭრა. რა თქმა უნდა, ეს არის ცენზურა. ეს იქნება მხოლოდ ცალმხრივი და შერჩევითი.
არსებობს ცნობილი ფრაზა, რომ პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს აქვს თმენის უფრო მეტი ვალდებულება და ჩვენ რა დაგვიწესეს? - საჯარო მოხელეს მოქმედების შეფასებაზე შეუძლია იჩივლოს და ჯარიმები და ციხეებია. ამ დროს არსად წერია საჯარო მოხელე როცა ლანძღავს მოქალაქეს, რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების გატარების საჭიროება და ან კანონით უზრუნველყოფა. საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება შემოგვიბრუნეს და ჩვენ, მოქალაქეებს დაგვაკისრეს თმენის ვალდებულება, აგვიკრძალეს საჯარო მოხელეების მოქმედებების შეფასება. ისინი რუსული პრაქტიკით მიდიან, ოღონდ უფრო სწრაფი ტემპით. უნდათ გააკეთონ ის, რომ საზოგადოება ვერ ხედავდეს აღშფოთებულ ხალხს. უნდათ გააკეთონ ის, რომ აღშფოთებული, მძაფრი დამოკიდებულება ხელისუფლების მოქმედების მიმართ იყოს არამხოლოდ შეზღუდული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ,“- განაცხადა ბობოხიძემ.