პაატა ზაქარეიშვილი - ღია წერილი საბჭოთა გადმონაშთია, იმ დროს ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ღია წერილს წერდა - უცნაური „ქართული ოცნებისგან“ უკვე აღარაფერია, რადგან მათი ამოცანაა, საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირში

ირაკლი კობახიძის ღია წერილი საბჭოთა გადმონაშთია, სადაც ადრესატი არა ევროკავშირი, არამედ საკუთარი ამომრჩეველია, პირველ რიგში, და ასევე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რადგან, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობს არჩევნებზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზაქარეიშვილის თქმით, ევროპის ქვეყნებში არსებულ გადაცდომებს „ქართული ოცნება“ თავის სამართლებლად იყენებს და ეს წერილიც ამის ნათელი მაგალითია.

როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, ევროკავშირი არ არის ვალდებული, საქართველოს წინაშე თავი იმართლოს, როგორც ამას კობახიძე ღია წერილში მოითხოვს ბრიუსელისგან, რადგან, ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირს არ მოუთხოვია საქართველოსთან გაწევრიანება, არამედ პირიქით - ჩვენ მოვითხოვეთ ეს ევროკავშირისგან.

„ძალიან უცნაური წერილია, მაგრამ უცნაური „ქართული ოცნებისგან“ უკვე დიდი ხანია აღარაფერი აღარ არის იმიტომ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირში.

ისინი თვლიან, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები და თავის თავზე აიღეს, რომ საქართველო ევროკავშირში და ნატოში წაიყვანონ, ამას ნანობენ იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, ისეთი ვალდებულებები აიღეს, რომელსაც ისინი ვერ შეასრულებენ იმიტომ, რომ მაშინ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ მთელი პოლიტიკა, 2020 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, მკაფიოდ არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე აიძულონ ევროკავშირი, რომ უარი თქვას საქართველოზე.

მიზანმიმართულად ხდება [ევროკავშირთან ხიდების ჩაჩეხა], თანაც ისე, რომ ევროკავშირს დაჰბრალდეს. მუდმივად მიმდინარეობს ევროკავშირის დისკრედიტაცია. ღია წერილი რაღაც საბჭოთა გადმონაშთია. გვიანდელი საბჭოთა კავშირის დროს ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ღია წერილს წერდა. გაზეთი „კომუნისტი“ იქნებოდა თუ სხვა, ვიღაცა ვიღაცას სულ ღია წერილს წერდა.

ეს [ირაკლი კობახიძის] ღია წერილის საბჭოთა გადმონაშთია, სადაც ადრესატი არა ევროკავშირი, არამედ საკუთარი ამომრჩეველია, პირველ რიგში, და ასევე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რადგან, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობს არჩევნებზე.

წერილი შიდა მოხმარებაზეა გათვლილი და ამომრჩეველს ეუბნება, რომ ჩვენ ვართ ევროპის ტოლი, თბილისი არის ბრიუსელი. კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა ანგარიში უნდა ჩაგვაბაროს და გვითხრას, როგორ აფასებს კოპენჰაგენში მიმდინარე პროცესებსო. უკაცრავად, მაგრამ საქართველო გარეთ არის, სულ სხვა მხარეს. ევროკავშირი არც კი არის ვალდებული, საქართველოს დაელაპარაკოს. საქართველომ დაწერა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე და არა ევროკავშირმა.

ევროკავშირი არაფერს არ ეძებს საქართველოში, საქართველო ეძებს ევროკავშირში, შესაბამისად, ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირმა 12 პუნქტის მოგვცა შესასრულებლად და ჩვენ არ შევასრულეთ. ამის მიუხედავად, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და 9 პუნქტი. არც ამას ვასრულებთ პრინციპულად და მეტიც, 2024 წელს მოლაპარაკება შევწყვიტეთ ევროკავშირში გაერთიანებაზე და 2028 წლამდე გადავიტანეთ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ევროკავშირისკენ სვლა და ამ სვლაზე რომ გვეთქვა უარი, ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

მათ ახლა იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას მაინც გაგვიუქმებს, რომ მერე თქვან, რა საშინელებაა ევროკავშირიო. კოპენჰაგენში რამე რომ მოხდეს, ვენაში რამე რომ მოხდეს ან ვარშავაში, ამას მუდმივად იყენებენ თავის ამომრჩეველთან თავის მართლებისთვის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის იმ პოზიციაზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წერილში ასახა და რომელიც დანიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. ზაქარეიშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ფარისევლობაა.

„პროპალესტინული მიტინგები ევროპაში რეგულარულად ტარდება. ევროპაში მოსაზრება გაყოფილია და მკაფიოდ არის გამოკვეთილი პალესტინელების მხარდამჭერი და ისრაელის მხარდამჭერი ძალები. ამ ფონზე მე მიკვირს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია - მას პროპალესტინული პოზიცია არასდროს არ გამოუხატავს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ იცავს პალესტინის პოზიციას, მეტიც - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ისრაელელი ფიგურა ბენ-გვირი ჩამოიყვანეს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი და ისრაელშიც კი მიუღებელია მისი რიტორიკა პალესტინელებისა და არაბების მიმართ.

საქართველოს პოზიცია მკაფიოდ პროისრაეულურია. როცა შენ ხარ ისრაელის მხარეს და ამ დროს პალესტინის მომხრეთა ბედი გადარდებს, ეს არის წმინდა წყლის ფარისევლობა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, გადაამეტა თუ არა რეალურად დანიის პოლიციამ მომიტინგეთა მიმართ ძალა და უნდა ჰქონდეს თუ არა ამაზე კრიტიკული პოზიცია ბრიუსელს, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და ევროპა აღიარებს კიდეც, თუ შეცდომა დაუშვა.

„მე რომ ვიყო დანიის მოქალაქე, აუცილებლად მოვთხოვდი მთავრობას პასუხს, რამდენად ჩატარდა ეს ოპერაცია კანონის შესაბამისად და იქნება თუ არა ამაზე გამოძიება. ვნახავთ, „ქართული ოცნება“ კი ამას გაატარებს, რომ დანიაში, საქართველოსგან განსხვავებით, აუცილებლად ჩატარდება ამაზე გამოძიება. ევროპაში ყოველთვის ასე ხდება, იქ ისჯებიან ხოლმე ძალის გადამეტებაზე.

ევროპა ღირებულია არა მარტო იმით, რომ ევროპაა, არამედ იმითაც, რომ ის თავის შეცდომებს აღიარებს. ევროკავშირი ამასაც მიხედავს. ტრაგედია არის ის, რომ ირაკლი კობახიძე თავის თავს აძლევს იმის უფლებას, დანიაზე ილაპარაკოს და ირანსა და ჩინეთზე არ ილაპარაკოს. არაფერი საერთო ადამიანის უფლებებთან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ეს არის წმინდა წყლის ანტი-ევროპული კამპანია, რათა საზოგადოებაში მოამზადონ ნიადაგი, თუ რატომ არ შეიძლება ვიყოთ ჩვენ ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ზაქარეიშვილმა კახა კალაძის „სამძიმრის წერილიც“ შეაფასა, რომელიც დედაქალაქის მერმა გერმანელ ხალხს მისწერა და რომელიც პასუხი იყო გერმანიის ქალაქის, ზაარბრიუკენის გეგმაზე, თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირი გაწყვიტოს.

„იმდენად სამარცხვინოდ იქცევა საქართველო, რომ ევროპელებისთვის ეს მიუღებელია. რა შუაშია [წერილში ნახსენები] „დიფ სტეიტი“, კალაძეს მგონი დაავიწყდა, რომ „დიფ სტეიტს“ უკვე დიდი ხანია, ლეგენდარული კობახიძეც აღარ იყენებს იმიტომ, რომ მოჰბეზრდა, როგორც „გარეჯი საქართველოა“ და „გლობალური ომის პარტია“... კალაძე ჩარჩენილია ამ „დიფ სტიტის“ ჭურში.

როგორც ჩანს, [კალაძემ] დავალება მიიღო, დაიბარა თავისი ჩინოვნიკები და წერილის დაწერა დაავალა. აქაც იგივე მესიჯია - ილუზიის შექმნა, რომ ევროკავშირი არის ცუდი და ჩვენ არ გვიდა ევროკავშირთან. ნიადაგს ამზადებენ, რათა ევროკავშირი აიძულოს, [გაწევრიანებაზე] უარი გვითხრას. იმედია, ევროკავშირი ამას არ გააკეთებს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მე არ მგონია, აქ გამოკეთდეს სიტუაცია. ჩემი აზრით, ზელენსკისა და კობახიძეს შორის საუბარი ჰააგის სასამართლოს განაცხადზე ხელის მოწერაზე იყო. მე მგონია, რომ ზელენსკი ცდილობდა, კობახიძე დაერწმუნებინა, რომ ისტორიის ნათელ მხარე დარჩენილიყო, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

ქართულ მხარეს და მაკა ბოჭორიშვილს შეეძლო, არ გამოეყენებინა ის ფრაზა, თუმცა სპეციალურად გამოიყენა, რომ დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენ კი არ ვართ, უკრაინაა. ნუ დაწერ ამას, ისე დაწერე ტექსტი, რომ არც საქართველოს დაჰბრალდეს რამე და არც უკრაინას, მაგრამ არა, ჯინაზე ქნეს, ეს ბოღმა იმდენად ახრჩობთ ამათ [„ქართულ ოცნებას“], რომ ჯინაზე უნდა მიანიშნონ, რომ უკრაინაა დამნაშავე და არა ჩვენ. ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ქართული მხარე არანაირ დათმობაზე არ მიდის.

უკრაინას ჰქონდა მცდელობა, რადგან აშკარად უნდოდა, რომ ამ სასამართლოს გამო მეტი ხმა მიეღო, შანსი ჩაუვარდა ერევანში, რომ კობახიძეს დალაპარაკებოდა, მაგრამ ალბათ იქ კობახიძემ არაფერი უთხრა.

რაც შეეხება ჰააგის ტრიბუნალის შექმნას და საქართველოს უარს მასში გაწევრიანებაზე, რა შუაშია ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ქცევა, როდესაც უკრაინა გთხოვს, მიუერთდი ამასო. მე ამ განცხადების გარდა სხვა არაფერი მინახავს. მაშინ უნდა თქვან, რომელმა სახელმწიფომ რა გარანტიები არ მისცა სახელმწიფოს.

ეს არის სამარცხვინო პოზიცია, როდესაც შენ ამართლებ აგრესორს. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივერთებოდით ამ ტრიბუნალს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ინიციატორები, რათა 2008 წლის აგვისტოს ომიც დღის წესრიგში ყოფილიყო. საქართველოს მსოფლიოსთვის უნდა შეეხსენებინა, რომ რაც უკრაინაში ხდება, ეს მხოლოდ უკრაინა-რუსეთი პრობლემები არ არის, ეს არის რუსეთის აგრესიული ხასიათის პრობლემა. ჩვენ ჩვენი დუმილით რუსეთის აგრესიას ვახალისებთ. ჩვენი დუმილი რუსეთს შანსს აძლევს, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს გადაუაროს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა