მარკ რუტე - რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ყველაზე პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს - უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ყველაზე პირდაპირ საფრთხედ რჩება. ის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის ომს აგრძელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხი იქნება.

„ჰელსინგბორგში ჩვენ განვიხილავთ უკრაინისადმი ჩვენს მუდმივ მტკიცე მხარდაჭერას - ანკარის სამიტის კიდევ ერთ პრიორიტეტს. უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან. მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არსებითი, მდგრადი და პროგნოზირებადი ხასიათის იყოს და რომ ეს უკრაინის მოთხოვნებზე იყოს დაფუძნებული“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ხვალ შვედეთში ჩავა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, PURL-ი უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევისთვის კვლავ მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება.

„გასულ ზაფხულს ამ ინიციატივის დაწყებიდან, PURL-მა უკრაინის Patriot-ის ბატარეებისთვის განკუთვნილი ყველა რაკეტის დაახლოებით 70% და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის 90% მიაწოდა. ეს მხარდაჭერა კვლავ გრძელდება“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოკავშირეთა მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი დარჩეს.

რუტემ განაცხადა, რომ გუშინ ესტონეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ ეს დრონი ალიანსის საჰაერო სივრცეში სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად მოხვდა.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ მძვინვარე რუსეთის ომის შედეგებს. გუშინ, ნატო-ს ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის ფარგლებში რუმინულმა F-16-ებმა ესტონეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს. ეს იყო უკრაინული დრონი, მაგრამ ის იქ არ იქნებოდა რუსეთის აგრესიის გარეშე. მთავარია, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიდევ ერთხელ ეფექტურად იმუშავა. გავაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ჩვენი ტერიტორია და მოსახლეობა ნებისმიერი საფრთხისგან დავიცვათ“, - აღნიშნა რუტემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ