„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც კომპანია სილქნეტმა 2018 წელს დაარსა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას. ამ მხრივ, ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდის მხარდაჭერაა. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში - მჯდომარე კალათბურთისა და მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობაში. ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან — Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ გუნდები შესაბამისი პარასპორტული ინვენტარით უზრუნველყო. სხვადასხვა წლებში ფონდმა შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები და მშვილდოსნობისთვის საჭირო აღჭურვილობა.
ამჯერად, კომპანია სილქნეტისა და ფონდის მხარდაჭერით, მჯდომარე რაგბის ეტლები იქნა შეძენილი, რაც საშუალებას მისცემს დაჭრილ მებრძოლებს სპორტის ამ სახეობაშიც დაიწყონ მომზადება. უახლოეს პერიოდში, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, გუნდი სპორტის ამ სახეობაში აქტიურ ვარჯიშს დაიწყებს. მჯდომარე რაგბი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის ახალი მიმართულებაა. გუნდი პირველად იასპარეზებს მჯდომარე რაგბშიც „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games), რომელიც 2027 წელს დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება. რაგბის გარდა, საქართველოს მეომრები მონაწილეობას მიიღებენ მჯდომარე კალათბურთის, მშვილდოსნობისა და სპორტის სხვა სახეობის ტურნირებში.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტის ინიციატივით დაფუძნდა და უკვე რვა წელია ზრუნავს ვეტერანებისა და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახების ჯანმრთელობის, პროფესიული გადამზადებისა და საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობაზე. ამ წლების განმავლობაში სილქნეტმა ფონდის საქმიანობისთვის 2 681 000 ლარის დონაცია განახორციელა. სხვა კომპანიებისა და კერძო შემომწირველების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პარიტეტული თანადაფინანსებით, ფონდმა ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტი მოახმარა დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების სხვადასხვა საჭიროებას.

მიმდინარე წელს ფონდმა 165 ათასი ლარით დააფინანსა ბენეფიციარების სამედიცინო სერვისები, გადაუდებელი ოპერაციები, მედიკამენტები, უზრუნველყო საცხოვრებლის ადაპტაცია. დახმარება გაეწიათ დაჭრილთა მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსებიდანვე განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები. UN Women-თან თანამშრომლობით, სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამაც, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა. ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. ფინანსური და წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!
(R)