„ძლიერი საქართველო - ლელო“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია; გამოაქვეყნონ ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა სრული და რეალური სტატისტიკა; მიიღონ ქმედითი და სისტემური გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანაში ნარკოპანდემიის ახალი ტალღა შეჩერდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მესამე წელია, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უკონტროლოა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიტუაციას ვერ მართავს.
„ბოლო დღეებში ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ოფიციალური მონაცემები სრულ სურათს არ აჩვენებს, თუმცა რეალობა განგაშის საფუძველს იძლევა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ქვეყანაში არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა ნარკოტიკის მოხმარებით. ეს უკვე აღარ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ნარკოპოლიტიკის სისტემური კრიზისი. წლებია, საქართველოში არ არსებობს ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების რეალური და გამჭვირვალე სტატისტიკა - საზოგადოებას სიმართლეს მიზანმიმართულად უმალავენ. უკვე მესამე წელია, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უკონტროლოა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ მართავს სიტუაციას და რაც უფრო საგანგაშოა - არ ავლენს პოლიტიკურ ნებას, რომ ეს უმძიმესი პრობლემა მოაგვაროს. პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ ნარკორეალიზატორების დაკავების კადრებს, თუმცა ეს არის უფრო მეტად ზედაპირული და არცერთ შემთხვევაში კომპლექსური და სისტემური ბრძოლა. არ ჩანს სისტემური პოლიტიკა, არ არსებობს პრევენცია, არ მუშაობს რეაბილიტაცია. ხშირად დამოკიდებულ ადამიანებს სამართალდამცავიო სისტემა აღიქვამს როგორც დამნაშავეს და არა, როგორც დახმარების საჭიროების მქონე პირებს.
„საქსტატის“ მონაცემებით მხოლოდ 2025 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 22 767 პირს შეადგენდა. აქედან ყველაზე დიდი კატეგორია სწორედ ნარკოდანაშაულს უკავშირდება და განისაზღვრება 5 322 პირით. 2024 წელს ეს კატეგორია შეადგენდა 2 814 შემთხვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში მაჩვენებელი გაორმაგებულია. ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, რადგან ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემა ფაქტობრივად არ მუშაობს, მოშლილია და არსებულ უმძიმეს გამომწვევებს ვერ პასუხობს. ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმის შედეგად „შავი ბაზრის“ გაძლიერება აშკარაა - დამოკიდებული ადამიანები უფრო მეტად შავ, არალეგალურ ბაზარს მიმართავენ, რაც ამ ქვეყანაში კრიმინალურ სისტემას აძლიერებს და დაბინძურებული ნივთიერებების შემოდინებას ზრდის.
საქართველოში კრიმინალური სინდიკატები ძლიერდება, კონტროლი მოშლილია და ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, პრაქტიკულად, უარს ამბობს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაზე.
სწორედ ამიტომ „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია; დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა სრული და რეალური სტატისტიკა; მიიღონ ქმედითი და სისტემური გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანაში ნარკოპანდემიის ახალი ტალღა შეჩერდეს.
დღეს საუბარი აღარ არის კრიმინალზე, საუბარია სიცოცხლეზე, ახალგაზრდებზე და ქვეყნის მომავალზე! სახელმწიფოს მხრიდან დუმილი არის მხოლოდ თანამონაწილეობა საქართველოს ამ ეროვნულ ტრაგედიაში!“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.