საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს - ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას საქართველოსთან ურთიერთობების შეწყვეტაში ადანაშაულებს.
წერილში ევროსტრუქტურები დადანაშაულებული არიან ორმაგ სტანდარტებში და გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ ევრობიუკრატიაა დამნაშავეა იმაში რომ ბრიუსელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, გაუარესებულია.
არადა, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება რომ „საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს“.
ძნელი დასაჯერებელია, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს თავად არ ახსოვდეს მის მიერვე გაკეთებული განცხადება, ანაც მისი და მთელი სახელისუფლებო გუნდის, როგორც მინიმუმ, არადიპლომატიური კრიტიკა და ანტიდასავლური რიტორიკა 2024 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.
ისიც, რომ ევროკომისია საქართველოსაგან 12 პირობის შესრულებას მოითხოვდა.
მათში, რა თქმა უნდა, არც არასდროს ყოფილა ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხები, არც უკრაინა-რუსეთის ომში ჩართვის თემები, მაგრამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამ საკითხებს შიდა მოხმარებისთვის ფაქტია რომ პროპაგანდისტულად აქტიურად იყენებდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ ირაკლი კობახიძის ღია წერილით მიმართვას ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ?
ვითარებაში, როცა, საქართველოს ხელისუფლება ლამის ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იყოს დისტანცირებული ბრიუსელისგან, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის ეს განცხადება და ღია წერილი?
- ეს წერილი „ქართული ოცნებისგან“ არც ახალია, არც კრეატიულია, და - სიმართლე გითხრათ - ცოტა მოსაბეზრებელიც კი გახდა. პოლიტიკის ანალიზში კობახიძის წერილში გამოყენებულ ხრიკს ვეძახით „დამნაშავისა და მსხვერპლის ჩანაცვლებას“, როდესაც დამნაშავე ცდილობს გადააბრალოს საკუთარი დანაშაული მსხვერპლს. „ქართული ოცნება“ ამ ხერხს ძალიან აქტიურად იყენებდა და დღესაც იყენებს, როდესაც ევროპელებზე საკუთარი ცოდვების გადაბრალებას ცდილობს.
ფაქტობრივი მოცემულობა მარტივი, ცნობილი და დოკუმენტირებულია: 2024 წლის 28 ნოემბერს სწორედ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ეს გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნული და ცალმხრივი - ყოველგვარი კონსულტაციის, საპარლამენტო განხილვისა და, რაც მთავარია, საარჩევნო მანდატის გარეშე - ძალიან კარგად გვახსოვს „ქართული ოცნების“ გადაკეთებული ლოგო, როდესაც ევროკავშირის ვარსკვლავები მიიხატეს და მათი ევროპული საარჩევნო დაპირებები.
პოლიტიკის ანალიზში კობახიძის წერილში გამოყენებულ ხრიკს ვეძახით „დამნაშავისა და მსხვერპლის ჩანაცვლებას“, როდესაც დამნაშავე ცდილობს გადააბრალოს საკუთარი დანაშაული მსხვერპლს. „ქართული ოცნება“ ამ ხერხს ძალიან აქტიურად იყენებდა და დღესაც იყენებს, როდესაც ევროპელებზე საკუთარი ცოდვების გადაბრალებას ცდილობს
დღეს, თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, იგივე პრემიერი ბრიუსელს ადანაშაულებს ურთიერთობების შეწყვეტაში, რაც ეწინააღმდეგება ქრონოლოგიას, ლოგიკასა და საღ აზრს. „ოცნების“ მხრიდან ეს არის შეგნებული მცდელობა, შიდა მოხმარებისთვის შეიქმნას ალტერნატიული, სარკისებური და ტყუილი რეალობა.
იგივეს თქმა შეიძლება ბრალდებაზე „ორმაგ სტანდარტებში“, რომელიც ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ევროკომისიის 12 პრიორიტეტი - რომელიც მოგვიანებით 9 ნაბიჯად ჩამოყალიბდა - შეეხებოდა მართლმსაჯულების რეფორმას, დეოლიგარქიზაციას, საარჩევნო კანონმდებლობას, მედიაპლურალიზმს, პოლარიზაციის შემცირებასა და ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას.
არც უკრაინაში ჯარის გაგზავნის მოთხოვნა, არც „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე ფანტომი, არც მასონები, და არც რეპტილოიდები, ცხადია ამ მოთხოვნებში არ იყო, და ვერც იქნებოდა.
ეს ყოველივე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი შიდა მოხმარების ნარატივია, რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოების ყურადღება რეალური მოთხოვნებიდან - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ერთი ოლიგარქის გავლენისგან გათავისუფლებიდან - გადაიტანოს.
ეს ყოველივე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი შიდა მოხმარების ნარატივია, რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოების ყურადღება რეალური მოთხოვნებიდან - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ერთი ოლიგარქის გავლენისგან გათავისუფლებიდან - გადაიტანოს
და ბოლოს, პრემიერი რეალურად რომ ესწრაფვოდეს დიალოგს, ის ფონ დერ ლაიენს, კოშტასა და მეცოლას მედიის საშუალებით, ღია წერილით კი არ მიმართავდა, არამედ შეასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებისას აიღო.
ღია წერილი არ არის დიპლომატიური კომუნიკაციის ფორმა; ეს არის საჯარო თეატრალიზებული პერფორმანსი, რომლის ნამდვილი ადრესატი ბრიუსელში კი არ იზის, არამედ თბილისში - და, როგორც აღვნიშნე, ეს ჟესტი მოსაბეზრებელ და მანამდე არაერთხელ გამოყენებულ შტამპად უფრო გადაიქცა.
ამ წერილს რამდენიმე ფუნქცია აქვს და თითოეული მათგანი ნათლად ცხადყოფს, თუ რა ეტაპზე იმყოფება „ქართული ოცნება“.
პრემიერი რეალურად რომ ესწრაფვოდეს დიალოგს, ის ფონ დერ ლაიენს, კოშტასა და მეცოლას მედიის საშუალებით, ღია წერილით კი არ მიმართავდა, არამედ შეასრულებდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებისას აიღო
პირველი - შიდა ფუნქცია. ხელისუფლების ამომრჩეველსა და იმ მერყევ მოქალაქეებს, რომელთათვისაც ევროპული მომავალი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, სთავაზობენ მარტივ და კომფორტულ ფორმულას: „ჩვენ ვცდილობდით, გვინდა, მაგრამ მათ არ სურთ“. ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა, გადაბრალება, რამაც უნდა დაიცვას ქართული ოცნება იმ პოლიტიკური ფასის გადახდისგან, რაც მოყვება ასეთ გადაწყვეტილებებს: იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკი, ფინანსური დახმარების შემცირება, დიპლომატიური იზოლაცია თუ საინვესტიციო რეიტინგების გაუარესება.
მეორე - ისტორიული ნარატივის გადაწერა. პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილის ტონი გათვლილია იმაზე, რომ წლების შემდეგ, როდესაც მოხდება ამ ეპიზოდის გააზრება, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს დაშორება ორმხრივი პროცესი იყო ან სულაც ბრიუსელის ინიციატივა. სინამდვილეში კი, ადგილი აქვს ძალაუფლებას დახარბებული ერთი პოლიტიკური ძალის ცალმხრივ არჩევანს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ვალდებულებასა და ქართველი ხალხის ნებას - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილის ტონი გათვლილია იმაზე, რომ წლების შემდეგ, როდესაც მოხდება ამ ეპიზოდის გააზრება, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს დაშორება ორმხრივი პროცესი იყო ან სულაც ბრიუსელის ინიციატივა. სინამდვილეში კი, ადგილი აქვს ძალაუფლებას დახარბებული ერთი პოლიტიკური ძალის ცალმხრივ არჩევანს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ვალდებულებასა და ქართველი ხალხის ნებას - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
მესამე და, ალბათ, ყველაზე საინტერესო, ეს არის სიგნალი არა ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, არამედ - მოსკოვში. ფორმალურად წერილი ევროპელი ლიდერებისკენ არის მიმართული, თუმცა მისი მიზანია იმ პარტნიორებსაც - იქნება ეს მოსკოვი, პეკინი, თუ ბრატისლავა - დაანახოს, რომ ევროპასა და ბრიუსელთან ურთიერთობების შეჩერება არა დროებითი, არამედ შეუქცევადი პროცესია „ქართული ოცნების“ პირობებში.
ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რადგანაც ის ფაქტობრივად გამორიცხავს ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, რომელსაც ხელისუფლება რიტორიკულ დონეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
„კანდიდატის სტატუსი“ ამ ეტაპზე მხოლოდ „ლეღვის ფოთოლია“, რომელიც ფარავს სტრატეგიული შემობრუნების მთელ მასშტაბს, თუმცა იგი ყოველგვარი არსებითი შინაარსისგანაა დაცლილი.
ფორმალურად წერილი ევროპელი ლიდერებისკენ არის მიმართული, თუმცა მისი მიზანია იმ პარტნიორებსაც - იქნება ეს მოსკოვი, პეკინი, თუ ბრატისლავა - დაანახოს, რომ ევროპასა და ბრიუსელთან ურთიერთობების შეჩერება არა დროებითი, არამედ შეუქცევადი პროცესია „ქართული ოცნების“ პირობებში
და კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: წერილის ენა - ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის ტონი - სტრუქტურულად და ლექსიკურადაც კი თითქმის არ განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რომელსაც ბოლო წლებში მოსკოვი იყენებს დასავლეთის წინააღმდეგ.
„ევრობიუროკრატია“, „ორმაგი სტანდარტები“, „დიქტატი“, „ჩარევა შიდა საქმეებში“ - ეს არ არის თბილისის ლექსიკა, ეს არის ლექსიკა, რომლის სათავეც კარგად არის ცნობილი. ყოველივე ეს აჩვენებს, თუ რომელი მოდელისკენ იხრება „ქართული ოცნება,“ მაშინაც კი, როცა ფორმალურად კვლავ „ევროპულ გზაზე“ საუბრობს.
„ევრობიუროკრატია“, „ორმაგი სტანდარტები“, „დიქტატი“, „ჩარევა შიდა საქმეებში“ - ეს არ არის თბილისის ლექსიკა, ყოველივე ეს აჩვენებს, თუ რომელი მოდელისკენ იხრება „ქართული ოცნება,“ მაშინაც კი, როცა ფორმალურად კვლავ „ევროპულ გზაზე“ საუბრობს
- იმავე წერილში, პრემიერი შეეხო დანიაში მომიტინგეების წინააღმდეგ, მისი აზრით სამართალდამცავების უსამართლო მოქმედებას.
და ევროსტრუქტურების ხელმძღვანალებისაგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე - „შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ“?
გარდა ამისა, წერილში ნაქვამია - „სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.“
თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილის წერილის ამ პასაჟებს? სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ წერილზე ბრიუსელის პასუხი?
- ღია წერილში დანიის ეპიზოდის მოხმობა კლასიკური ყურადღების გადატანა და გაზლაითინგის, ანუ დაბოლების მცდელობაა. ეს ხერხი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა დიპლომატიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, დღეს რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ცენტრალური ინსტრუმენტია: როდესაც შენს ქცევას აკრიტიკებენ, ნაცვლად არსებითი პასუხისა, მიუთითებ სხვის ნეგატიურ მაგალითზე, რათა მორალური თანაბრობის ილუზია შექმნა.
ამ კონკრეტული მაგალითის უხერხულობა და პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ წერილს მთავრობის სახელით აწერს პრემიერი, რომლის მმართველობისასაც თბილისში პროევროპული პროტესტის სასტიკი ჩახშობა მთელმა მსოფლიომ იხილა.
მომწამლავი ნივთიერება წყლის ჭავლში რუსთაველზე, რეზინის ტყვიები, მედიის წარმომადგენელთა მიზანმიმართული დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება, მასობრივი დაკავებები და აქტივისტების ცემა - ეს ფაქტები უდავოა და თავად ქართულმა ოცნებამაც კი აღიარა.
ღია წერილში დანიის ეპიზოდის მოხმობა კლასიკური ყურადღების გადატანა და გაზლაითინგის, ანუ დაბოლების მცდელობაა. ეს ხერხი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა დიპლომატიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, დღეს რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ცენტრალური ინსტრუმენტია: როდესაც შენს ქცევას აკრიტიკებენ, ნაცვლად არსებითი პასუხისა, მიუთითებ სხვის ნეგატიურ მაგალითზე, რათა მორალური თანაბრობის ილუზია შექმნა
როდესაც ამ რეალობის ფონზე პრემიერ-მინისტრი ცდილობს ევროპელი ლიდერები დანიის პოლიციური ქმედებებით გააკრიტიკოს, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური შეცდომაა, არამედ ადეკვატური თვითაღქმის სრული დეფიციტია.
ან - რაც უფრო სავარაუდოა - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს წერილის ნამდვილი ადრესატის ვინაობას: ეს არის „ქართული ოცნების“ ბირთვი, ელექტორატი, რომელსაც დანიის კადრები უნდა მიეწოდოს იმ ნარატივით, თითქოს ხელისუფლება ბრიუსელს ებრძვის.
რაც შეეხება მეორე პასაჟს - სადაც საუბარია „ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული საფუძვლების უგულებელყოფასა“ და იმაზე, რომ „ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს“ - აქ ანალიზი სრულიად სხვა რეგისტრში გადადის.
ეს არის ლექსიკონი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ - ეს ვლადიმერ პუტინის „ვალდაის“ გამოსვლების ენაა; ეს ვიქტორ ორბანის „ტუშნადის“ ყოველწლიური სიტყვების სტილია; ეს არის ფიცოს და ვუჩიჩის ნარატივი, „ფსევდოტრადიციული ღირებულებების“ იდეოლოგიური ჩარჩო, რომელიც რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა გასული ათწლეულის განმავლობაში სისტემურად ჩამოაყალიბეს ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგთან დასაპირისპირებლად.
საბედნიეროდ, ამ მარაზმატიკული ნარატივის სრული დისკრედიტაცია და წარუმატებლობა ვიხილეთ მის ოდესღაც მთავარ ბასტიონში - უნგრეთში - სადაც ორბანის დაშინება და არაადაკვეტურობა სრულიად დამარცხდა.
როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ის ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სრულიად სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს.
ვინც პრემიერი წერილის ნარატივს აიტაცებს, აცნობიერებს ამას თუ არა, იმ სტრატეგიულ გზაზე მიდის, რომელსაც მოსკოვამდე მიყავხარ
ეს „ნამდვილი ევროპა ცრუ ევროპის წინააღმდეგ“ ნარატივი - სადაც „ნამდვილ ევროპას“ თითქოს ვარშავის (PiS-ის მმართველობის პერიოდში), ბუდაპეშტის (გაცამტვერებული ორბანის), ბრატისლავისა და ახლა უკვე თბილისის ხელისუფლებები წარმოადგენენ - კრემლის სტრატეგიული აქტივია და არა ქართველი, ჩეხი თუ პოლონელი ხალხის ავთენტური მონაპოვარი. ვინც პრემიერი წერილის ნარატივს აიტაცებს, აცნობიერებს ამას თუ არა, იმ სტრატეგიულ გზაზე მიდის, რომელსაც მოსკოვამდე მიყავხარ.
ჩვენ ვიხილავთ რამდენიმესაფეხურიან რეაქციას: ევროკომისიის სპიკერის მოკლე კომენტარს, სადაც გამეორდება უკვე კარგად ცნობილი ფორმულირებები - რომ ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს კონკრეტული რეფორმების გატარებას, რომ ურთიერთობების გაციება „ქართული ოცნების“ ცალმხრივი ნაბიჯების შედეგია და არა ბრიუსელის ინიციატივა, და რომ კარი ღია რჩება ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის
რაც შეეხება ბრიუსელის სავარაუდო პასუხს - აქ პროგნოზირება რთული არ არის, რადგან მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობს.
ბრიუსელი, დიდი ალბათობით, არ ჩაებმება რიტორიკულ პოლემიკაში. ის არ უპასუხებს დანიის ეპიზოდს და არ შევა დისკუსიაში „ბუნებრივი საფუძვლების“ თემაზე, რადგან ამით ღია წერილს ოფიციალურ დიპლომატიურ კომუნიკაციად აღიარებდა და ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილავთ რამდენიმესაფეხურიან რეაქციას: ევროკომისიის სპიკერის მოკლე კომენტარს, სადაც გამეორდება უკვე კარგად ცნობილი ფორმულირებები - რომ ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს კონკრეტული რეფორმების გატარებას, რომ ურთიერთობების გაციება „ქართული ოცნების“ ცალმხრივი ნაბიჯების შედეგია და არა ბრიუსელის ინიციატივა, და რომ კარი ღია რჩება ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.
შესაძლოა, ვიხილოთ ცალკეული ევროპარლამენტარების უფრო მკვეთრი ინდივიდუალური განცხადებებიც, ან - მომავალში - სასანქციო რეჟიმის გაფართოება, რადგანაც ოცნებამ დაკარგა ორბანის ფარი.
ევროკავშირი, თავისი სტრატეგიული მოთმინების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხაფანგში არ გაებმება. და ეს, ალბათ, საუკეთესოა, რაც ბრიუსელისგან ამ ეტაპზე შეიძლება ველოდოთ… ევროპული ინტეგრაციის პროცესი შესაძლებელია, თუმცა მისი გასაღები თბილისში დევს და არა ბრიუსელში
როდესაც ხელისუფლება დემოკრატიის გარეგნულ ფორმებს, საკანონმდებლო პროცედურას, თითქოს ნეიტრალურ ენას იყენებს რეპრესიული ინსტრუმენტების შესაქმნელად. ეს უფრო დახვეწილი მოდელია, ვიდრე ღია ავტორიტარიზმი - და ამიტომაც უფრო საშიში
რაც ნამდვილად არ იქნება ბრიუსელის პასუხში - ეს არის მკაცრი, ემოციური და განრისხებული რეაქცია, რომლის პროვოცირებასაც, „ქართული ოცნება“ შიდა აუდიტორიის მანიპულირებისთვის ცდილობდეს რათა ეთქვათ: „აი, ხომ ხედავთ, …“. ევროკავშირი, თავისი სტრატეგიული მოთმინების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ ხაფანგში არ გაებმება.
და ეს, ალბათ, საუკეთესოა, რაც ბრიუსელისგან ამ ეტაპზე შეიძლება ველოდოთ: არა გრძელვადიანი მორალური ლექციები, არამედ ცივი, ინსტიტუციური თანმიმდევრულობა, რომელიც მკაფიოდ ადასტურებს უმთავრეს ფაქტს - ევროპული ინტეგრაციის პროცესი შესაძლებელია, თუმცა მისი გასაღები თბილისში დევს და არა ბრიუსელში.
მზად არის „ქართული ოცნება“ დაიჭიროს საკუთარი ტროლები და ბოტები, რომლებიც წარმოუდგენელ სიბინძურეს ავრცელებენ? ცხადია, არა. ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ეს ისეთივე სისულელეა, როგორც ალკოჰოლიკის ღვინის დეგუსტატორად დანიშვნაა
- საქართველოს მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინატორმა, ცოტა ხნის წინ სუს-ის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ გვამცნო იმის შესახებ რომ შსს-ში შეიქმნება სამმართველო რომლის მიზანი იქნება ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, „ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა მმართველმა გუნდმა დაამკვიდრა“. მეტიც, მათივე აზრით, ოპონენტების „აგენტებად“ „უსამშობლოებად“ გამოცხადება სწორედაც რომ მათი შემოღებულია.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მმართველ გუნდს ოპონენტები „ქვეყნის მტრებად“, ასევე „რუსების მონებად“ კარგა ხანია მოიხსენიებენ.
რაც შეეხება შსს-ში სამმართველოს შექმნას მათივე აზრით, ეს დეპარტამენტი რეაგირებას მოახდენს ხელისუფლების კრიტიკაზე, მის მიმართ შეურაცმყოფელ აგრესიულ გამონათქვამებზე.
ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შსს-ს ამ დეპარტამენტის საქმიანობა მიმართული იქნება იმისკენ რომ „დაუმორჩილებელი ადამიანები დაიმორჩილონ“.
ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ოპოზიცია არ ჰყავს აღიარებული ოპონენტებად, არამედ ისინიც, ვინც ქუჩაში გამართული აქციებით ცდილობდნენ „ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას“ და ახლა ისინი ციხეში ზიან.
შესაძლოა, ვცდები, მაგრამ, რატომღაც რჩება შთაბეჭდილება რომ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ოპონეტებად არ აღიარებს და მათ აქტიურობას მხოლოდ „დასავლელ პარტნიორებს აბრალებს“, შსს-ში პოლარიზაციასთან მებრძოლი დეპარტამენტის შექმნა ვერც პოლიტიკურ პროცესს წაადგება და ვერანაირად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას....
- ეს ინიციატივა არ არის ცალკეული ნაბიჯი, არამედ გრძელი თანამიმდევრობის ნაწილია - „რუსული კანონი“, „აგენტების კანონი", „ლგბტ პროპაგანდის" კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი დრაკონული ცვლილებები, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკურად მგრძნობიარე მუხლების გაჩენა.
ერთად ეს ფენები ქმნიან იმას, რასაც პოლიტიკურ მეცნიერებაში იძულებითი ლეგალიზმი ეწოდება: როდესაც ხელისუფლება დემოკრატიის გარეგნულ ფორმებს, საკანონმდებლო პროცედურას, თითქოს ნეიტრალურ ენას იყენებს რეპრესიული ინსტრუმენტების შესაქმნელად. ეს უფრო დახვეწილი მოდელია, ვიდრე ღია ავტორიტარიზმი - და ამიტომაც უფრო საშიში.
„ქართულმა ოცნებამ,“ ცხადია, ეს ყველაფერი კარგად იცის. მაგრამ მაინც აშენებენ რეპრესიულ არქიტექტურას, რომელსაც დასავლეთთან არაფერი საერთო აქვს - კრემლის პოლიტიკურ სახელმძღვანელოსთან კი, ყველაფერი
რაც შეეხება უშუალოდ ცენზურის სამმართველოს - აქ რამდენიმე საკითხია, რომელიც ერთად უნდა გავიაზროთ.
ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენის უმთავრესი მწარმოებელი ბოლო წლების განმავლობაში იყო და არის თავად ქართული ოცნება. ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ოპონენტებს „აგენტები", „უსამშობლონი", „გლობალური ომის პარტია", და კიდევ უამრავი მსგავსი ეპითეტი მოარგო; რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახლებზე არნახული სიბინძურე დააწერა; ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული პროპაგანდისტული არხების მეშვეობით ყოველდღიურ რეჟიმში აშავებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.
მზად არის „ქართული ოცნება“ დაიჭიროს საკუთარი ტროლები და ბოტები, რომლებიც წარმოუდგენელ სიბინძურეს ავრცელებენ? ცხადია, არა. ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ეს ისეთივე სისულელეა, როგორც ალკოჰოლიკის ღვინის დეგუსტატორად დანიშვნაა.
ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, ხოლო ხელისუფლება - რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება აკისრია - დუმს. ეს მდუმარება თავად არის პასუხი, რომელიც ნებისმიერ განცხადებაზე ბევრად უფრო ყვირის
მნიშვნელოვანია, რომ ეს სამმართველო შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში - არა იუსტიციის სამინისტროში, არა საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში, არა რომელიმე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ფარგლებში, რომელსაც, თუნდაც თეორიულად, შეიძლება სამოქალაქო-ადმინისტრაციული ფუნქცია ჰქონოდა.
შსს არის სამართალდამცავი, ანუ ძალადობრივი ფუნქციის მქონე უწყება. როდესაც სიტყვის რეგულირება საპოლიციო კონტექსტში გადადის, გზავნილი ცალსახაა: საუბარია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე, შესაძლო დაკავებებზე. „სამოქალაქო კულტურის გაუმჯობესება“ შსს-ს კომპეტენცია არ არის და არც ყოფილა.
ის, რომ ამ ინიციატივის სახე არის მამუკა მდინარაძე - ყოფილი სუს-ის უფროსი, რომელიც დღეს ფლობს უპრეცედენტო ფუნქციას „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინატორის" სახით - ცალკე ღირს დაკვირვებას.
ეს ფუნქცია, „კოორდინატორი", ფაქტობრივად აერთიანებს იმ უწყებებს, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთმანეთისგან კონცეპტუალურადაც განცალკევებულია — შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს, პროკურატურა. სწორედ ერთი ცენტრიდან კოორდინირებული სამართალდამცავი აპარატი არის ის გარემო, რომელშიც „სიძულვილის ენის" სამმართველო ფუნქციონირებას დაიწყებს.
ამ სტრუქტურას ექნება რამდენიმე მიზანი. ის ეცდება თვითცენზურის ეფექტის შექმნას - არ არის აუცილებელი, ბევრი დაკავება მოხდეს. საკმარისია ერთი-ორი საჩვენებელი საქმე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს, ჟურნალისტს ან უბრალოდ სოციალურ ქსელში გავლენიან მომხმარებელს დაიჭერს.
ამის შემდეგ ათასობით სხვა ადამიანი თვითონ შეიკავებს თავს გამოხატვისგან. ეს არის რეპრესიის ეკონომიური მოდელი - დიდი ეფექტი… იაფად. კანონი ისე იქნება ჩამოყალიბებული, რომ ფორმალურად ის ყველას ერთნაირად ეხება, მაგრამ ფაქტობრივად მისი გამოყენება იქნება ცალმხრივი.
პროპაგანდისტული მედია, რომელიც ოპოზიციონერებს „გადაგვარებულებს“ უწოდებს, ცხადია, არ დაისჯება, მაგრამ აქტივისტი, რომელიც ივანიშვილს „რუსეთის აგენტს“ უწოდებს, იმწუთასვე შეიგრძნობს კანონის მთელ სიმკაცრეს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქ მხოლოდ აბრაა, ხოლო მიზანი… მარტივი ამოსაცნობია.
რაც შეეხება იმას, ეს ნაბიჯი წაადგება თუ არა პოლარიზაციის შემცირებას - ცხადია, არ წაადგება. და ეს არც არის მისი მიზანი. პოლარიზაცია საქართველოში სიძულვილის ენით გამოწვეული არ არის.
ეს არის ფუნდამენტური უთანხმოება ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების შესახებ: ერთი მხარე ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიაზე, კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში; მეორე მხარე - „ქართული ოცნება“ - ფაქტობრივად, ცვლის ამ ტრაექტორიას. ენა ამ უთანხმოების სიმპტომია, არა მიზეზი. და თუ ერთი მხარის ენა „კანონსაწინააღმდეგო“ ხდება, ხოლო მეორე მხარის ენა - სახელმწიფო პროპაგანდის სტანდარტი - ეს არის პოლარიზაციის გადაწყვეტა მისი ერთი მხარის გაჩუმებით.
„ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონები რუსეთში 2002 წელს მიიღეს. იმ დროს ისიც ნეიტრალური და თითქმის მისაღები ნორმის სახით იყო წარმოდგენილი. ოცი წლის შემდეგ, სწორედ ეს ჩარჩო გახდა ის ინსტრუმენტი, რომლითაც კრემლმა მოკლა ალექსეი ნავალნი, დაკავებულია ნავალნის ფონდის ყოფილი თანამშრომლები, „მემორიალის“ აქტივისტები, ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ ომად მოიხსენიებენ.
„დროებითი, მისაღები ნორმა“, რომელიც ნელ-ნელა ამზადებს ფართომასშტაბიან რეპრესიებს - ეს რუსული მოდელის სავიზიტო ბარათია. და როდესაც ვხედავთ, რომ თბილისში იგივე არქიტექტურა იქმნება - ფრთხილად, მეთოდურად, სამართლის ენაზე - ვალდებული ვართ ხმამაღლა და გასაგებად ვთქვათ, რომ ეს არც დემოკრატიული ნორმაა და არც პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა. ეს არის რეპრესიული აპარატის ფენების ფრთხილი დაშენების კიდევ ერთი ეტაპი.
რას ნიშნავს ეს დუმილი არსებითად? რამდენიმე რამეს ერთდროულად: „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეეგუა ანექსიის პროცესს. ის არ აპროტესტებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პროტესტი მისთვის უფრო ძვირი იქნება, ვიდრე დუმილი
და ბოლოს, ის, რაც, ვფიქრობ, აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ: ცენზურის დეპარტამენტი არის „ქართული ოცნების“ ფსევდოკონსერვატიზმის შესანიშნავი ილუსტრაცია. სიტყვის თავისუფლებასა და მის ბოროტად გამოყენებას შორის ზღვარი ძალიან ფაქიზი და საფრთხილოა.
აშშ-ში დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებაში დიდი როლი მემარცხენე დღის წესრიგის მიერ დაქენსელების კულტურისა და ცენზურის კრიტიკამ შეასრულა.
ბრიტანეთში, სადაც ხელისუფლებაში მემარცხენე ლეიბორისტული პარტია, ეს დისკუსია ასევე ძალიან აქტუალურია და ახლახან ბრიტანულმა ჰოუმ ოფისმა შეკვეცა სოცმედიის მონიტორინგი - ნამეტანი მოგივიდაო.
„ქართულმა ოცნებამ,“ ცხადია, ეს ყველაფერი კარგად იცის. მაგრამ მაინც აშენებენ რეპრესიულ არქიტექტურას, რომელსაც დასავლეთთან არაფერი საერთო აქვს - კრემლის პოლიტიკურ სახელმძღვანელოსთან კი, ყველაფერი.
რეალობა კი ის არის, რომ „ოცნებამ“ ერთდროულად დააკარგინა საქართველოს ბრიუსელის ნდობა, ვაშინგტონის პარტნიორობა და ცენტრალური როლი რეგიონულ ფორმატებში და რაც მთავარია, დაკარგა ცხინვალიც
- უკრაინა-რუსეთის ფრონტზე საკმაოდ რთული ვითარების გამო კრემლი და პრეზიდენტი პუტინი საქართველოსთვის იცლის.
9 მაისს პუტინი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ გაგლოებს შეხვდა და მან და პუტინმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის „ურთიერთობების გაღმავებაზე შეთანხმებას“ პუტინმა არა მარტო მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბირომ კანონი მიიღო. ცხინვალში მის რეალიზაციას უკავშირებენ სამხრეთ ოსეთის იმედებს გახდეს რუსეთის სუბიექტი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გაერთიანების შედეგად.
ამ თემაზე არც საქართველოს საგარეო უწყებას და არც მთავრობას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ვითარებაში როცა, უკრაინასთან ომში დაუძლურებულ-დასუსტებული რუსეთ შენი ტერიტორიის პრატიკულად ანექსიისათვის ამზადებს, და ხელისუფლება მასზე არ რეაგირებს არანაირად, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ცხინვალის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, ხოლო ხელისუფლება - რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება აკისრია - დუმს. ეს მდუმარება თავად არის პასუხი, რომელიც ნებისმიერ განცხადებაზე ბევრად უფრო ყვირის.
დავიწყოთ იქიდან, თუ რა გაფორმდა 9 მაისს კრემლში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კოორდინაციას, ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეს, ენერგეტიკული (გაზის ტრანსპორტირების ჩათვლით, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციას.
რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ის რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს, დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები ცხინვალში - და პირიქით. ეს უკანასკნელი დებულება საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული, თუმცა ფაქტია: ის მწვანე შუქს უნთებს ცხინვალის რეჟიმის სრულ ტრანსფორმაციას რუსეთის ფედერალურ ერთეულად.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე პუტინმა დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს გადაუგზავნა და სათათბირომ მისი რატიფიცირება უკვე მოახდინა.
ცხინვალში გაგლოევი პირდაპირ ამბობს, თუ რა მიზანს ემსახურება ეს შეთანხმება — ეს არის „ოსი ხალხის გაერთიანებისკენ“ გადადგმული ნაბიჯი და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში მომავალი შესვლის მექანიზმი. ანუ, ჩრდილოეთ ოსეთთან შერწყმის გზით - საქართველოს ტერიტორიის რუსეთის სუბიექტად გადაქცევა, რასაც თავად მოსკოვი და ცხინვალი პირდაპირ ამბობენ.
რა ხდება ამ დროს თბილისში? „ქართული ოცნება,“ რომლის მითოლოგია დღემდე აგებულია სრულ სამართლებრივ ბოდვაზე, თითქოს წინამორბედმა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს გადასცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიაზე… დუმს.
რას ნიშნავს ეს დუმილი არსებითად? რამდენიმე რამეს ერთდროულად: „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეეგუა ანექსიის პროცესს. ის არ აპროტესტებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პროტესტი მისთვის უფრო ძვირი იქნება, ვიდრე დუმილი. ეს გათვლა კი განპირობებულია იმით, რომ „ოცნების“ პოლიტიკის ცენტრალური ღერძი - ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესები და თბილისის ჩუმი ვალდებულებები მოსკოვის წინაშე - სხვაგვარი ქცევის სივრცეს უბრალოდ არ ტოვებს.
მეორე - ეს დუმილი ერთიანი, თანმიმდევრული ჯაჭვის ნაწილია: „ოცნების“ ბოდიში 2008 წლის ომისთვის; გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების გამო - ანუ ზუსტად იმ ნაბიჯისთვის, რასაც „მცოცავი ოკუპაციის" შეჩერება ჰქვია; და თავად „ქართული ოცნების" ნარატივი, რომელშიც საქართველო თუ 2008 წლის ომის მთავარ დამნაშავედ არა, მის თანამონაწილედ მაინც არის გამოყვანილი.
ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა შემთხვევით უმოქმედობასთან, არამედ სტრატეგიულ პოზიციონირებასთან, სადაც „ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ერგება მოსკოვის ნარატივს ცხინვალსა და სოხუმზე და უგზავნის სავალალო სიგნალს რუსეთს - რომ „ოცნება“ არაფერს, რიტორიკის დონეზეც კი, არ მოიმოქმედებს ტერიტორიული მთლიანობის შენაარჩუნებლად.
ისმის კითხვა: სად არიან დღეს ის „გენიოსები", რომლებიც წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, როგორ ელაპარაკოს მოსკოვს?
სად გაქრა ის „რეალისტური“ საგარეო პოლიტიკა, რომელიც მშვიდობას, სტაბილურობასა და ტერიტორიების ეტაპობრივ დაბრუნებას გვპირდებოდა?
თუ მმართველობის მეცამეტე წელს ცხინვალს ფაქტობრივი ანექსიის გზაზე ვტოვებთ - სად არის ის პოლიტიკური სიმწიფე, რომლის გარანტიასაც გვაძლევდნენ?
რეალობა კი ის არის, რომ „ოცნებამ“ ერთდროულად დააკარგინა საქართველოს ბრიუსელის ნდობა, ვაშინგტონის პარტნიორობა და ცენტრალური როლი რეგიონულ ფორმატებში (სადაც ანკარა და ბაქო თბილისს სრულუფლებიან მოთამაშედ აღარც კი აღიქვამენ). და რაც მთავარია, დაკარგა ცხინვალიც.
ის „განსაკუთრებული ურთიერთობა“ მოსკოვთან, რომელიც თითქოს არსებობდა და ორმხრივ სარგებელს გვპირდებოდა, ფაქტობრივად აღმოჩნდა მოსკოვისთვის მიცემული კარტ-ბლანში, ეშმაკთან დადებული გარიგება, რომლის საფასურსაც ახლა ვიხდით და მომავალში კიდევ უფრო მეტს გადავიხდით.
ამ ქმედებებსა და ნაბიჯებს ვერანაირად ვერ შევაფასებთ „რეალისტურ“ საგარეო პოლიტიკა. ეს არის სრული კაპიტულაცია, რომელიც წლების განმავლობაში შენიღბული იყო ფასადური რიტორიკით: „ომი არ გვინდა", „მშვიდობა გვინდა", „ვინც პროვოცირებას ცდილობს"... დღეს კი ეს პოლიტიკა სრულად გაშიშვლდა.
ცხინვალის ანექსიის ხელშეკრულება და თბილისის აბსოლუტური დუმილი „ქართული ოცნების" 13-წლიანი არაადეკვატური საგარეო კურსის ბოლო აკორდია - რომელმაც სტაბილურობა კი არა, ქვეყნის უკიდურესი დასუსტება მოგვიტანა. საქართველო დღეს ბევრად უფრო მოწყვლად და დაუცველ მდგომარეობაშია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ ნებისმიერ დროს ყოფილა. და ეს მწარე, სასტიკი სიმართლე პირდაპირ ოცნების პოლიტიკური არჩევანის შედეგია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი