საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (პრეზიდენტი) პროფესორ ზურაბ გუდავაძის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ და სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების - გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების - ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების - გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების - ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების - ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 103 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.
სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თამჯდომარის განცხადებით, საქართველოს ისტორია განსაკუთრებული მაგალითებით არის გამორჩეული, ეროვნული ღირსების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი ადამიანები მომავალ თაობებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის მაგალითს უტოვებენ.
„გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის პატივგება არის ეროვნული მეხსიერების, სახელმწიფოებრივი თვითშეგნების და თავისუფლების იდეისადმი ერთგულების გამოხატულება. კოტე აფხაზი და სამხედრო ცენტრის წევრები იმ თაობას ეკუთვნოდნენ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, სტუდენტები, უშუალოდ ეცნობიან ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის იმ გმირულ ფურცლებს, რომლებმაც ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა ყველაზე მძიმე წლებში შეინარჩუნა. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გავუზიაროთ ინფორმაცია სიმართლის, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითებზე, რომელიც კოტე აფხაზისა და მისი თანამოაზრეების ცხოვრებასა და მოღვაწეობაში იკითხება. მათი თავგანწირვა დღესაც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა მუდმივ დაცვას, პასუხისმგებლობასა და ერთიანობას საჭიროებს“,-აღნიშნა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.
ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.