ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026

აშშ ომის განახლებას აანონსებს, ირანი იმუქრება, რომ კონფლიქტი რეგიონს გასცდება

“ოპოზიციური ალიანსის” მზადება 26 მაისის აქციისთვის - მოსალოდნელი სცენარები და მხარეთა შეფასებები

განგაში ნატოს ტერიტორიაზე და თავშესაფარში გადასული პოლიტიკური ხელმძღვანელობა - რა საფრთხე ელის ევროპას

* * *

აშშ ომის განახლებას აანონსებს, ირანი იმუქრება, რომ კონფლიქტი რეგიონს გასცდება

“თეირანი იმუქრება, რომ თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, მაშინ “ომი ახლო აღმოსავლეთს გასცდება” და “ყველაფერს ფერფლად აქცევს”. ჯერჯერობით უცნობია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კონკრეტულად რა ტერიტორიას გულისხმობს, თუმცა განცხადებაში ისეთ ადგილებზე მიუთითებს, “რომელთა წარმოდგენაც ძნელია”. მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ირანს დრო ეწურება”, თუმცა მერე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მუქარის შესრულების ვადა ისევ გადაიწევს, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ მესამე ფაზა მალევე დაიწყოს ტრამპმა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მხარეებს გადატვირთვა სჭირდებოდათ, ეს დრო რესურსების შევსებისთვის გამოიყენეს და როგორც ჩანს მზად არიან მოქმედებების განახლებისთვის, თუმცა პროგნოზირებს, რომ იერიშები უფრო შემოდგომიდან დაიწყება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ ომის განახლებას აანონსებს, ირანი იმუქრება, რომ კონფლიქტი რეგიონს გასცდება - რა სცენარებია მოსალოდნელი.

“ირანის განცხადებით, თუ აშშ თეირანზე თავდასხმებს განაახლებს ომი ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გასცდება, - ინფორმაციას “გარდიანი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. “თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ”, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში. წინა დღით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს. “ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს”, - თქვა ტრამპმა, რომელმაც მანამდე დაწერა, რომ “ირანს დრო ეწურება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მხარეებს გადატვირთვა-შესვენება სჭირდებოდათ და ეს პერიოდი როგორც ჩანს უკვე გამოიყენეს და თავიანთი პოტენციალი გარკვეულწილად შეავსეს და უკვე მზად არიან სამხედრო კამპანიის მესამე ფაზა დაიწყონ. ერთმანეთის მიყოლებით ორი ფაზა უკვე შედგა, თუმცა მესამე ეტაპის დაწყება სავარაუდოდ ცოტა შეიძლება გაიწელოს. მესამე ფაზის პროცესები შეიძლება სექტემბრიდან დაიწყოს, ახლა მუქარების და სამხედრო ძალის დემონსტრირებაა. ამის პარალელურად მოლაპარაკებების პროცესი მიდის, მხარეები ჯერ კიდევ ათანხმებენ გარკვეულ პოზიციებს, თან ულტიმატუმის ტიპის ზემოქმედებას იყენებენ, რომ გარკვეულწილად სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც იქონიონ გავლენა. თუ მხარეებმა მოლაპარაკებები ჩაშალეს, მერე უკვე მესამე ფაზა ნამდვილად დაიწყება. ჩემი აზრით, ზაფხულში მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან თავს შეიკავებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომში ზაფხული იყო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, როდესაც აქტიური მოქმედებები იწყებოდა, თუმცა ეს სხვა სიტუაცია. უკრაინისგან განსხვავებით, სახმელეთო კომპონენტი არაა გათვალისწინებული და საჰაერო და საზღვაო ტიპის ოპერაციები ნებისმიერ კლიმატურ პირობებშია შესაძლებელი. თან ზაფხული დასვენებების პერიოდია, ტურისტული სეზონია და ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ. ტრამპი დაიმუქრა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამდა, რომელიც ჯერ კიდევ გადარჩენილია, ირანელებმა ერთ-ერთი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი გამოსცადეს და იმუქრებიან, რომ ამას გამოიყენებენ წყნარი ოკეანეთის ზონაში. მათ შორის ამერიკული სამხედრო ბაზების ზონაში და მათ შორის დიეგო-გარსიაზეა საუბარი, რომ იქაც მისწვდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მუქარის დონეზეა. თუ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ახლა შეუტიოს, საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს და ბირთვულ და ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყამს”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ირანის პასუხი ის იქნება, რომ აშშ-ს სტრატეგიულ მოკავშირეებს დაარტყამს და შეეცდება, რომ ამერიკულ ბაზებს შეუტიოს, შეიძლება ჰუსიტები გამოიყენოს და შეეცადოს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ბლოკირებას, რომელიც ჰორმუზის ანალოგიურია. ჯერჯერობით წინა ორი სამხედრო კამპანიის ანალიზის მიხედვით, ჩვენს მიმართ აგრესიული ქმედება არ ყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ მეზობელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი ობიექტის დაბომბვის ფაქტს და იმედია, რომ მესამე კამპანიის დროსაც გადავრჩებით”, - დასკვნის მაისაია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დიდია ალბათობა ტრამპმა მუქარა შეასრულოს და დრო არ გაწელოს, ირანის მხრიდან კი პასუხი არც ისე აგრესიული იქნება, რასაც იმუქრებია”, - დასძენს გამოცემა.

“ირანის მხრიდან ადგილი აქვს უფრო ძალის დემონსტრირებას, რომ თითქოს უკან დახევას არ აპირებს. ამ გზით სურს, რომ საომარი მოქმედებების მოსალოდნელი განახლება შეაკავოს. ირანს შორი რადიუსის რაკეტები აქვს, თუმცა არ მგონია, რომ ამით დიდ წარმატებას მიაღწიოს, შეიძლება რაკეტები ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით გაუშვან. არ გამოვრიცხავ აშშ-მა მუქარა მალევე შეასრულოს, ყველა შემთხვევაში, უფრო მეტი უპირატესობა აქვს. ირანი აცნობიერებს, რომ თუ ტრამპმა თეირანის შიში დააფიქსირა, შეიძლება უფრო მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი...” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“არ მგონია, რომ ჩვენ რაიმე დაგვემუქროს - საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზა არაა და მეორეს მხრივ, ირანი არაა დაინტერესებული თბილისთან ურთიერთობის გაუარესებით... თუ ირანმა უკან არ დაიხია დიდი ალბათობაა, რომ ტრამპმა მუქარა შეასრულოს. ვფიქრობ, აშშ უკეთესად მოემზადებოდა, ტრამპს სურს, რომ ძლიერი ლიდერის იმიჯი მოირგოს. საუბარი იყო აშშ-ს მხრიდან კამპანიისთვის დამატებით 200 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და გარკვეული სამზადისი არის, მათ შორის ამერიკული სამხედრო გემები, ავიამზიდები სპარსეთის ყურეში იმყოფებიან, რაც გვაძლევს იმის საფუძველს ვთქვათ, რომ აშშ-მა დარტყმები კვლავ განახორციელოს”, - თვლის ჩიტაძე.

“ოპოზიციური ალიანსის” მზადება 26 მაისის აქციისთვის - მოსალოდნელი სცენარები და მხარეთა შეფასებები

“26 მაისის აქციის მოახლოებასთან ერთად, “ოპოზიციური ალიანსი” “ეროვნული მობილიზაციის” კამპანიას ააქტიურებს. პარტიები მხარდამჭერებთან შეხვედრებსა და “კარდაკარს” მართავენ, განსაკუთრებით დედაქალაქში, მის გარეუბნებსა და რამდენიმე დიდ ქალაქში. “ქართული ოცნება” ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ალიანსს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. არსებული ინფორმაციით, 18 მაისს “ოპოზიციური ალიანსის” შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობა” არ დასწრებია. ენმ-ში ამას ადასტურებენ, თუმცა, დასძენენ, რომ “მუდმივ სამუშაო პროცესში არიან ჩართულები”. ამასთან მიუთითებენ 26 მაისის აქციაზე ორ მთავარ მოთხოვნის წამოჭრაზე - რაც ეხება “პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ხალხმრავალ აქციას ელოდება და გეგმაც ოპოზიციისგან აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთჯერადი აქცია გამოვა, უბრალოდ შეკრება და დაშლა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ აქციაზე მაქსიმუმ 5 ათასი კაცი მივიდეს, ოპოზიციის მხრიდან კი მხოლოდ ულტიმატუმები გაჟღერდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ მიდის “ოპოზიციური ალიანსის” მზადება 26 მაისის აქციისთვის - მოსალოდნელი სცენარები და მხარეთა შეფასებები.

“კარდაკარის ფარგლებში აქტიურობა შეინიშნება, მოსახლეობასთან შეხვედრები და გასაუბრებებია, რამდენიმეს დავესწარი კიდეც. იქ საუბარია, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, რას ითხოვენ ოპოზიციისგან და რა უნდა გაკეთდეს. ბევრი მოქალაქე მზადყოფნას გამოხატავს, რომ 26 მაისს აქციაზე იყოს და მგონია, რომ ბევრი ხალხი იქნება, ოღონდ ვითარების დაძაბვას არ ველოდები. “ოცნებას” ბევრი ხალხის გამოსვლის ეშინია და ამიტომაც ცდილობენ, რომ პროცესი ყველანაირად დააკნინონ. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი რეგიონებიდანაც ჩამოვა, ოპოზიციონერები იქაც ხვდებიან ამომრჩევლებს, თუმცა, უფრო თბილისზეა აქცენტი. ხალხი ოპოზიციისგან უფრო ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებას ითხოვს და უფრო ამაზე იყო საუბარი... მე რაც ვნახე, ხალხის ძირითადი ნაწილი თანახმაა შეუერთდეს აქციას. ვფიქრობ, 26-ში აქციაზე ოპოზიცია თავის გეგმას წარადგენს - გეგმა აუცილებლად უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთჯერადი აქცია იქნება - უბრალოდ შეკრება და დაშლა. კი, კარგია დემონსტრირება, რომ ბევრი ადამიანი “ოცნების” მმართველობას არ ეგუება და ვერც შეეგუება, მაგრამ გეგმა აუცილებელია. მათ შორის მოთხოვნები პირველ რიგში იქნება ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანის შეთავაზება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ესენი ისეთი ავანტიურისტები არიან, იქ რომ 20 კაციც მივიდეს, მაინც ულტიმატუმებით ისაუბრებენ, მაგრამ ილაპარაკონ და იყვნენ - ეს იქნება საუბარი საუბრისთვის. ამით ერთმანეთს გულს გაუმაგრებენ და მის პატრონებს ეტყვიან, რომ ჩვენ ვარსებობთო, რათა იქიდან ფული მიიღონ. დანარჩენი რა, ახლა ოპოზიციის შანსები ნულს ქვემოთაა. ამ ტიპის ულტიმატუმები იქნება - კიდევ იტყვიან, რომ ჩაატარეთ ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კომისიები ისე შეცვალეთ, როგორც ჩვენ გვინდა, ჩამოიყვანეთ უცხოელი დამკვირვებლები და რომ საქართველოსი არჩევნების გაყალბების ბედი უცხოელმა მოსამართლეებმა გადაწყვიტონო და ა.შ. სიტუაციის არავითარ დაძაბვას არ ველოდები, რა უნდა დაძაბონ, რა უნდა გააკეთონ? ეს სახელმწიფოა და ამათი ყოველგვარი გადაცდომა მკაცრად იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში. ხალხს რაც შეეხება, მაქსიმუმ 5 ათასი კაცი გამოვიდეს. ეს შეიძლება იყოს მაგათი ჭერი და ეს იქნება ერთჯერადი - აქცია აქციისთვის”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს 26 მაისს 19:00 საათზე ელოდება. “26 მაისს უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ბევრი იმისთვის, რომ ასეთი უსამართლობები არ ხდებოდეს... ლევანის(ხაბეიშვილის) საქმეში რომ მტკიცებულება არ არის, ეს საქვეყნოდ ყველამ იცის. ჩვენს საქმეებშიც რა არის - ტელევიზიით ვსაუბრობ, ჩემს მოსაზრებაზე, რა უნდა გაკეთდეს და ამის გამო ციხეში უნდათ, რომ ხალხი ჩასვან. ეს არის უსამართლობა. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ეს უსამართლობა დამარცხდება მაშინ, როცა ერთ მუშტად შეიკვრება ქართველი ერი. 26 მაისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტიდან მსვლელობა იქნება რუსთაველისკენ, გელოდებით ყველას”,- აცხადებს ვაშაძე. “ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ მისი პარტია “ოპოზიციის ალიანსთან” ერთად ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში, რაც ეხება "პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას”. მისი განმარტებით 18 მაისს “ოპოზიციის ალიანსის” შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის”. წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა მუდმივ სამუშაო პროცესში არიან ჩართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციურ ალიანსს ენმ-ს მხარდაჭერა უდევს საფუძვლად. “ოპოზიციურ ალიანსს საფუძვლად უდევს “ნაცმოძრაობის” ელექტორატი, რაც კიდევ საქართველოში შემორჩენილია, დაახლოებით 20 პროცენტი. დანარჩენი ალიანსი “ნაცების” გარეშე რას წარმოადგენს? - არაფერს. გვარამიამ რა ხმა უნდა მიიღოს? გიჟი ცოლ-ქმარი რომ დარბის, რა გვარია, ჩერგო და მისი ქმარი, რა უნდა ქნან, ვის ატყუებენ? - ბელადი გაანაწყენეს. ეტყობა, ბელადი ამათ გაებუტა. ქართული საზოგადოებისთვის “რვიანები”, “ცხრიანები” და თხუთმეტიანები ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება 26 მაისს, ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვთ. წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ. კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მათი ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოიტყუონ...” - განაცხადა ზარქუამ. უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ “ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს”, - დასძენს გამოცემა.

განგაში ნატოს ტერიტორიაზე და თავშესაფარში გადასული პოლიტიკური ხელმძღვანელობა - რა საფრთხე ელის ევროპას

“ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა. დრონის საფრთხის ფონზე ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. მოგვიანებით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გაუქმდა, ხოლო დრონის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ასევე, საჰაერო განგაშის დროს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის წევრები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით განგაში ნატოს ტერიტორიაზე და თავშესაფარში გადასული პოლიტიკური ხელმძღვანელობა - რა საფრთხე ელის ევროპას.

“დასავლელი და ბალტიისპირეთის ანალიტიკოსების შეფასებით, ლიეტუვაში დრონის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში უფრო ფართო რეგიონული დაძაბულობის ნაწილია, ვიდრე უშუალოდ დიდი ომის დაწყების ნიშანი. ანალიტიკოსები ძირითადად ოთხ ვერსიაზე საუბრობენ: ყველაზე გავრცელებული შეფასებაა, რომ დრონი შესაძლოა უკრაინულ-რუსული ომის ზონიდან იყოს, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. ბოლო კვირებში მსგავსი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ესტონეთში, ლატვიასა და ფინეთში. უსაფრთხოების ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ მოსკოვი შეიძლება მიზანმიმართულად ამოწმებდეს ნატოს რეაგირების სისწრაფეს - რამდენად სწრაფად ჩაირთვება საჰაერო თავდაცვა, განგაშის სისტემა და ალიანსის ავიაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლიეტუველი პოლიტიკოსები და სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ „ჰიბრიდულ პროვოკაციებზეც" - ანუ ისეთ ინციდენტებზე, რომლებიც მოსახლეობაში შიშისა და პოლიტიკური წნეხის შექმნას ემსახურება, პირდაპირი სამხედრო შეტევის გარეშე. ზოგი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბალტიის ქვეყნების ანტიდრონული სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის. თავად ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა “სათანადოდ არ მუშაობს” და გაძლიერება სჭირდება. ამავე დროს, ნატო-სა და დასავლელ ანალიტიკოსებში დომინირებს აზრი, რომ რუსეთს ახლა ნატო-სთან პირდაპირი ფართომასშტაბიანი ომი არ აწყობს. მათი შეფასებით, უფრო რეალურია მცირე საჰაერო ინციდენტები, დრონების გადახრა, ჰიბრიდული ომი და საზღვრისპირა პროვოკაციები, რომლებიც რეგიონში ნერვიულობას ზრდის”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა