გრიგოლ გეგელია - „ასეთი ევროპა არ გვსურს” - არ არის არც კობახიძის და არც პაპუაშვილის პოლიტიკური რიტორიკა - ეს არის კრემლში დაწერილი, არის სურკოვისეული ხაზი!

მე მინდა, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმოდეს - “ასეთი ევროპა არ გვსურს” - ეს არ არის არც კობახიძის და არც პაპუაშვილის პოლიტიკური რიტორიკა. ეს არის კრემლში დაწერილი, ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში - როცა ასეთ ევროკავშირს გამადლის გერმანიის ელჩი, გამართლებას ვერ დაექვემდებარება“.

გეგელიას თქმით, “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელმაც თავის დროზე ადამიანების კრიტიკულ მასაზე იმუშავა, ახლა აღარ მუშაობს.

ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც, ვფიქრობ, რომ ადეკვატურობის პრობლემა აქვს და ის, რომ ევროპული კავშირის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს ესხმის თავს და ამბობს, რომ ასეთ ქვეყანათა ლიგაში არაფერი არ გვინდა, ეს არის ყველაზე კარგი დასტური პოლიტიკური შიზოფრენიისა, რაც ახასიათებს ბატონ კობახიძეს. ის არის ჩამორჩენილი, მაჩანჩალა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო გახდეს კიდევ უფრო ჩამორჩენილი. ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მოხუცებს შიათ, სადაც ბავშვებს წამლებს არ აძლევს სახელმწიფო და ამავე დროს, თავს ესხმის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ, მდიდარ, განვითარებულ და კარგად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას ევროკავშირში.

როგორ შეიძლება, რომ ნორმალურ ადამიანს ჰქონდეს რამე სხვა აზრი გარდა იმისა, რომ კობახიძე არის მისახედი. პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა იყოს, სამკურნალოა ეს კაცი, უჭირს ამ ადამიანს და უნდა დავეხმაროთ.

მე მინდა, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმოდეს - “ასეთი ევროპა არ გვსურს” - ეს არ არის არც კობახიძის და არც პაპუაშვილის პოლიტიკური რიტორიკა. ეს არის კრემლში დაწერილი, ამას არ ვამბობ პოლიტიკურ შეფასებად, ეს არის ფაქტი და ეს არის სურკოვისეული ხაზი, რომელიც ერთის მხრივ, ვითომ სუვერენობის დაცვის საბაბით ადამიანებს ატყუებს და ეუბნება, თითქოს ევროკავშირი სუვერენობას ებრძვის და მეორე არის ორბანის ენა, რომელმაც ძალიან მწარე მარცხი იწვნია სულ ცოტა ხნის წინ. ორბანი ამბობდა, მე უკეთესი ევროპელი ვარო, არ მინდა ასეთი ევროპა და ძირძველი ევროპა მინდაო, თუმცა რას ნიშნავს ძირძველი ევროპა, წარმოდგენა არ აქვთ.

მე აღარ მგონია, რომ ეს პროპაგანდა მუშაობს. იმუშავა ძალიან ბევრ ხალხზე, ადამიანების კრიტიკულ რაოდენობაზე, რაც მათ [“ქართულ ოცნებას”] სჭირდებათ გამარჯვების მისაღწევად, თუმცა ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს იმიტომ, რომ “ქოცური” პროპაგანდის დრო დამთავრდა. დამთავრდა უნგრეთი, დამთავრდა ასადი და მთელს მსოფლიოში თუ შევხედავთ, რა ხდება, დავინახავთ, რომ ზუსტად ასეთი რეჟიმები სრულდება წელს”, - განაცხადა გეგელიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიმართ გაჟღერებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ყველა ჯერზე, როდესაც ევროკავშირისგან რაიმე შანსი გაიხსნა, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ანგრევდა ამ შანსებს. გეგელიას შეფასებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკა არა პრაგმატული, არამედ რუსული პოლიტიკაა.

“გერმანიის ელჩს, ბატონ ფიშერსა და გერმანიის სახელმწიფოს აქვს პროაქტიულად გამოხატული პოზიცია. მე არ ვამბობ, რომ სხვებს არ აქვთ, მაგრამ გერმანიას მკაფიოდ გამოხატული პოზიცია აქვს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული რაღაცების მიღწევას მოითხოვს. გერმანია არის ის სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

გერმანია თუ არ დაგვიჭერს მხარს, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემაც და პაპუაშვილმაც და მათი მთავარი სამიზნე არის პეტერ ფიშერი.

ზოგადად, ევროკავშირი თავისი განცხადებებით ძალიან სამართლიანია და, მე ვიტყოდი, ზედმეტად ლიბერალურიც კი “ქოცებთან” მიმართებით იმიტომ, რომ მათ [ევროკავშირის წევრ ქვეყნებს] ახსოვთ ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, არ უნდათ ჩვენი მიტოვება და არ უნდათ, რომ ხალხს ჰქონდეს ის განწყობა, თითქოს ევროკავშირი არ არის განგრძობითად ამ ხალხის მხარეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველო უახლოვდებოდა ევროპულ კავშირს, ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც შანსი იხსნებოდა, “ქოცი” მიზანმიმართულად ანგრევდა ამ შანსებს. როდესაც პირველად უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ზუსტად ათი დღით ადრე გადაწყვიტეს დაეჭირათ ერთ-ერთი მედია ლიდერი, ნიკა გვარამია. მისი დაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ორ კვირაშიც შეეძლოთ, სადმე გარბოდა? მაგრამ არა, შეგნებულად დაიჭირეს ათი დღით ადრე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. მერე დაუწყეს ევროკავშირს ლანძღვა და გინება, როგორ არ მოგვცეს სტატუსიო და დაიწყეს რუსული ხაზის გამოყენება იმიტომ, რომ კობახიძე არის რუსი, ამას არავითარი სხვა ახსნა არ გააჩნია. არავითარი პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის რუსული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა არის ის, როდესაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა მხარესთან ცდილობ, აწარმოო პოზიციონირება და რასაც კობახიძე აკეთებს, ეს არის კაპიტულაცია, დანებება და საქართველოს ინტერესების გაყიდვა.”, - განაცხადა გეგელიამ.

მან ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზება სრულიად შესაძლებელია, თუმცა მთავარი არის ის, რის ფასად მოხდება ეს სტაბილიზება.

“შეხვედრები გახშირებულია ცალსახად. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში უკვე სამი შეხვედრა გვახსოვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობები ინტენსიური გახდა. მეც დავესწარი ასეთ შეხვედრებს და ჩემი კოლეგებიც.

“ქართული ოცნებისგან” ორი ტიპის მითებს ვისმენდით. ერთი იყო, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი შეიცვლებაო, თითქოს ტრამპი ქოცი ყოფილიყო. ეს მითი დაემხოთ იმიტომ, რომ არაფერი შეიცვალა “ქოცების” სასიკეთოდ.

მეორე მითი რაც იყო, თითქოს ტრამპი იყო იზოლაციონისტი და არ ჩაერთვებაო. ეს მითიც დაემხოთ, რადგან ტრამპი ჩაერთო ერთგან, ორგან, სამგან… საერთოდ სამხრეთ კავკასიაში ჩაერთო. არცერთი ამერიკელი პრეზიდენტი არ ჩართულა ამ მასშტაბით ჩვენს რეგიონში. აღმოჩნდა, რომ “ქოცი” ყოფილა სულელი და ტაკი-მასხარა, პირდაპირ შევაფასებ. ორივე მითი აღმოჩნდა სისულელე.

მესამე რამ, რაც ახლა მათ [“ქართულ ოცნებას”] აქვთ, მაგრამ ვეღარ ამბობენ, არის ის, რომ ტრამპი ღირებულებითად არის “ქოცი” და ვითომ ამათთან მოხდება სტაბილიზაცია, მაგრამ ამერიკამ ხუთჯერ უპასუხა განცხადებით, რომ თუ მოხდება ურთიერთობის ნორმალიზება, ეს იქნება შესაბამის ადეკვატურ ფასად.

ურთიერთობების სტაბილიზაცია შეიძლება მოხდეს და მე მინდა კიდეც, რომ მოხდეს, თუმცა მთავარი არის, რის ფასად მოხდება და რის ფასად არ მოხდება, რა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს “ოცნების” რეჟიმს იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების სტაბილიზაცია.

ძალიან კონკრეტული რაღაცები არსებობს, რაც უნდა გააკეთოს ამ რეჟიმმა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სტაბილიზაცია და შემდეგ დიალოგი არჩევნებთან დაკავშირებით.

“ლელო” იყო ძალიან სწორი, როდესაც გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უნდა მოხდეს კონკრეტული კანონების გაწვევა და ამ შემთხვევაში შესაძლებელია დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რა პირობებში ჩატარდება შემდეგი არჩევნები - ეს არის პოლიტიკური გზა და არა მავანთა ისტერიკული გზა, რაც ჩვენ იმ დღესაც ვნახეთ ზოგიერთ კოლეგის კრიტიკაში”, - განაცხადა გეგელიამ.

პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რაზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.გეგელიას თქმით, ეს არ იქნება ვერდიქტი, არამედ იქნება ბიძინა ივანიშვილის “ოთახში დაწერილი გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლეს “ვოთსაპში” გაუგზავნიან”.

“საქართველოში არ გვაქვს სასამართლო, ამიტომ არანაირ ვერდიქტს არ მოვისმენთ, არანაირი განაჩენი არ იქნება. ეს იქნება ბიძინას ოთახში ან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს რომელიღაც საკუჭნაოში დაწერილი და მერე ე.წ. მოსამართლისთვის “ვოთსაპში” გაგზავნილი ორხაზიანი მესიჯი. სამწუხაროდ, ვერ მოვესწარით იმას, რომ სასამართლო გვქონდეს ვერც სააკაშვილის დროს, რომელმაც შექმნა ეს კლანი და ვერც ივანიშვილის დროს, რომელმაც გამოიყენა და გააძლიერა ეს კლანი.

ამიტომაც, საჭიროა, რომ ჩვენ გვყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კლანისგან გაწმენდს და რომლის პირობებშიც არ იქნება ეჭვი, ვინ რატომა რის პოტენციურ პატიმრობაში”, - განაცხადა გეგელიამ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა