კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - პრეზენტაცია გაიმართა

20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პანორამულ სივრცეში მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრები და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის იყვნენ „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ასევე, აკადემიური წრეების, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ადმინისტრაცია და პროფესურა.

პრეზენტაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას პროექტი CIU-ს ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ წარუდგინა. დოკუმენტური ფილმების ციკლის იდეის ინსპირაციასა და შემოქმედებით ასპექტებზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ პროექტის ვიდეოანოტაცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბონის შემოღებისადმი მიძღვნილი სერია იხილა.

ვიდეოპრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ მიმართეს. დამსწრე საზოგადოებას შთაბეჭდილებები გაუზიარეს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ, რომლებიც 1993-1995 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული ვალუტის შემოღების პროცესში.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არის პირველი მცდელობა, ქრონოლოგიურად იყოს აღწერილი ქართული ფულის განვითარება, თავგადასავლები, ბევრი საინტერესო ისტორია, რაც დაკავშირებულია ქართულ ფულთან. სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ და მის მულტიმედია ცენტრს ლარის შესახებ გამორჩეული ფილმის შექმნისთვის.

„ჩვენ, ევროვნული ბანკი, მხარს ვუჭერთ ქართულ ლართან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას, იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ვიზეიმეთ ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილე. ქართული ლარის მიმართ ნდობა მუდმივად იზრდება. მადლობა, რომ ამ მოკლე ფილმების სერიითაც აღვნიშნეთ ეს მოვლენა, რასაც ჰქვია ქართული ლარი”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა CIU-ს ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემაც.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, თავისი დაარსების დღიდან ცნობილია იმით, რომ ეწევა „მესამე მისიის” განხორციელებას. ეს, განათლების სექტორში, განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად არის კულტურული ღირებულებების პროპაგანდა. დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია. გამოვეხმაურეთ ლარის 30 წელს, ჩვენი ეროვნული ვალუტის ისტორიას. ფილმი: „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი” საილუსტრაციოა, ვიხილეთ, თუ როგორ განვითარდა ფულის ისტორია საქართველოში, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე”,- აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ციკლი საქართველოში ეროვნული ვალუტის (ლარი) შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე განხორციელებული მედიაპროექტი აუდიტორიას დაწვრილებით მოუთხრობს ქართული ფულის ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ - ანტიკური ეპოქიდან დღემდე, კოლხური თეთრიდან ლარამდე.

სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლი 30 ნაწილისგან შედგება. თითოეულის ქრონომეტრაჟი 5-დან 15 წუთამდე მერყეობს. ყოველი ნაწილი შინაარსობრივი და აუდიოვიზუალური მახასიათებლებით დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს.

მედიაპროექტი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ქართული ფულის ემისიისა და უცხოური ფულის მიმოქცევის, მეფე-მთავართა ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ქართული ნუმიზმატიკის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარების, საქართველოში საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.

„ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, საბანკო-საფინანსო განვითარებისა და ეროვნული ვალუტის ტრანსფორმაციის შესახებ არსებულ სანდო, დოკუმენტურად დამოწმებულ მასალათა სისტემატიზაციისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის ერთ-ერთი პირველი, მასშტაბური მცდელობაა. მედიაპროექტზე მუშაობისას დამუშავდა 30-მდე სამეცნიერო წყარო და პერიოდული გამოცემა. ფილმებში გამოყენებულია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული საარქივო მასალები, არტეფაქტები და ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა.

„ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ სრულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განხორციელდა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა