PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი - საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი აცხადებს.

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული ჩამოშლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ“ და გაფრთხილებთ აღნიშნავს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზეწოლა შეუჩერებლად გრძელდება“.

მონიტორინგის კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული“ და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის უწყვეტი ჩამოშლა, „სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები“.

კომიტეტი აცხადებს, რომ „ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელსაც უფლებები და ვალდებულებები თან ახლავს“ და ამ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები „არ შეიძლება ეჭვის ქვეშ მოექცეს ან მოლაპარაკების საგანი გახდეს“.

კომიტეტი „მიუღებლად“ აფასებს ინიციატივას, რომელიც „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით“ ითვალისწინებს.

მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, „აღნიშნული ქმედების გაგრძელება, საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე