სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა - რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, რომელმაც ეკლესიის მართვა იცის.
„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ეკლესიის მართვაც ვიცით. ჩვენ რაც გვეხება, ის მოგვთხოვეთ. ძალიან ხშირად ისეთ რამეს გვთხოვთ ხოლმე, რაც თქვენი საქმე არ არის. უშუალო საქმეს ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენშიც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტვინოთ. ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს. ვინმესთვის ცუდი გვსურს? არავისთვის“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პატრიარქად შიო მესამის გამორჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკოსი სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული.
„ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. ნახეთ, რომ განსხვავებული აზრები იყო. რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აზრები განსხვავებული იყო, მაგრამ რა მოხდა- ყველამ ვაღიარეთ ღვთის ნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო, რადგან სულიწმიდით იყო მოწოდებული და ჩვენი უწმინდესიც სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული. ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა იმას მისცა ხმა, ზოგმა იმას, მაგრამ საბოლოოდ, დღეს აბსოლუტურად ყველა ვაღიარებთ, რომ ის არის ჭეშმარიტი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. თუ გადახედავთ ტელევიზიებს, თავი მორწმუნეები რომ ჰგონიათ, შეხედეთ ჩვენთან როგორი სიტუაცია იყო და რა ღირსეულად გამოვიდა ეკლესია. მინდა ცოტა სხვა თვალით შეგახედოთ ამას, რადგან დავდგებით ხოლმე და ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ვეპოტინებით, რაც ჩვენი საქმე არ არის. არ ვიცით რაღაც, არ გვესმის, სულიერი წვდომა არ გვაქვს. ცხოვრებისეული სიბრძნე სხვა არის და ღვთაებრივი სიბრძნე აბსოლუტურად სხვა. თავიდან წავიდა დებულების კრიტიკა, რატომ არის მაგალითად 70 წელი ჩაწერილი, რაც "ჩამკეტი" იყო რეალურად. რატომ არის,რომ უმაღლესი განათლება მოეთხოვება? ნუთუ შეიძლება ეპისკოპოსები გაუნათლებლები იყვნენ? აქ მთავარი რა იყო-საბოლოოდ, როცა არჩევნები ჩატარდა, ჩვენ ყველა ღვთის ნების ძიებაში ვიყავით, აბსოლუტურად ყველა. ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნებაო. მით უმეტეს, ჩვენ ისეთი პატრიარქი გვყავდა, არ იკადრებდა იმას, რაც სულიწმიდის გადასაწყვეტი იყო, თვითონ ეთქვა, ასე მოიქეცით და ისე უნდა იყოსო. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვინ უნდოდა ღმერთს. 15 ადამიანს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. 15-დან 9-მ საბოლოოდ უარი თქვა. 6 იყო, ჩატარდა ტური და 3 ადამიანი გამოვიდა. საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ მთავარია ღვთის ნება გავიგეთ. ღვთის ნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, ამაზე დიდი არაფერი არის, თორემ ის, რომ ვიღაცას ვიღაც უფრო მეტად უყვარს,ეს არაფერი არის ღვთის წინაშე . ეს ისეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მისი ტვირთვა. ყველა აბსოლუტურად ღირსეული იყო, ჩემ გარდა, 38 ყველა ღირსეული იყო. თქვენ გგონიათ იმიტომ იყო საუბრები, რომ ვიღაცას მაინც და მაინც პატრიარქობა უნდოდა? ყველას უნდოდა რაღაცაზე უარი ისე არ ეთქვა და ღვთის ნების წინააღმდეგ არ წასულიყო. რატომ არის შეზღუდვა 70 წელზე? რატომ არის, რომ დიპლომი სჭირდება? ყველა ამის განკითხვაში ვიყავით, ვისაც სიმპათიები გვქონდა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ღირსეულები არიან. ძალიან მიყვარს ის მეუფეები. რაც მოხდა, მის მერე უფრო შევიყვარე“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატებმა საბოლოდ გამოცდა ჩააბარეს.
„ჩვენთან იყო [კრიტერიუმი] 70 წელი და დიპლომი, მაგრამ დავიწყეთ: „რატომ, ის ხომ ღირსეულია? ისიც ხომ ღირსეულია, ვისაც დიპლომი არ აქვს, მაინც და მაინც ქაღალდია საჭირო?” შეხედეთ, თუ იქ ადამმა და ევამ გამოცდა ვერ ჩააბარა, ჩვენს სინოდში იმ ადამიანებმა გამოცდა ჩააბარეს. დავიჯერეთ, რომ ღვთის განგებით იყო. შეხედეთ, ღვთის ხელში ხართ მოხვედრილი. ღვთაებრივმა სიბრძნემ გაიმარჯვა და არა ადამიანების [განცხადებამ], რომ ის ძლიერია და ის ძლიერია. ღმერთის გარდა, ძლიერი არავინ არის. იმიტომ არიან ჩვენი მეუფეები ძლიერები, რომ ეს ყველამ დაინახა. როდესაც უწმინდესი შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატები იყვნენ ან მოიაზრებოდნენ, ყველამ სიხარულით გადასცა. ძმები ვართ ჩვენ, მით უმეტეს ერთი ადამიანის ნაკურთხები ვიყავით. ქრისტე სხვას არაფერს გვასწავლის. ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად, ძალაუფლების განყოფად მოიაზრებენ. მერწმუნეთ, ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს იმიტომ, რომ ქრისტეს გზას მივყვებით. მიწიერი დიდება ჩვენთან, უმრავლესობაში არაფერი არის. ჩვენმა ეკლესიამ ხალხთან ერთად ჩააბარა გამოცდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.