რატი იონათამიშვილი - ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით, საქართველოსგან თავის გაწირვას ითხოვს

ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით საქართველოსგან თავის გაწირვას ითხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა.

„ვიცით, რომ მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა ყველაზე ახლოს იყო, ომის გაგრძელების მთავარი კატალიზატორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ახლა თვითონ ბრიტანეთი ამსუბუქებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მათივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ისინი აქეზებენ რუსეთის უკრაინაში თავდასხმას. აქამდე მივიდა ბრიტანული მმართველობა დღეს და ეს თუ ვინმეს მოსწონს, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ პოზიციაში ჩააყენებს საკუთარ თავს. მეორე მხრივ, როდესაც ბრიტანეთი ერთი ხელით, ფაქტობრივად, რუსეთს ეხმარება და მეორე ხელით ითხოვს საქართველოსგან თავის გაწირვას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ, ჩვენს ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო ეროვნული ხელისუფლება, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ არც უკრაინის, არც უკრაინელი ხალხის ბედი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსულ ნედლ ნავთობთან დაკავშირებული სანქციები შეამსუბუქა. კერძოდ, ქვეყანაში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული საავიაციო საწვავის და დიზელის იმპორტი დაუშვა, თუ ისინი მესამე ქვეყნებში იქნება გადამუშავებული.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით კი, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციები ძალაში რჩება და ახალი, უფრო მკაცრი ზომები მხოლოდ ეტაპობრივ გამონაკლისებს მოიცავს.

სტარმერის მტკიცებით, საქმე საერთოდ არ ეხება არსებული სანქციების შემსუბუქებას.

„რაც გუშინ გამოვაცხადეთ, არის ახალი, მკაცრი სანქციების პაკეტი. ის მოიცავს ახალ აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო მომსახურებებზე და ასევე ახალ შეზღუდვებს რუსეთიდან შემოსულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. ამასთანავე, გამოვეცით ორი მიზნობრივი მოკლევადიანი ლიცენზია, რათა ახალი სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდეს და ბრიტანელი მომხმარებლები დავიცვათ. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არის ახალი სანქციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება. აქ არანაირად არ დგას არსებული სანქციების მოხსნის საკითხი, და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას სანქციების დამატებით პაკეტებზე“, - აღნიშნა სტარმერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე