მივესალმებით, თუკი კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად ატვირთავენ - აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქსელებს შორის კონკურენციას, - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პლატფორმის შექმნის შედეგად, მომხმარებელი საუკეთესო ფასებთან დაკავშირებით, უფრო ინფორმირებული იქნება.
„ფასების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო მოკლევადიან პერიოდში, ბაზარზე, ბერძნული ან ფრანგული მსუბუქი ინტერვენცია განგვეხორციელებინა. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციის ფარგლებში, ქსელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეექმნათ საოჯახო კალათა, რომელშიც 15 საბაზისო პროდუქტი შევიდა და თავიანთ ქსელებში საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს. აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენ ძალიან მივესალმებით, თუკი კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც აღნიშნული ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად ატვირთავენ. ეს იმიტომ არის კარგი, რომ პირველ რიგში, მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იქნება საუკეთესო ფასებთან დაკავშირებით. ასევე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა. აღნიშნული პლატფორმა, ასევე, ხელს შეუწყობს ქსელებს შორის კონკურენციას. კონკურენცია არის საუკეთესო მექანიზმი, როდესაც მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის თავისუფლებას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, რაც არის და ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს. აღნიშნული პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ეს იქნება არა ერთჯერადი პროცესი, არამედ მუდმივი. ეს არის ჩვენი სტრატეგიის მოკლევადიანი შედეგის მიმართულება. ამის გარდა, როგორც იცით, კომისიის ფარგლებში, ჩვენ გავეცით საშუალოვადიანი რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა სექტორის რეფორმას და ასევე, მიწოდების ჯაჭვის გამოკლებს. ასევე, აქცენტები გავაკეთეთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე. დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს შესრულდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და მივაღწევთ იმას, რომ სექტორი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტური, დამატებითი ხარჯები შემცირდება და ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო შედეგს მიიღებს," - განაცხადა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის. სააგენტოს ცნობით, პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება.