ასეა თუ ისე, რაციონალურთან ახლოს მყოფი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილს არ მოუწევს 5 და 6 წელი ციხეში ჯდომა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კონდახიშვილის თქმით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს, რადგან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ხაბეიშვილს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
„მინდა ლევანს მივულოცო, ვინაიდან, იმ სასჯელთან შედარებით, რაც მას უნდა მიეღო, ფაქტობრივად, იმის ნახევარია.
არაერთხელ აღვნიშნე და ყველა ჩემს საჯარო გამოსვლაში ვამბობდი, რომ შეუძლია პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლები დაკვალიფიცირებულიყო სამოხელეო დანაშაულად და ქრთამის მიცემად. ეს თავდაყირა დააყენებდა საერთოდ ამ მუხლის განმარტებას.
ალბათ იმსჯელეს და მიიღეს ე.წ. რაციონალური გადაწყვეტილება, რომ უკანონო პატიმრობა რომ არ გამოსულიყო, გადააკვალიფიცირა მუხლი, თუმცაღა 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს. საბოტაჟი ნიშნავს, რომ პირმა მისი ქმედებით განზრახ დაასუსტა სახელმწიფო და მისი ქმედება მიმართული იყო რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ან დაწესებულების დასუსტებისკენ.
სასამართლომ რაში გაიზიარა აღნიშნული პოზიცია, არ ვიცი, დღეს მოსამართლეს განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია, უბრალოდ გამოაცხადა განაჩენი და გავიდა სხდომის დარბაზიდან.
ასეა თუ ისე, რაციონალურთან ახლოს მყოფი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ლევანს არ მოუწევს 5 და 6 წელი ციხეში ჯდომა.
რაც შეეხება მეორე მუხლის კვალიფიკაციას, ლევანს ჩაუთვალეს ამბოხის მოწოდებად ის, როდესაც ყველა განცხადებაში საუბარი იყო ხელისუფლების მშვიდობიან და კონსტიტუციურ ცვლილებაზე და კონკრეტული მაგალითები მოჰყავდა.
სავარაუდოდ, მოსამართლე დასაბუთებაში დაწერს, რომ ლევანი ამბობდა ერთს და გულისხმობდა მეორეს, თუმცაღა ესეც სასაცილოა, როგორ შეიძლება გონივრული ეჭვის სტანდარტზე ვსაუბრობდეთ, ორ წელს უსჯიდე ადამიანს და მის ვარაუდებზე იყოს საუბარი.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ ლევანს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია”, - განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლის მეორე ნაწილი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა.