ბაჩო ახალაია - ვცხოვრობთ ილუზიაში, თითქოს პოლიტიკური ოპოზიცია გვყავს, დიქტატურაში ეს ოქსიმორონია! როგორც „ცხელი თოვლი“, იგივეა ივანიშვილი და ოპოზიცია - როცა ამათ დავამხობთ, სასამართლო რეფორმა არ იქნება, არსებული სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ

ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიაში, თითქოს პოლიტიკური ოპოზიცია გვყავს - დიქტატურაში ეს ნონსენსი და ოქსიმორონია! – ასევე, როცა ამათ დავამხობთ, არანაირი სასამართლო რეფორმა არ მოხდება - ესენი იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს! ჩვენ ივანიშვილის გასასამართლებლად ახალი მოსამართლეების გაზრდას ვერ დაველოდებით, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

ახალაიამ სასამართლო პროცესზე დღეს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის დასამხობი“ და თქვა ისიც, რომ „ამ ხელისუფლების დამხობისთვის ის ყველაფერს გააკეთებს“.

ახალაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ გასამართლდება, „ამიტომ ის ამ მდგომარეობას შეაკვდება და იქნება ბოლო წუთამდე, სადამდეც შეუძლია“.

„ჩემი საუბრის მთავარი მოტივი არ არის ის, რომ რამეში სასამართლო დავარწმუნო, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუძლებელია.

თავისთავად თვითონ პროცესი ლოგიკას მოკლებულია - ჯერ მტკიცებულებების დასაშვებობა-არდასაშვებობას განვიხილავთ და შემდეგ ვიწყებთ, ეს საქმე საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს. ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ვითარებაში ვიმყოფებით წლების განმავლობაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფორმალური თვალსაზრისით რომელიღაც კანონში რაღაც მუხლი რომ წერია, ეს აბსოლუტურად არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობა ასე უხეშად გამოიყენონ და ადამიანი კრიმინალად გამოაცხადონ.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს მუხლი, ამ რედაქციით პირველად ისტორიაში 1989 წლის 11-12 აპრილს გაჩნდა. მანამდე არსებობდა მხოლოდ ანტისაბჭოთა პროპაგანდის და ანტისაბჭოთა აგიტაციის შესახებ მუხლი, ხოლო ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობის მუხლი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაჩნდა. სამწუხაროდ, შემდეგ, წლების განმავლობაში, ვინც ქართულ კანონმდებლობას ქმნიდა, სხვა სულისკვეთების ხალხი იყო, ეს მუხლი კანონში რჩებოდა და დღემდე მოაღწია.

როგორც მახსოვს, არავინ საქართველოს ისტორიაში არ არის გასამართლებული იმ სიტყვისთვის, რომელიც მან თავისსავე სასამართლო პროცესზე წარმოთქვა. ეს პირველი შემთხვევა იქნება!“,- განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში მოსამართლეებს აქვთ კომფორტი იმისთვის, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის მიუსაჯონ, „რადგან ეს კანონში წერია“.

„დღეს ჩვენ ისეთ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც თითქოს მოსამართლეებს აქვთ კომფორტი იმისათვის რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის მიუსაჯონ, რადგან ეს კანონში წერია. გასაგებია, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანის ფიზიკურ მსხვერპლზე, როგორც ეს აიხმანის შემთხვევაში იყო, მაგრამ ეს ბოროტების და რეჟიმის სამსახურის არსს არ ცვლის. წარმოიდგინეთ სტალინი, რომელიც ადამიანებს უმოწყალოდ ხვრეტდა. დარწმუნებული იყავით, რომ ის კაცი ძალიან წუხდა, რომ მას ძველი ეპოქის მეთოდების გამოყენების საშუალება არ ჰქონდა და არ შეეძლო ოპონენტები მოედანზე ცოცხლად დაეწვა. სტალინს მის ეპოქასთან შეგუება უწევდა, როცა ცეცხლზე დაწვის ნაცვლად, ადამიანები ფორმალურად უნდა გაესამართლებინათ და ჯურღმულში დაეხვრიტათ. მას ძალიან აწუხებდა, რომ ხელები გახსნილი არ ჰქონდა და შუა საუკუნეების მეთოდებს ვერ იყენებდა.

დიდი ალბათობით ჩვენი რეჟიმიც ასე წუხს, რომ მას წარსული ეპოქის მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა არა აქვს და ადამიანების უბრალოდ ციხეში ჩასმა უწევთ - არა აქვს მნიშვნელობა ერთი თუ ორი დღით. ერთ დღიანი თუ 10-დღიანი პატიმრობით ადამიანური ღირსება შეურაცხყვეს.

მე რომ აქ ვზივარ და თქვენ რომ მე მასამართლებთ, კესოს და ჩემი ოჯახის თვალწინ, ეს შენობა კი არ მიქმნის დისკომფორტს, ის უღირსი მოქცევა, როგორც სახელმწიფო მექცევა, თითქოს ცხენის ქურდი ვიყო.

ჩემი სასამართლო პროცესი ეხება ჩემს ფრაზებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. მთელი ამ პროცესის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ პროკურორს მოჰყავს მოწმეები. არადა ვიმეორებ: - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის დასამხობი! - ეს არის ერთადერთი, ყველაზე შესაძლებელი სამართლიანი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მომავალში მოუწევს. სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს. ის არა მხოლოდ დასამხობია, არამედ დასამხობია ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ფორმით და ასეც იქნება! ამის შემდეგ გასასამართლებელია ივანიშვილიდან დაწყებული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. ეს არის სახელმწიფო აპარატი, რომელიც გარდა იმისა, რომ საქართველოს თავისუფლებას ართმევს, თითოეულ მოქალაქეს ღირსებას ხელყოფს. გასაგებია ვითარება, როდესაც მე დამხობაზე ვსაუბრობ და სხვები ამას არ ამბობენ. ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში ნებისმიერი ფრაზა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ წითელი ხაზის გადალახვას უახლოვდება, არის დასჯადი.

ვცხოვრობთ ილუზიაში, რომ თითქოს გვყავს პოლიტიკური ოპოზიცია - დიქტატურაში ეს ნონსენსი და ოქსიმორონია! ეს დიქტატურაში არ შეიძლება! როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად, გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნების გზით შეცვლის. ოქსიმორონის კარგი მაგალითია ცხელი თოვლი - იგივეა ივანიშვილი და ოპოზიცია. ეს შეუძლებელი ამოცანაა! უბრალოდ არის მომლოდინე, კეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ეშვება იდეას, რომ შეიძლება სადმე რამე არჩევნების გზით მივიდეს. გამორიცხულია! ვიმეორებ იმას, რაშიც ბრალი მედება: - ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველანი უნდა დავამხოთ! ეს არის ერთადერთი გზა. ადამიანებს ეს ფრაზეოლოგია აშინებთ, მაგრამ სინამდვილეში აქ საშიში არაფერი. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა საზოგადოებას ასე აწვება, საზოგადოების ერთადერთი რეაქცია არის, საბოლოო ჯამში, როცა იქნება, როგორც იქნება, ამ რეჟიმის დამხობა“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამხობაში მთელმა საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან ასე არც არასდროს მომხდარა.

„არც ერთი დიქტატურა და არც ერთი ტირანია სინამდვილეში მთელ ერს არ დაურხია. მინდა გითხრათ, რომ თვითონ მთელი ერი, როგორც ასეთი, არც მონაწილეობს ხოლმე პოლიტიკურ პროცესში. შეგახსენებთ მერაბ კოსტავას შეფასებას, რომ საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოთა აქციებში, მაქსიმუმ 3-დან 5 000 კაცამდე მონაწილეობდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში, პირველი არჩევნები გამსახურდიას ჩატარებული 53%-იანი იყო, მეტი კი არა. ილუზიაა, რომ მთელი საქართველო ვიდექითო - ეს ასე არ იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ რეჟიმს ჰყავს მხარდამჭერებიც. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც ვინმე, რამე სახით მოსყიდული, დაშინებული, ინდიფერენტული, არა აქვს მნიშვნელობა, საზოგადოების რაღაც ნაწილი მას მხარს უჭერს. განწირული ამოცანაა, რომ ვიღაცა რაღაცაში უნდა დავარწმუნოთ!

რა ძალაც არ უნდა გახდეს საჭირო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას, ხელისუფლების დამხობას. შემდგომ, ყველა უნდა გავასამართლოთ აი ამ სასამართლო დარბაზებში. არის კიდევ ერთი ნიუანსი - არანაირი სასამართლო რეფორმა არ მოხდება, როცა ამათ დავამხობთ. ესენი იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. ჩვენ ივანიშვილის გასასამართლებლად ახალი მოსამართლეების გაზრდას ვერ დაველოდებით.

არჩევების გზით ხელისუფლების დათმობა ივანიშვილისა და მთელი მისი წრის სასამართლო სკამზე მოყვანას ნიშნავს! როცა შენ ივანიშვილს ეუბნები, რომ არჩევნების გზით უნდა წახვიდე, აპრიორი გულისხმობ, რომ გაგასამართლებ და დიდ კამერაში ჩაგსვამ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ამიტომ მას სხვა გზა არა აქვს - ის ამ მდგომარეობას შეაკვდება და იქნება ბოლო წუთამდე სადამდეც შეუძლია“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა