საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო მუზეუმების რეორგანიზაცია მოხდება და მწერალთა სახლის მმართველობის სფეროში მოექცევა.
კერძოდ, რეორგანიზაცია შეეხებათ: საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმს, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმსა და ივანე მაჩაბლის მუზეუმს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მწერალთა სახლი გარდაიქმნება მწერალთა მუზეუმების გაერთიანებად, თუმცა სახელწოდება კვლავ „მწერალთა სახლი“ ექნება.
დადგენილების თანახმად, აღნიშნული მუზეუმები/სახლ-მუზეუმები მწერალთა სახლის სტრუქტურულ ერთეულებად განისაზღვრებიან.
„მუზეუმების/ სახლ მუზეუმების ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს მწერალთა სახლს და იგი ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ. მწერალთა სახლის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი. სამინისტრომ განახორციელოს მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს მწერალთა სახლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მწერალთა სახლს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრები განესაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბიუჯეტო ასიგნებებიდან და კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან.
მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნოს მწერალთა სახლში იმავე თანამდებობაზე. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირი არ გამოხატავს წერილობით თანხმობას 2026 წლის 23 მაისამდე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნონ მწერალთა სახლში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.