გიორგი დანელიას ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს უკანონო სამშენებლო სამუშაოები, არის ქვათაცვენითი და კლდეზვავური პროცესების ჩამოყალიბების, გააქტიურების საშიშროების ძალიან მაღალი რისკი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ დანელიას ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლანა გალდავას თქმით, მერიის მიერ მშენებლობის დროებით შეჩერება არ არის პრობლემის გადაწყვეტა და უნდა გაეცეს კითხვას პასუხი: გაგრძელდება თუ არა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ მრავალსართულიანი კორპუსის დადგმის შედეგებზე.
„ვიმყოფებით გიორგი დანელიას ქუჩაზე, სადაც მერიის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ნებართვის შემდეგ, დაიწყო ქვათაცვენის პროცესი, სადაც მიმდინარეობს ასევე უკანონო სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად რამდენიმე დღეა შეჩერებულია, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ პროცესი დაწყებულია. ჩვენ მოსახლეობამ მოგვაწოდა ორი ახალი დასკვნა. პირველი ეს გახლავთ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და ასევე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ არის ქვათაცვენითი და კლდეზვავური პროცესების ჩამოყალიბების გააქტიურების საშიშროების ძალიან მაღალი რისკი. გარდა ამისა, არსებობს 2023 წლის დასკვნა ასევე გაცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, სადაც იყო ნათქვამი, რომ საშიშია აქ ნებისმიერი სახის მშენებლობა. დღეს ვიმყოფებით სიტუაციაში,სადაც ჩემ უკან კვლავ იშლება კლდე, კლდე, რომელზედაც დგას სახლები, პირველ სახლში, გარდა ოჯახის სხვა წევრებისა ცხოვრობს 8 ბავშვი, მეორე სახლში 4 ბავშვი, მესამე სახლში ასევე ბავშვები და მოხუცები. ეს ადამიანები არიან მიტოვებულები. ამასთანავე, ვითხოვთ, არ მოხდეს ისე, რომ მთელი ეს დანაშაულებრივი პროცესი დაჰბრალდეს მხოლოდ სამშენებლო კომპანიას! მხოლოდ სამშენებლო კომპანია არ არის დამნაშავე, დამნაშავე არის ნებართვის გამცემი უწყება, ამიტომაც, გაგვეცით პასუხი, ამ ადგილას სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება?! დროებით რომ შეაჩერა მერიამ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა. გაგრძელდება თუ არა, დაიდგმება თუ არა აქ მრავალსართულიანი კორპუსი და ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ მრავალსართულიანი კორპუსის დადგმის შედეგებზე - მოჰყვება თუ არა მას უბედური შედეგები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი.
ასევე, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყო თუ არა გამოძიება, თუ დაიწყო რა შედეგებამდეა მისული და თუ არ დაიწყო, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ჩვენ ამ ქალაქში ვნახოთ დასჯილი პიროვნება, დასჯილი იმისათვის, რომ ამ ქალაქის ჩაბეტონება ხდება, მოსახლეობას ატყუებენ, არავინ ზრუნავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ მათი უფლებები დაუცველია, სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება დაუცველია და დაუცველია მათი ქონების უფლება. დღეს რომ ეუბნებიან, გამოდით სახლებიდან და არ ეუბნებიან სად წავიდნენ, მათ ქონებას რა ბედი ელის და ზოგადად, მათზე ვინმე ზრუნავს?!
კიდევ ერთხელ ვაყალიბებთ ჩვენს მოთხოვნებს, გვითხრან აშენდება თუ არა კორპუსი, დროებით შეჩერება პრობლემის გადაწყვეტა არ არის! მეორე, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება, თუ დაიწყო რა ღონისძიებები გატარდა და თუ არ დაიწყო, რატომ არ იწყებენ და მესამე, რა პასუხს ეუბნებიან მოსახლეობას მათ შორის იმ ბავშვებს, რომლებიც დღესაც იმყოფებიან იმ სახლებში, რომელიც არის რისკის ზონაში.
ორი ახალი დასკვნაა, გარდა ამისა 2023 წლის დასკვნა, რომელიც პირდაპირ კრძალავს, რომ ამ ადგილას არ შეიძლებოდა სამშენებლო სამუშაოები. ასევე მივმართავ მოსახლეობას, რომ ის ავტობუსები მანქანები, რომლებიც ნაფეტვრებისკენ მიდის და ამ გზას გადის, არიან საშიშ მდგომარეობაში, რადგანაც ქვათაცვენის, მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. ეს პირდაპირ დასკვნაში წერია. ამიტომაც, მოუხმეთ გონს და დროზე გაეცით პასუხი საზოგადოებას, მოსახლეობას რას აპირებთ, აშენებთ თუ არა აქ კორპუსს, სჯით თუ არა დამნაშავე პირებს კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით“, - აცხადებს ლანა გალდავა.