„ქართული ოცნება“ ძირს უთხრის კავკასიაში წარმატებას, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა (რესპუბლიკური პარტია) ჯო უილსონმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მმართველი პარტია „თეირანის ტერორისტული რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს „ხელში ჩაგდებას“ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის, ასევე, ქართველი ხალხისთვის „დამანგრეველი შედეგები“ აქვს.
“საქართველოს ხელში ჩაგდებას, მაფიის მსგავსად, ომის დამნაშავე პუტინის მეგობარი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ დამანგრეველი შედეგები ჰქონდა ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს მამაცი ხალხისთვის.
“ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს.
2026 წლის თებერვალში “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საელჩოს ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც აღინიშნებოდა 1979 წლის ირანული რევოლუციის წლისთავი, რომლის დროსაც არსებული მთავრობა ახალი მთავრობით ჩანაცვლდა და რომელიც 47 წლია დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომში იმყოფება.
დამატებით, თბილისის ანძა მათ ფერებში განათდა. როგორი გულისამრევია ეს, რომ ტოტალიტარულ დიქტატურას ასე სცეს პატივი.
მას შემდეგ, მალევე, რაც “ეპიკური მძვინვარების” ოპერაცია დაიწყო, “ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენელმა გროტესკულად და დაუმალავად ირანის საელჩოში ხელი მოაწერა სამძიმრის წიგნაკს, რომელიც დიქტატორ ხამეინის გლოვობდა და ირანის წინააღმდეგ ამერიკულ დარტყმებს გმობდა, რაც იმისთვის ხორციელდებოდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაძლებლობები არ ჰქონოდა. მაგრამ ხამეინის გლოვა იმავე წელს, როდესაც დიქტატორმა ხამეინიმ 50 ათასი ირანელი მოქალაქე დახოცა - წარმოუდგენელია და როგორი მამხილებელია თუ რა ორიენტაცია აქვს “ქართული ოცნების” მთავრობას.
“ქართული ოცნება” დაეხმარა ირანს მიმდინარე ომში იმით, რომ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა რუსულ სტრატეგიულ ავიაგადამზიდებს, რომლებსაც რესურსები მიჰქონდათ, რათა დახმარებოდნენ ირანულ რეჟიმს და ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევებისთვის, რომელიც ასე წარმატებული იყო სხვა ქვეყნების გაერთიანებაში. ვინ წარმოიდგენდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ერთად აშშ-ის ოვალურ ოფისში. ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ეს მიღწევაა, მაგრამ ისინი [“ქართული ოცნება”] ძირს უთხრიან კავკასიაში წარმატებას”, - განაცხადა უილსონმა.