თუ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს, ეს არ იძლევა საფუძველს, რომ არჩევნებში არ შეხვიდე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, საზოგადოების ნაწილმა, რომელმაც ოპოზიციის მოწოდებებს დაუჯერა და არჩევნებზე არ მივიდა, მოგვიანებით დაინახა, რომ მონაწილეობით შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ქალაქების მოგება, როგორიცაა თბილისი და რუსთავი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი პირი, ვინც არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, შესაძლოა, ხელისუფლებასთან იყოს დაკავშირებული.
„ბუნებრივია, როდესაც საარჩევნო პროცესი მოახლოვდება, იქნება საკითხების წამოჭრა, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს, რასაც ამბობს კიდეც, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამის გამო პროცესში შესვლის შეგეშინდეს და არჩევნებში არ შეხვიდე. რა არის ალტერნატივა? ჩვენ ვნახეთ სამარცხვინო „4 ოქტომბერი". ამ ადამიანებს საზოგადოების ნაწილმა დაუჯერა და არჩევნებზე არ მივიდა. ყველა ეს ადამიანი მიხვდა, რომ არჩევნებზე რომ მისულიყვნენ, თბილისის მოგება შესაძლებელი იყო, რუსთავის მოგებაც.
თუნდაც ამ პირობებში დღეს ვინც საუბრობს, რომ არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს, კეთილი ინებოს დადოს ალტერნატივა ან გაჩუმდეს იმიტომ, რომ ბრიყვია. ზოგი მათგანი, როგორც ბოლო პერიოდმა აჩვენა, „ქართული ოცნების“ დახელფასებული აგენტია, ჩანერგილი. არ შეიძლება არაფერი არ აკეთო და ადამიანებში პატარა მუხტი რომ ანთია, იმის ჩაქრობაზე იმუშაო.
როგორ შეიძლება არჩევნებზე უარის თქმა, როდესაც კიდევ უფრო იზრდება შესაძლებლობა, გგონიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატი იზრდება? მცირდება, თან ძალიან სწრაფად“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა „სიძულვილის ენის“ მონიტორინგისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე. მისი თქმით, ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს. გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანები ჯერ ეკონომიკურად ზარალდებიან, ხოლო პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში შესაძლოა სამართლებრივი დევნის წინაშეც აღმოჩნდნენ.
მან სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელთან შედარებით, 2025 წელს აღძრული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი უკმაყოფილების კონტროლს ცდილობს.
„ლოგიკა მარტივია, „ქართული ოცნება“ იპარავს, ძარცვავს ამ ქვეყანას, ხალხს ამაზე რეაქცია აქვს და ახლა გადაწყვიტეს, რომ ფულს რომ მოგპარავენ და შეაგინებ, ამაზე დაგიჭირონ. ჯერ ფულს მოგპარავს, გაგაღარიბებს, შემდეგ თუ შენ პრეტენზიას გამოთქვამ, დაგიჭერს. თუ ელექტორალურად მაგრად ხარ, რაში გჭირდება ეს მანიაკობები? თუ ყველაფერი მოგებული გაქვს, რატომ ზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას? მანიაკი ხომ არ ხარ 22 წლის გოგოს ბორდიურზე დგომის გამო, რომ იჭერ? მაშინ რა ვნება არის?! როგორ ხსნის „ქართული ოცნება“ სტატისტიკას, 2020 წელს 15 ათასი საქმე იყო აღძრული, 2025 წელს 25 ათასი საქმე, რა ხდება? ე.ი. ამ ადამიანებს რაღაც გაურბით ხელიდან“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეები მომავალში გაიგებენ იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ახალგაზრდა ადამიანებს, ვინც ამ სამმართველოში აპირებს მუშაობის დაწყებას, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, რა სამსახურში ყოფნით უნდა აიღონ ხელფასი. ეს ქვეყანა ცენზორების ისტორიას ინახავს. ყველა კრაგად გაიგებს თუ მოუნდა ვინ, ვინ ჩაუშვა. ჩვენ შევუნახავთ ისტორიას ამ ადამიანების სახელებს და გვარებს. ყველას ეცოდინება ვინ არის ცენზორი, ვინ მუშაობს ამ სამმართველოში“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა ასევე ისაუბრა ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძეზე და განაცხადა, მდინარაძე სუს-დან გაუშვეს.
„რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძე სუსი-დან არის გაშვებული. რასაც ლილუაშვილს აბრალებენ [ქოლ-ცენტრების საქმე] იმ ამბებშია გახვეული. ამ ხალხს უყვარს ფული. მამუკა მდინარაძეს იმიტომ შეუქმნეს ეს რაღაც აპარატი, რომ კობახიძეა პრემიერ-მინისტრი. კობახიძე, რომ აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, არავინ გააჩერებს მამუკა მდინარაძეს. ყოველ შემთხვევაში მთავარი მაგიდიდან არის გადასმული.
ერთადერთი გამოჩნდა ის, რომ მსოფლიოში იქნება პირველი გენერალი, რომელიც დაიწყებს „ფეისბუქ“ პოსტებთან ბრძოლას“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.