ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც მის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მისი თქმით, „ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს“.
არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, სანამ გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.
რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით. მურთაზ ზოდელავას ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.