„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია“.
როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალწარმოების მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.
„ხაზგასასმელია ქვეყანაში არსებული კონტექსტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ფართოდ გამოყენების ამჟამინდელი პრაქტიკა ქმნის მაღალ რისკს, რომ საქმეში პოლიტიკური ელემენტი იქნება წარმოდგენილი, რაც ძირს უთხრის მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირებას და ემსახურება პოლიტიკური დევნის მიზანს. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიც ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის გამოყენების შერჩევით და ზოგჯერ თვითნებურ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა. ამასთანავე, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მსუსხავ ეფექტს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ანგარიში სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პატიმარი, განსაკუთრებით, ოპოზიციის წევრები და მომავალში თავიდან იყოს არიდებული პოლიტიკური მიზეზებით მათი დაკავება. ანგარიში ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისთვის. თავიდან იყოს არიდებული მომავალში მსგავს გარემოებებში დაკავება. საია-ს შეფასებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ეტაპზევე ექცეოდა იმ საქმეთა კატეგორიაში, რომლებშიც მაღალია ვარაუდი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენების მიზანი პოლიტიკურად აქტიური პირების განეიტრალება იყო. საია მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას - 9 თვით.