გიტანას ნაუსედა და ედგარს რინკევიჩი - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

„მოკავშირეთა უფრო ძლიერი ყოფნა ჩვენს რეგიონში აძლიერებს შეკავების ძალას და ხელს უწყობს ბალტიის ქვეყნებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ლიეტუვაში აშშ-ის სამხედროების უწყვეტი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პოლონეთში დამატებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ეს გააძლიერებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. ამავდროულად, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“, - განაცხადა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა