დავით დარჩიაშვილი - სიტყვების გამო პოლიტიკოსის დასჯას პოლიტიკური რეპრესიები ჰქვია, ეს პოლიტიკური დევნაა და თუ ლევან ხაბეიშვილის პატიმრობა გახარიას პარტიის მხრიდან „ნორმალურად“ არის შეფასებული, ეს არანორმალური ფაქტია

როდესაც სიტყვების გამო პოლიტიკოსს სჯიან, ამას პოლიტიკური რეპრესიები ჰქვია. ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის სისტემა მყარდება. შესაძლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხედულებები არ მოგწონდეს, მაგრამ როდესაც გამოთქმების გამო ასეთი მძაფრი ბრალდებებია და შემდგომ სისხლის სამართლის საქმე, ეს პოლიტიკური დევნაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შესაძლოა ანგელოზებად არ მიგაჩნდეს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მსგავსი გადაწყვეტილებები და პროცესების მიმდინარეობა ქვეყანას პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოიყვანს.

„არც 4 ოქტომბრის ორგანიზატორისების და არც ლევან ხაბეიშვილის უკან სიტყვების მეტი არაფერი არ ყოფილა. სიტყვების ქმედებად წარმოჩენა და ამისათვის ხანგრძლივვადიანი პატიმრობა ქვეყანას ჩიხიდან ვერ გამოიყვანს. პოლიტიკოსის პროფესია ის არის, რომ შეხების წერტილები იპოვოს და სიტუაციების განმუხტვაზე მუშაობდეს, ეს კი პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. თუ რეპრესიების გარდა პოლიტიკურ არსენალში მეტი არაფერი გაქვს, რომ პროცესები მართო, ეს ნორმალური ვითარება არ არის. რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების შეფასებებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ უნდა შეირაცხოს, მათ თავიანთი შეხედულებები აქვთ და ეს ნორმალურია. მაგრამ როგორც ლევან ხაბეიშვილი, ისე გახარია ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლები გახდნენ და მათ მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება ასეთია, ამის შემდეგ სიტყვებისთვის ლევან ხაბეიშვილს რომ იჭერენ და გახარიას მხრიდან ეს ნორმალურად თუ არის შეფასებული, ეს არანორმალური ფაქტია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის შეფასებით, ხელისუფლების ძირითადი არსი არის ის, რომ შექმნას ისეთი ძალაუფლების ტექნოლოგია, რომელიც ოპონენტების გატეხაზე, დაშინებასა და მათ კალაპოტიდან ამოგდებაზე იქნება დაფუძნებული.

„ისტორიისთვის ეს ძველი მეთოდია და ეს მეთოდი არც ცივილიზებული და არც ნორმალურია. ურთიერთობების სხვა გზები უნდა არსებობდეს, თუ კი ჩვენ სერიოზულად ვსაუბრობთ ისეთ ცნებებზე, როგორებიც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ. არის. მაშინ ან ეს სიტყვები და მცნებები ლექსიკონიდან უნდა ამოიღო, რადგან თვალთმაქცობა გამოდის, როდესაც ადამიანს ტროტუარზე დგომისათვის აჯარიმებ, იჭერ და ამავე დროს, ადამიანის უფლებებზე საუბრობ. ან საკუთარ ქმედებებსა და ტაქტიკას უნდა გადახედო. შესაძლოა ამ დაშინებით კიდევ დარჩე ხელისუფლებაში და ჩანს, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის თვითმიზნად ქცეული, მაგრამ ეს ცუდად მთავრდება. [ხელისუფლება] გამოსავალს უნდა ეძებდეს, რაღაც ტიპის დიალოგზე უნდა ფიქრობდეს, რადგან საზოგადოება გახლეჩილია და დაპირისპირება არსებობს მხარეებს შორის. დიდი ხანია ასე მოვდივართ, ოღონდ რაღაც ტალღები გვაქვს დაპირისპირების და ახლა პიკურ ტალღაზე ვიმყოფებით, რაც ყველასთვის დამანგრეველია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, დავით დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებაც შეაფასა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“, რაც გამოწვეულია „დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტი ზეწოლით, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციით“.

„შესაძლოა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ხვდება, რომ ეს ყველაფერი მათთვის სახიფათოა, მაგრამ მეორე წარმომადგენელი ვერ აცნობიერებდეს თუ რას ნიშნავს, როცა ევროპის საბჭო, სადაც საქართველოს შესვლა ზარ-ზეიმით აღნიშნა, ასე რომ გიყურებს და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს. ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან ქუჩაში დაპირისპირება არ არის ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი, არამედ ეს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მექანიზმია, რადგან ოპოზიციას მეტი ბერკეტი აღარ დარჩა. და თუ ასეთი ვითარება გაღელვებს გზები გამონახე, შესაძლოა სწრაფად არ გამოვიდეს ან ოპოზიციას არ უნდოდეს შენთან საუბარი, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, მაგრამ სცადე, რაიმე შეცვალე. არჩევნები მთელი ინფრასტრუქტურა და სისტემაა და თუ ის არ არის ნორმალურად მოწყობილი, თუ კი საარჩევნო ადმინისტრაციებში მმართველ პარტიას აბსოლუტური კონტროლი აქვს და ქუჩაც კონტროლირებადია, როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში ნორმალური არჩევნების ჩატარება? აღარ ვსაუბრობ რესურსებზე, როდესაც მთელი მატერიალური რესურსი ხელისუფლებას აქვს. გამოსავალი რა არის? ბრძოლა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ პირობები შეიცალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებისთვის არასოდეს არ მომწიფდება პირობები. დღეს შესაძლოა ხელისუფლებას კომფორტულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მონოპოლიურად იქნებიან, თუმცა ეს როდის და რა ფორმით გასკდება და რა შედეგებს მოიტანს, ამაზე უნდა დაფიქრდნენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება დანიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ამის ფონზე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ წერილს, დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ წერილის გაგზავნა შესაძლოა ნიადაგის მომზადება იყოს, ევროინტეგრაციაზე უარის თქმისთვის.

„დანია თვის თავს მიხედავს და დარწმუნებული ვარ, რომ ის კადრები, რომლებიც გავრცელდა დანიის პარლამენტში გაირჩევა და გარკვეული დასკვნები იქნება გამოტანილი. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძაღლებით მოქმედება არ არის მოსაწონი. მაგრამ თუ ვინმეს ჰქონია, რომ „ხარება“ [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი] ანგელოზია და ის ადამიანები მონსტრები, ამას არ ვეთანხმები, რადგან „ხარება“ და სხვები მინივენებში სისხლის კალოებს აწყობდნენ, დანიელები მსგავსს არ აკეთებენ. საერთოდ ასე ლაპარაკი, რომ თქვენთან ასეა და ჩვენ რას გვეუბნებით, ნიშნის მოგებით საუბარი და იხტიბარის არ გატეხაა. ასევე შესაძლოა, უფრო სერიოზულის, შემზადება ნიადაგის, რომ საბოლოოდ თქვან უარი ევროინტეგრაციაზე, იმ სტრატეგიულ ხაზზე, რომელიც საქართველოს სულ ჰქონდა. რაც შეეხება მეორე მხარეს, არ მგონია, რომ ბრიუსელს რაიმე რეაქცია ჰქონდეს, არ მგონია, რომ ოფიციალურ წერილზე, ოფიციალური წერილით უპასუხონ, რადგან ევროკავშირში ნიშნის მოგებით საუბარი დიდი პატივისცემით არ სარგებლობს. იყო დანიაში ინციდენტი? დანიელები უფრო სამართლებრივად მიხედავენ, ვიდრე საქართველოში ოდესმე მომხდარა“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა