ადვოკატი - სამართლებრივი არგუმენტებით არ ველოდები, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება მოხდება, თუმცა თუ ნება-სურვილსა და ძალმომრეობის პრინციპზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დასაშვებია

სამართლებრივი არგუმენტებით არ ველოდები, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე ფორმით მოხდება ბრალის დამატება - სხვა მხრივ, ნება-სურვილი თუ არის და ძალმომრეობის პრინციპზე ვსაუბრობთ ძალოვანი უწყებისა და პროკურატურის, ყველაფერი დასაშვებია, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ საკითხავია ბრალდების მხარეს ლევან ახობაძესთან [სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე] რა მტკიცებულებები აქვს და მის ბრალთან რა შუაშია გრიგოლ ლილუაშვილი.

„მე ეს ამბავი დღეს შევიტყვე, აქამდე არანაირი ცნობა არ მქონია. ბატონ გრიგოლს მოვინახულებ, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მაგრამ საგანგებოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის ვერ ვახერხებ, რომ მასთან შევიდე. ვფიქრობ, რომ საჩქარო ამბავი არ უნდა იყოს.

ჯერ თავად ლევან ახობაძესთან რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ესეც საკითხავია და მეორე საკითხია, ბატონი გრიგოლი რა შუაშია და რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი.

სამართლებრივი არგუმენტებით არ ველოდები, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე ფორმით მოხდება ბრალის დამატება. სხვა მხრივ, ნება-სურვილი თუ არის და ძალმომრეობის პრინციპზე ვსაუბრობთ ძალოვანი უწყებისა და პროკურატურის, ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ სამართლებრივ ასპექტში არ ველოდები, რომ რაიმე მტკიცებულება შესაძლოა არსებობდეს ბრალის დაწერისა და წარდგენის, ლილუაშვილის მიმართ“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო. სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩვენებით ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ახობაძის მიერ კერძო მეწარმისთვის ქრთამის მოთხოვნის საკითხზე ინფორმირებული იყო. უწყების ცნობით, „გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, ლევან ახობაძის მიერ კერძო მეწარმისგან მოთხოვნილი ქრთამის ოდენობა განახევრდა და კერძო მეწარმემ ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250 000 ლარი“.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა