არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ ფოთის პორტი ჩინოვნიკებისთვის თანამდებობის დატოვების შემდეგ “იდეალური საპენსიო ფონდი და ბიზნეს-ინკუბატორია“.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ნავსადგურებსა და ტერმინალებს ყოფილი მერები და მოქმედი პარლამენტარებიც კი აკონტროლებენ. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მაგალითად, ფოთის ყოფილი მერი გოჩა კურდღელია ახლა კვიპროსული ოფშორის მფლობელობაში მყოფი ტერმინალის - “კავკასიან მეტალს ტერმინალის“ დირექტორია. მისივე განცხადებით, “არც მოქმედი დეპუტატები იკლებენ და მაგალითად, გოჩა ენუქიძე და გიორგი ხახუბია პირდაპირ ფლობენ ნავთობბაზებისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოების წილებს“.
“კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული.
გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:
სისტემური კორუფციის ნიშნები: - სახელმწიფო რესურსებზე წვდომა მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს.
პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა - ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5 396 370 ლარის ოდენობის შეწირულება. “ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა “ხალხის ძალამ” და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს 4 671 980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი).
რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი - ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3 მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს.
ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები - თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);
თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესები - ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს“, - ვკითხულობთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.