სრული საპარკინგე კრიზისი მივიღეთ დედაქალაქში და ეს კრიზისი არის კახა კალაძის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მმართველობის ერთ-ერთი სიმბოლო - კალაძის მერობის პერიოდში, თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, არ აშენებულა არცერთი მუნიციპალური პარკინგის სივრცე,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ, თბილისში პარკირების სივრცეებზე საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, 2018-2026 წლებში პარკირების საფასურის, ჯარიმებისა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადასახადის სახით - სახელმწიფომ 130 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, „თუმცა კალაძემ ეს თანხები, სრულად დახარჯა თავისი ბიუროკრატიისა და პარტიული აქტივისთვის კომფორტის მოწყობისთვის“.
„2026 წლის იანვარ-აპრილში, თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 165%-ით გაიზარდა და 4 თვეში - 4 მილიონი ლარი შეადგინა. კახა კალაძე თბილისელებს „სითი პარიკის” გაუქმებასა და თბილისელებისთვის გამართული პარკირების სისტემის შექმნას ჰპირდებოდა და რა მივიღეთ? „სითი პარკი“ „ფულის საწერი მანქანა“ გააძევეს და ეს ისევ გადასახადის გადამხდელებს 12 მილიონი დაუჯდათ. მივიღეთ კიდევ უფრო უარესი - „თბილისი პარკინგი“, რომელიც ჯარიმების გამოწერაზე არის ორიენტირებული, რაც არ მივიღეთ არის ახალი საპარკინგე ადგილები და ალტერნატივის სახით, კომფორტული და მოწესრიგებული ტრანსპორტი.
2017 წლიდან დღემდე, კალაძის მერობის პერიოდში, თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, არ აშენებულა არცერთი მუნიციპალური პარკინგის სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლეს ჯერ კიდევ კალაძე თბილისელებს მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე სივრცეების მოწყობას ჰპირდებოდა. მანამდე კი მისი წინამორბედი, დავით ნარმანია 2017 წლის მაისში აცხადებდა, რომ დედაქალაქის მასშტაბით აშენდებოდა 10 მრავალდონიანი შენობა-ნაგებობა.
2018-2026 წლებში თბილისის მერიის პარკირების ინსპექტორის თანამშრომლებმა მოქალაქეებს 4 მილიონი ჯარიმა გამოუწერეს, 2018-2026 წლებში პარკირების საფასურის, ჯარიმებისა და საჯარიმო ავტოსადგომზე გადასახადის სახით - სახელმწიფომ 130 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. აგრეთვე, 2022 წელს კალაძის ინიციატივით, ჯარიმები ზოგ შემთხვევაში გახუთმაგდა, ხოლო უმრავლესობა მათგანი გაორმაგდა და სად წავიდა ეს ასტრონომიულად გაზრდილი შემოსავალი? ნამდვილად არ წასულა თბილისელებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, არც საპარკინგე სივრცის მოწყობისთვის, ეს კალაძის მიზანი არ ყოფილა, მან ეს თანხები სრულად დახარჯა თავისი ბიუროკრატიისა და პარტიული აქტივისთვის კომფორტის მოწყობის საქმეში. ჩვენ შედეგად სრული საპარკინგე კრიზისი მივიღეთ დედაქალაქში და ეს კრიზისი არის კახა კალაძის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მმართველობის ერთ-ერთი სიმბოლო“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.