პროკურორის განცხადებით, საპატრიარქოსთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებული როსტომ მაზმიშვილი წარსულში ნასამართლევია ავტომობილის მითვისების ფაქტზე

პროკურორ ირაკლი ყვავაძის განცხადებით, საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებული როსტომ მაზმიშვილი წარსულში ნასამართლევია ავტომობილის მითვისების ფაქტზე.

ირაკლი ყვავაძის თქმით, 2025 წელს, როსტომ მაზმიშვილს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ჰქონდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გაცემულ იქნა დასკვნა, რომ ის იყო შეზღუდული შერაცხადი.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რაც მდგომარეობს შემდეგში: წარსულში ნასამართლევია, 2025 წელს, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს დანიშნული ჰქონდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გაცემულ იქნა დასკვნა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ის იყო შეზღუდული შერაცხადი. მეორე მხრივ, ჩვენს სისხლის სამართლის საქმეზე, ქმედებიდან გამომდინარე შესახლებული იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში, იქიდან უკვე რამდენიმე ხანში გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაწესებულებაში. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზეც დანიშნულიყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

2025 წლის, 9 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება იყო სხვისი ნივთის[მანქანის] მითვისება, სადაც მას სასჯელის სახედ ჰქონდა 5 წელი პირობითი მსჯავრი ჯარიმასთან ერთად“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული დაკავების მომენტში ფხიზელი იმყოფებოდა, ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზაც და არ დაუდგინდა არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

„გარკვეული ფრაზები და შეძახილები და გარკვეული სახის სხვადასხვა შეურაცხყოფა იყო, სხვადასხვა პირების მიმართ იყო, ვინც იქ იმყოფებოდა. აღნიშნულს შეესწრნენ და დადასტურებულიც აქვთ გამოკითხვის ოქმში. სასულიერო პირების სახელები არ დაუსახელებია. მათ შორის საპატრიარქოს მიმართ გარკვეული სახის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა.

დაკავების მომენტში ფხიზელი იმყოფებოდა. ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზეც იქნა გადაყვანილი და არ დაუდგინდა მას არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალებების [მოხმარება]. ავტომობილიდან მან ამოიღო ნივთები, სხვადასხვა სახის უალკოჰოლო სასმელები და ისროლა პირთა მიმართულებით, რაც დადასტურებული გვაქვს მოცემულ საქმეში გამოკითხვის ოქმებით.

საერთო ჯამში 9350 ლარის ზიანია ამ ეტაპზე, ეს არის როგორც ავტომობილი, რომელიც დააზიანა, ასევე ორფრთიანი შესასვლელი კარი და ე.წ. შლაგბაუმი. ავტომობილი მას ნაქირავები ჰქონდა. როგორც მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა აღნიშნული ავტომობილი, როგორც დედამისი აცხადებს, ტაქსაობდა აღნიშნული ავტომობილით“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა. როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა