მამუკა კაციტაძე - უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს იჭერენ კორუფციაზე, ანტიკორუფციულის ყოფილი ხელმძღვანელი კი მის ადვოკატად გამოდის - მართლა ვერ ვხვდები, ეს რამე ფანტაზიის გამოხატულებაა? ეს დაცინვაც კი არ არის

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, აბსურდულია ვითარება, როდესაც უშიშროების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს კორუფციის ბრალდებით აკავებენ, ხოლო მის დაცვას ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იღებს საკუთარ თავზე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, აღნიშნულ საქმეზე მომავალში მეტი დეტალი და გარემოება გახდება ცნობილი.

„უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს იჭერენ კორუფციაზე - საკუთარ კაბინეტში 250 ათასი დოლარი მიიღოო. ანტიკორუფციულის ყოფილი ხელმძღვანელი ამ ჩინოვნიკის ადვოკატად გამოდის. მართლა ვერ ვხვდები. მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, ყველას მოგმართავთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ეს რამე ფანტაზიის გამოხატულებაა თუ დუხჭირი ფანტაზიის გამოხატულებაა? ეს დაცინვაც კი არ არის. ეს ყველაფერი უბედურებაა. რატომ ხართ თვითდაზიანების რეჟიმში, მივმართავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

არ მსიამოვნებს, როდესაც ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში ვხედავ ჩემი ქვეყნის, მაინც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მდგომარეობას.

ვინ, ვის გაახსენდა საკითხავია, ახობაძეს გაახსენდა კუპრაშვილი თუ პირიქით, ეს არავინ არ იცის. ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გუშინდელი ხელმძღვანელი კორუფციაში ბრალდებულ მაღალჩინოსანს იცავს, ეს არის მოცემულობა. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ სინათლეს დრო მოჰფენს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“,- განაცხადა კაციტაძემ.

ამასთან, მამუკა კაციტაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის აქციაზე და კითხვაზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ მიიღებს თუ არა 26 მაისს „ოპოზიციური ალიანსის“ შეკრებაში მონაწილეობას, კაციტაძე პასუხობს, რომ „არავითარ შემთხვევაში“.

კაციტაძე მიიჩნევს, რომ 26 მაისს დაგეგმილი შეკრება პარტიული და „ალიანსური“ ხასიათისაა და მსგავსი ღონისძიების ჩატარება იმ ადამიანების ხარჯზე ხდება, რომლებიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ისედაც გამოვლენ ქუჩაში.

„26 მაისი დიდი დღეა საქართველოს ისტორიაში. წელს მე პირადად და „ლელოს“ წევრები ზოგი ერთად, ზოგი ცალ-ცალკე ვაპირებთ აღვნიშნოთ ეს დღე. როგორ და რანაირად მოხდება, გადავწყვეტთ. პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ დღის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ყველა ქართველს თავისი 26 მაისი აქვს. ეს იქნება ჩვენი აქტივობა ყოველგვარი ზანზალაკების გარეშე.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, მიმაჩნია, რომ ეს არ არის თავის დროზე მიღებული კარგი გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ ხალხმრავლობა გიზიდავს, ოღონდ ეს 26 მაისს, თავისით ქუჩაში გამოსული ხალხის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს. ეს არის პარტიული ღონისძიება. ეს არის „ალიანსური“ ღონისძიება. 26 მაისს სხვის მიერ დაგეგმილ პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა პრინციპულად მიუღებლად ჩაითვალა „ლელოში“, - განაცხადა კაციტაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა