ვოლოდიმირ ზელენსკი - უსამართლო იქნება უკრაინა ევროკავშირში იყოს, მაგრამ ხმის უფლების გარეშე დარჩეს - ჩვენ ევროპას ვიცავთ სრულად და არა ნაწილობრივ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება უსამართლო იქნება, რადგან კიევი ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებს.

Reuters-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილს გაეცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკი წერილში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში უკრაინისთვის პირდაპირი როლის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც სრულ გაწევრიანებამდე შუალედური ნაბიჯი იქნება.

გერმანიის კანცლერის წინადადება უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი ოფიციალური პირები ევროკავშირის სამიტებსა და მინისტერიალებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ.

უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის შესაძლებლობა შეიქმნა.

„უსამართლო იქნება, უკრაინა ევროკავშირში იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ხმის უფლების გარეშე დარჩეს. დროა, უკრაინის სრულუფლებიანი და მნიშვნელოვანი წევრობის მიმართულებით ნაბიჯი გადავდგათ“, - წერს ზელენსკი.

ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს ომის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ ევროპას ვიცავთ სრულად და არა ნაწილობრივ. უკრაინა სამართლიან მიდგომას და ევროპის შემადგენლობაში თანაბარ უფლებებს იმსახურებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა