ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არა დიდი ოდენობით თანხა, არამედ, ორი თვის ხელფასი ამოიღეს.
როგორც რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ლევან ახობაძემ ქრთამი აიღო.
ადვოკატის თქმითვე, ახობაძე გამოძიების ეტაპზე არც ერთხელ არ გამოუკითხავთ, ის პირდაპირ დააკავეს.
„ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ერთის მხრივ, ხელი მოწერილი გვაქვს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, საქმის მასალები არ უნდა გავახმაუროთ, მაგრამ ჩვენ ვნახულობთ, რომ საჯარო განცხადებები გაკეთდა და საქმის მასალებთან დაკავშირებით საჯაროდ გვამცნო პროკურორმა, მაგრამ მე მაინც უნდა დავიცვა დოკუმენტის შინაარსი.
თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. მეტიც, წარდგენილი ბრალი - ქრთამის აღება შინაარსობრივად არ მოდის იმ მტკიცებულებებთან, რაც პროკურატურამ წარმოადგინა. ფიზიკურად არ შეიძლება ქრთამის აღება დაკვალიფიცირდეს იმ შინაარსით, რაც დღეს წარმოდგენილი იქნა. მთავარი მტკიცებულება, რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ამ ქვეყანას ემსახურება, არ არსებობს. ის არის ომის ვეტერანი, რამდენი გენერალ-მაიორი გვყავს, რომელიც ომის ვეტერანია? ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, მაგრამ დღეს ჩვენი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, კონკრეტულად გვაინტერესებდა, რა რისკებს შეიცავდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება რომ შეეფარდებოდა, ვერც ერთ ამ რისკზე ვერ იქნა მინიშნება გაკეთებული. უფრო მეტიც, თავად ბრალდებულმაც აღნიშნა, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ყველამ იცოდა, რადგან ეს ქალაქი პატარაა. ღია იყო სხდომა და ამიტომ ვსაუბრობ ამ მტკიცებულებებზე, ყველა მოწმე ძალიან მაღალი სტანდარტით იყო კონტროლზე აყვანილი, არც ერთი ფაქტი არ არის, რომ რომელიმე მოწმის მიმართ რამე სახის ზეგავლენა, ან ზეწოლა განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები არ არსებობდა, უბრალოდ მშრალად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ გენერალ-მაიორს, ომის ვეტერანს პატიმრობა შეფარდებოდა.
ასევე, მინდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აღვნიშნო. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, თითქოს, ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ხალხნო, არანაირი დიდი ოდენობის თანხა არ არის ამოღებული, 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სიმართლე დავადასტუროთ, ასევე თქვენ გეთანამშრომლებით, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია გქონდეთ“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ინტერესი შეიძლება ახობაძის წინააღმდეგ ჰქონდეთ, ან ხო არ სთხოვენ მას გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, კუპრაშვილი ასე პასუხობს:
„გენერალ ლევან ახობაძის მიმართ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან ბევრი ინტერესი და არ ვიცი, ვის შეიძლება ჰქონდეს ეს ინტერესი. ზუსტად ამასთან დაკავშირებით აღვნიშნე, როცა ასეთი ადამიანის მიმართ რამე სახის გამოძიებას ვიწყებთ, ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოძიება არ დაინტერესდა, გამოეკითხა ეს ადამიანი და ამ ფაქტებთან დაკავშირებით მისთვის ეკითხა. ის არ ჩართეს გამოძიების პროცესში, მისგან ჩვენება არ აიღეს არც მოწმის სახით, არც სხვა ფორმით, უბრალოდ, ბრალი წარუდგინეს“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.