პლატფორმა „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ - ვუპირისპირდებით ადამიანების დაყოფას, შიშის და სიძულვილის თესვას და მოვუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ - 26 მაისს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ კვლავაც ერთად ვდგავართ

პლატფორმა „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ ვუპირისპირდებით ადამიანების დაყოფას, შიშის და სიძულვილის თესვას და მოვუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. 26 მაისს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ კვლავაც ერთად ვდგავართ. ვაჩვენოთ ჩვენი ურყევი ნება, - ამ განცხადებით პლატფორმა „ერთი ხალხი, ერთი საქართველოს“ წარმომადგენლებმა საზოგადოებას მიმართეს.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 26 მაისს ბევრი ადამიანის შეკრება, რათა აჩევონ, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია და ის არ დათმობს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას.

„1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა: საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული მომავლის მქონე ქვეყანა. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ხანგრლივი ბრძოლით და თავგანწირულ მამულიშვილთა სისხლის ფასად დაგვიბრუნა დამოუკიდებლობა 1991 წელს. თუმცა დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვახსოვდეს - დამოუკიდებლობას კვლავაც სჭირდება დაცვა.

ქვეყანა, რომელმაც ბევრი მტრის შემოსევას გაუძლო, დღესაც ისტორიული არჩევნის წინაძე დგას. რუსეთი გვართმევდა და დღესაც გვართმევს თავისუფლებას - თუკი 1921 წელს „წითელი არმიით“ გვიტევდა, დღეს შიშით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით გვყოფს და გვანაწევრებს, მაგრამ იმპერიები ინგრევა, საქართველო კი რჩება.

ვუპირისპირდებით ადამიანების დაყოფას, შიშის და სიძულვილის თესვას და მოვუწოდებთ საზოგადოებას გაერთიანებისკენ. 26 მაისს საჭიროა ვაჩვენოთ, რომ კვლავაც ერთად ვდგავართ. ვაჩვენოთ ჩვენი ურყევი ნება.

26 მაისის აქციის სულისკვეთების გასაძლიერებლად, ,,ერთი ხალხი - ერთი საქართველოს" პლატფორმის წევრები ვესაუბრებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, წნორსა და თბილისში. ვხვდებოდით ადამიანებს და ვისმენდით მათ წუხილს დაგროვილ პრობლემებზე და მომავლის უიმედობაზე. ვაძლიერებდით ერთმანეთს და ვთანხმდებოდით, რომ დამოუკიდებლობა დღესაც დასაცავია.

გვჯერა, რომ ქვეყანაში ცვლილებები სამოქალაქო ჩართულობით და დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობით მიიღწევა. 26 მაისს, 50-მდე მარანთან ერთად, დამოუკიდებლობას ერთი საერთო სადღეგრძელოთი აღვნიშნავთ, სინდისის პატიმრებს წერილებს მივწერთ და მარნების მიერ გამოყოფილი უნიკალური ღვინოების გაყიდვით ჩვენს დატყვევებულ თანამებრძოლებს დავეხმარებით. შემდეგ კი მოვუწოდებთ ყველას, შევუერთდეთ დიდ სახალხო შეკრებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს ბევრნი შევიკრიბოთ - ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია და ის არ დათმობს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ვიდგებით ერთად ბოლომდე, გამარჯვებამდე.

ჩვენ ერთი ხალხი ვართ; ერთი საქართველო გვაქვს; ერთი მიზანი გვაერთიანებს — თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო.

ვიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, თსუ 1-ელ კორპუსთან“- ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა