რუსეთი კომბინირებულ დარტყმას ამზადებს, უკრაინა საჰაერო თავდაცვას ამზადებს და ყოველ რუსულ დარტყმას უპასუხებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“იყო ჩვენი დაზვერვის ანგარიში: მივიღეთ მონაცემები, მათ შორის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, რუსების მიერ “ორეშნიკის” გამოყენებით დარტყმის მომზადებაზე. ვამოწმებთ ამ ინფორმაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შესაბამისი უკრაინული სამსახურები ხედავენ კომბინირებული დარტყმის მომზადების ნიშნებს უკრაინულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი კიევზე, სხვადასხვა შეიარაღების გამოყენებით.
“საშუალო მანძილის აღნიშნული შეიარაღება შეიძლება იყოს ასეთ დარტყმაში. მნიშვნელოვანია საჰაერო განგაშის სიგნალებზე გააზრებულად რეაგირება, დღევანდელი საღამოდან დაწყებული. რუსული სიგიჟე ნამდვილად უსაზღვროა, ამიტომ, გთხოვთ, სიცოცხლეს გაუფრთხილდით - თავშესაფრები გამოიყენეთ…
მეორე: ვითხოვთ პარტნიორების ყურადღებას, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში, რომ მსგავსი იარაღის გამოყენება და ასეთი ომის გაჭიანურება გლობალური მაგალითია ასევე სხვა პოტენციური აგრესორებისთვის. თუ რუსეთს სიცოცხლეების ასეთ მასშტაბში განადგურების ნებართვა აქვს, მაშინ ვერცერთი შეთანხმება ვერ შეაჩერებს აგრესიისგან და დარტყმებისგან სხვა მსგავს რეჟიმებს, რომლებიც სიძულვილზე არიან დაფუძნებულები. მსოფლიოს რეაგირების იმედი გვაქვს და იმის, რომ რეაგირება არა პოსტფაქტუმ, არამედ პრევენციულად იქნება - საჭიროა მოსკოვზე ზეწოლა, რათა ომი არ გააფართოონ.
მესამე: ვამზადებთ საჰაერო თავდაცვას იმდენად, რამდენად შესაძლებელია, და სამართლიანად ვუპასუხებთ ყოველ რუსულ დარტყმას. აღლუმის ჩატარების უფლება მივეცით, მაგრამ სიგიჟის უფლება რუსეთს არ აქვს. ამ ომის დასრულებაა საჭირო - საჭიროა მშვიდობა, და არა რაღაც რაკეტები ერთი ადამიანის ავადმყოფური ამბიციების დასაკმაყოფილებლად,” - წერს ზელენსკი.