ეს ხალხი [ოპოზიცია] ვერ არის სრულ ჭკუაზე. ჰგონიათ, რომ პარალელურ ქვეყანაში ცხოვრობენ - მივცეთ ამ ხალხს რამდენიმე ჰექტარი და საკუთარი პატარა სახელმწიფო მოვუწყოთ - ითამაშონ, იყვნენ იქ და დაანებონ თავი საქართველოს, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა “ოპოზიციური ალიანსის” მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია აქციებს დღესასწაულებს იმიტომ ამთხვევს, რომ სხვა დღეებში ხალხი არ გამოდის.
“რატომ ამთხვევენ ვითომ აქციებს დღესასწაულებს?! იმიტომ, რომ სხვა დღეებში ხალხი არ გამოდის. მაგალითად, 25-ში რატომ არ გააკეთეს? ხომ ამბობენ, რომ უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს მხარსო. 25-ში გააკეთე, გამოვიდეს ის უმრავლესობა და რომ დაინახავს მერე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, აქეთ ყოფილა მთელი სიმართლე, მერე უკვე 26-შიც გექნება ლეგიტიმური უფლება, რომ საკუთარი აღლუმი ჩაატარო. ახლა გამოვა 10, 20, 100 კაცი, მაქსიმუმ მიაღწევენ 1000 კაცს. საკუთარი პრეზიდენტი ჰყავთ, საკუთარ პატრიარქს ირჩევენ, საკუთარი სუვერენიტეტი აქვთ, საკუთარი ელჩები ჰყავთ და ახლა უკვე საკუთარ აღლუმს ატარებენ. მივცეთ ამ ხალხს რამდენიმე ჰექტარი და საკუთარი პატარა სახელმწიფო მოვუწყოთ. ითამაშონ, იყვნენ იქ და დაანებონ თავი ამ საქართველოს. ყველაფერი საკუთარი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მხარს არ უჭერს,” - განაცხადა მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა, მან ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა.
“ეს ხალხი ვერ არის სრულ ჭკუაზე, იმიტომ, რომ პარალელურ ქვეყანაში ჰგონიათ რომ ცხოვრობენ. თუ კანონს მიყვები, მაშინ კანონით რაც არის გათვალისწინებული, ის უნდა გააკეთო და რასაც მოგთხოვენ კანონით, იმას უნდა დაემორჩილო. ამ ხალხის განცხადება არც ლოგიკას ექვემდებარება, არც კანონმდებლობას და ა.შ. სად მიძვრები, რა გინდა?! 26 მაისს ხალხი უნდა გამოვიდეს საზეიმოდ და მერე ესენი ჩაუდგებიან ყვარყვარესავით სათავეში და ვითომ ის ხალხი გამოსულია ამათ მხარდასაჭერად. ეს არის მთელი მათი ანი-ბანი” - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველამდე მარშით მივლენ. ამასთან, გვარამიას თქმით, რუსთაველზე ტექნიკის შეტანას და სცენის დამონტაჟებას ეცდებიან.
“არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს,” - განაცხადა გვარამიამ.