ელისო კილაძე - მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, მისი ოცნება დროებით ახდა

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, - ამის შესახებ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებისას საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.

ბერძენიშვილმა დახურვის საფუძვლად მოწმეთა უსაფრთხოება დაასახელა. კერძოდ კი, პროკურორის თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშაა, ვინაიდან ისინი მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. ამასთან, მათზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს.

ელისო კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აცხადებს, მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარის აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“. კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.

„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.

3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.

მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.

ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...

მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან" ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა

რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.

მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლ ცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.

მეუბნებიან, რომ თაღლთი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ“, - განაცხადა კილაძემ.

ამასთან, როგორც კილაძემ განაცხადა, წიგნს წერს, რომელიც „იქნება ძალიან სკანდალური".

„ციხე არ არის განაჩენი და იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. არ შეგეშინდეთ, რომ მე ციხეში ვარ. ძალიან მაგარი ადამიანები არიან, რიგითი ბადრაგიდან დაწყებული, ექთნით დამთავრებული. წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური", - განაცხადა კილაძემ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ელისო კილაძის სასამართლო პროცესები სრულად დახურა.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სწორედ დანარჩენი პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი