თენგო თევზაძე - 26 მაისის მარში იქნება მშვიდობიანი და დიახ, პარლამენტთან დასრულდება პოლიტიკური გამოსვლებით, რაც გვაქვს ნათქვამი, ამას აუცილებლად გავაკეთებთ! - ნუ იმუქრებიან! ვინ ვინ და პაპუაშვილის მუქარის დედამიწის ზურგზე არავის ეშინია!

26 მაისის მარში იქნება მშვიდობიანი და საბოლოოდ დასრულდება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლით. კი, პარლამენტის წინ იქნება სიტყვით გამოსვლები! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: რას აპირებს “ოპოზიციური ალიანსი”, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია 26 მაისს, პარლამენტთან აქციის გამართვის ნებართვას არ იძლევა.

როგორც მან აღნიშნა, ლოკაციის შეცვლა, ვერ და არ მოხდება!

„ოპოზიციის ალიანსს“, 9 პოლიტიკურ პარტიას, სხვა ჯგუფებთან ერთად, ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჰქონდა საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს იქნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს პარლამენტამდე მარში. ზოგადად, 550 დღეა ეს პროცესი ასე მიმდინარეობს. უბრალოდ, 26 მაისის აქცია იქნება მნიშვნელოვნად ხალხმრავალი, მრავალრიცხოვანი. შეცვლილი კანონმდებლობაა, გაართულეს ქვეყანაში აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარების პროცედურები. მივმართეთ თბილისის მერიას, შსს-ს და მოვითხოვეთ, რომ ის, რაც 2 თვის წინ დავაანონსეთ, შესაძლებლობა გვქონოდა და ზედმეტი გართულებების, შესაძლო საფრთხეების, პრობლემების გარეშე ჩაევლო ამ მარშს. ეს აქცია, ეს მარში იქნება მშვიდობიანი და საბოლოოდ, დასრულდება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლით. ჩვენ არ ვცვლით არანაირ გეგმას, იმიტომ, რომ ჩვენ დავიცავით ყველა კანონი და ყველა ის პირობა, რაც მშვიდობიანი აქციისთვისაა აუცილებელი. ეს ბანდიტები ყოველდღე, ყოველკვირა, ყოველთვე ჰპარავენ ჩვენს მოქალაქეებს საჭმელს, ასევე, ის საცობები და პრობლემები, რაც ზუსტად არამხოლოდ 26 მაისს, არამედ ყოველდღეა თბილისში, არის მათი გამოწვეული, მათი პრობლემა. ჩვენ თბილისში გადაადგილების შეფერხებას არ ვაპირებთ, მაგრამ რაც გვაქვს ნათქვამი, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კი, პარლამენტის წინ იქნება სიტყვით გამოსვლები! მარში ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე მელიქიშვილის ქუჩის გავლით.

რაც შეეხება მოთხოვნას, მარშის გამართვის ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებით, 30 ათასამდე ადამიანი დავპატიჟეთ და იცის, რომ მარში იქნება. ლოკაციის შეცვლა, ვერ და არ მოხდება. შეეშვან დაბალი ხარისხისა და დონის პრობლემების შექმნას. როგორ შეიძლება შეიცვალოს ადგილი, როცა 10 ათასობით ადამიანია დაპატიჟებული? არ არიან იმ ფორმაში ახლა რაღაცები მოიგონონ, წინაღობები, პრობლემები შეგვიქმნან და ამით შექმნან განცდა, რომ ვიღაც არ ემორჩილება კანონს. მეტი რა გავაკეთოთ? - ორი თვით ადრე დავაანონსეთ, წერილები მივწერეთ. კალაძეს რომ არ აინტერესებს თბილისი, ოპოზიცია, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა და საერთოდ, თბილისელები, გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ იცით, კამპანიაა მთელი ამ კვირების განმავლობაში და ახლა თურმე ამბობენ, რომ „იცით, რა, ეს ვერ მოხდება“.

მანიფესტაციის მიზანზე ვსაუბრობთ ორი თვეა და საბოლოო მიზანი არის, რომ ეს შსს ემსახურებოდეს ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, გამოხატვისა და შეკრება მანიფესტაციის უფლების დაცვას. ეს არის მიზანი და არა ის, რომ ადამიანებს უკრძალავდეს ტროტუარზე დგომას, თბილისში თავისუფალ გადაადგილებას და არა ის, რომ ადამიანებს უკრძალავდეს აზრის, შეკრების თავისუფლებას. ეს არის მიზანი. ერთი, რაზეც შეგვიძლია მოგვედავონ, მაქსიმალური რაოდენობა არ გვქონდა მითითებული. ჩვენ 100 ათასამდე ადამიანის გამოვლის სურვილი გვაქვს, მაგრამ რამდენი გამოვა, ამის დათვლა რთულია ახლა. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი გამოვიდეს. დავასრულებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ, ეს აქცია დასრულდება 26 მაისს და ჩვენ ვიქნებით ათი ათასობით. შსს-მ დაიცვას უსაფრთხოება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს აქცია იყოს მშვიდობიანი. ეს აქცია იქნება მშვიდობიანი, რა პროვოკაციაც არ უნდა დაგეგმოს „ქართულმა ოცნებამ“ და რა წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს. ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს აქცია იყოს უწყვეტი. არ გვაქვს დაგეგმილი ამ მომენტში, რომ ჩვენ ღამე გავათენოთ და რაღაც კონსტრუქციები, გარდა სცენისა, გავმართოთ. რაც არ უნდა საბაბი ეძებოს შსს-მ, აუცილებლად იქნება სიტყვით გამოსვლები! ჩვენ 26 მაისს გვექნება დიდი, მრავალრიცხოვანი მარში. შსს-ს თუ უნდა, რომ იძალადოს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ „ქართული ოცნება“ არის მოძალადე რეჟიმი და ხელისუფლება, ეს მათი არჩევანია. როგორ გადავაფიქრებინებთ ამას, ხომ?! ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანები, გვექნება შესაბამის პრობლემებზე აქცენტი. გვექნება ჩვენი, ოპოზიციის გეგმებზე საუბარი. გვექნება საუბარი იამზე, თუ როგორ უნდა დავაყენოთ და ხელახლა წამოვწიოთ წინ ის მოთხოვნები, რაც არის: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები“,- განაცხადა თენგო კირთაძემ.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიც შეაფასა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი აქციის სახელმწიფო დაპირისპირებად გადაქცევა სურს.

„გასაგებია, რომ გია ვოლსკისა და მის გუნდს ეშინიათ 26 მაისს იმ ბევრი მოქალაქის, რომელიც გამოვა. თითქმის, 2 წელი ისინი ცდილობდნენ, რომ ჩაეხშოთ პროტესტი არაჰუმანურობით, არაემპათიურობით, რეპრესიებით, ადამიანების დაჭერებითა და ა.შ. ეს რომ არ გამოუვათ, ხვალ ვნახავთ. რაც შეეხება არეულობასთან დაკავშირებულ საკითხს, ერთადერთი, ვინც ამ ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის მომტანია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები! როგორ წარმოგიდენიათ პოლიტიკური ძალები ითხოვდნენ სამართლიან არჩევნებს და თან საუბრობდნენ რევოლუციაზე. ახალი პოლიტიკური შეტევის გზით რომ მივაღწევთ შედეგს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს უკან დახევა! ნუ იმუქრებიან, ნუ ეშინიათ, აქცია იქნება მშვიდობიანი! ნუ ეშინიათ, არ იქნება შურისძიება ისინი, რომ დამარცხდებიან. მათ შეეძლებათ, თუ, რა თქმა უნდა, კანონი არ ექნებათ დარღვეული და ქვეყნის ღალატი არ ექნებათ ჩადენილი, გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა. ნუ ეშინია პაპუაშვილს, ნუ იმუქრება. ვინ, ვინ და პაპუაშვილის მუქარის არავის ეშინია დედამიწის ზურგზე!“ - განაცხადა თევზაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი