საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიასა და პროფესორ ნინო გოგნიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასწავლო კომპონენტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის სპეციფიკას, საკანონმდებლო პროცესს და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, ასევე დაათვალიერეს პირველი რესპუბლიკის საკომიტეტო და პლენარული სხდომების, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის დარბაზები, მოინახულეს პარლამენტარიზმის მუზეუმი და გაეცნენ იქ გამოფენილ ექსპონატებს.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯემალ ჯანაშიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში სასწავლო ვიზიტები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულად გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, სამართლებრივ და საპარლამენტო პროცესებს, რაც მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების განვითარებისა და აკადემიური განათლების გაღრმავებისთვის.
„სამართლწარმოებისა და კანონშემოქმედებითი პროცესი აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება. თანამედროვე აკადემიური სივრცე სტუდენტებისგან მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პრაქტიკულ გააზრებას, სამართლებრივი და საპარლამენტო პროცესების უშუალო დაკვირვებას და იმ ღირებულებების გაანალიზებას, რომლებზეც დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა დგას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს პარლამენტში ჩვენი სტუდენტების სასწავლო ვიზიტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა სიღრმისეულად გაიაზრონ ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, საკანონმდებლო პროცესის მნიშვნელობა და სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების გზა. მსგავსი ვიზიტები სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ გარემოს დაუკავშირონ, რაც მათი პროფესიული და აკადემიური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტარიზმის მუზეუმი და გაეცნენ იმ ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი კულტურის განვითარების პროცესს ასახავს“, - აცხადებს ჯემალ ჯანაშია.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტის - მარიამ გელაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში სასწავლო ვიზიტი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება და აკადემიური პროცესის გამორჩეული ნაწილი იყო. „პარლამენტში ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული - შევიტყვეთ ბევრი ისტორიული ფაქტი. ძალიან საინტერესო იყო გიდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ისტორიული წყაროები. ჩვენთვის როგორც მომავალი იურისტებისათვის, ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო“, - აცხადებს სტუდენტი.
სტუდენტ ქეთინო ოთანაძის შეფასებით, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში დანახვა სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა: „საქართველოს პარლამენტში შეხვედრები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მადლობა გასვლითი სასწავლო ღონისძიებისთვის ორგანიზებისათვის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ჯემალ ჯანაშიას და ქალბატონ ნინო გოგნიაშვილს“, - აცხადებს ქეთინო ოთანაძე.
სტუდენტ გიორგი ქაშიბაძის თქმით კი, პარლამენტში ვიზიტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, პარლამენტის სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რაც სამართლის მიმართულებით სწავლებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „საქართველოს პარლამენტში სტუმრობა მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის არ ყოფილა. ეს იყო შესაძლებლობა, ახლოს გავცნობოდი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასა და სახელმწიფოებრიობის მთავრ სიმბოლოს. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ ვიზიტით კიდევ უკეთ გამეცნო პარლამენტი და მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები“, - აცხადებს ქაშიბაძე.
როგორც სტუდენტი ემზარ შარია ამბობს, პარლამენტში ვიზიტმა კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი საკანონმდებლო საქმიანობის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართლებრივი პროცესების მიმართ. „ჩემთვის ეს ვიზიტი იყო საინტერესო იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით, არამედ ეს იყო მნიშვნელოვანი სამოქალაქო გამოცდილებაც. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ბატონ ჯემალ ჯანაშიას ამ ვიზიტის ორგანიზებისათვის“, - აღნიშნავს ემზარ შარია.
სტუდენტ ემილია მარღანიას თქმით კი, საპარლამენტო სივრცე ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების გზას და იმ დემოკრატიულ ტრადიციებს, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას. „საქართველოს პარლამენტში ვიზიტმა შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი პარლამენტის დაარსების ისტორიას, გამეგო ცნობები ქვეყნის მართვასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ, რაც აუცილებლად გამომადგება სამოქალაქო პასუხისმგებლობის უკეთ გააზრებაში და ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში“, - აცხადებს სტუ-ის სტუდენტი.