გიორგი შარაშიძე - განა ჩვენი მეზობლების წინსვლა არ გვიხარია, მაგრამ ერევანში მარკო რუბიოს ვიზიტის ფონზე ჩვენთან უბრალო დელეგაციაა ჩამოსული - არ ვაკნინებ, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირები მეზობლებთან ჩადიან - ყოველდღიურად კურსიდან გადახვევას ვხედავთ!

თბილისშიც აშშ-ის დელეგაციის ვიზიტს, რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირები მეზობლებთან ჩადიან და ჩვენთან უბრალოდ დელეგაციაა ჩამოსული, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე დაიძრას, რაიმე ანგარიში მომზადდეს და კიდევ ერთხელ კარგად გაეცნონ აქაურ სიტუაციას - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები არა თუ შენარჩუნდეს, არამედ დაუბრუნდეს იმ ნიშნულს და კიდევ უფრო განვითარდეს, მაგრამ „ოცნების“ პირობებში ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც 26 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, ხოლო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, საქართველო „თავისი ღირებულებებით სრულად დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს, ამერიკა კი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი საქართველოში სწორედ დემოკრატიის განვითარებაზე დახარჯა“

„ჩვენ განა ჩვენი მეზობლების წინსვლა არ გვიხარია, მისასალმებელია, რომ ჩვენი მეზობლები ასე წინ არიან ევროინტეგრაციისა და სტრატეგიული ურთიერთობების გამყარების პროცესში, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტია, რომ რამდენიმე წლის წინ, იგივე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, საქართველო ლიდერი იყო არა მარტო რეგიონში, არამედ ასოცირებულ ტრიოში და აშშ-ს დელეგაცია ვიზიტებს, თბილისიდან იწყებდა, სწორედ ამ პერიოდში იყო უმაღლეს დონეზე ურთიერთობები და ის პერიოდი იყო კულმინაცია, მაგრამ რაც გახარია წამოვიდა „ოცნების“ გუნდიდან, ყოველდღიურად არა უკუსვლას, არამედ კურსიდან გადახვევას ვხედავთ.

პარალელურად, თბილისშიც არის ვიზიტები, რომელსაც რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირები, მეზობლებთან ჩადიან და ჩვენთან უბრალოდ დელეგაციაა ჩამოსულო, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე დაიძრას, რაიმე ანგარიში მომზადდეს და კიდევ ერთხელ კარგად გაეცნონ აქაურ სიტუაციას. [ხელისუფლების] პოლიტიკა „პროქოცურია“, რომელიც მხოლოდ შენი საკუთარი ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამიზნული პოლიტიკაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები არა თუ შენარჩუნდეს, არამედ დაუბრუნდეს იმ ნიშნულს და კიდევ უფრო განვითარდეს, მაგრამ „ოცნების“ პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან „ოცნებამ“ საქართველოში რეჟიმი შექმნა, რომელიც თავისი ღირებულებებით სრულად დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს, ამერიკა კი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც წლების განმავლობაში უზარმაზარი რესურსი საქართველოში სწორედ დემოკრატიის განვითარებაზე დახარჯა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნებისა“ და ბრიუსელის ურთიერთობას, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან გაფუჭებულ ურთიერთობებს, ინდივიდების დონეზე დაყვანასა და ყველაფრის ელჩებზე დაბრალებას ცდილობს.

„ოცნება“ მზაკვრულად იყენებს ელჩების ფაქტორს, საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს, რომ გაფუჭებული ურთიერთობა, რომელზეც პასუხისმგებელი თავად არის, კონკრეტულ ინდივიდებზე დაიყვანოს, რომ ყველაფერი ელჩებს დაჰბრალდეს. აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭება როდის დაიწყო? გახსოვთ, როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის ელჩს, შემდეგ ახალ ელჩს, რომელიც იძულებული გახდა, რომ ვადამდე ადრე დაეტოვებინა თანამდებობა და გარიდებოდა პროცესებს. შემდეგ, როდესაც გერმანიის ელჩზე აღვირახსნილი კამპანია დაიწყო მთავრობამ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილი გამოაგზავნა და „ოცნებას“ შეახსენა, რომ ელჩი ქვეყანაში მათი წარმომადგენელია და უთხრეს, - „როდესაც თავს ესხმით ელჩს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვესხმით თავს“. დიდი ალბათობით, ბრიუსელისა და პაველ ჰერჩინსკის მიმართ ელჩობის ვადის გახანგრძლივება მინიშნებაა იმისა, რომ ნებისმიერი ელჩი, მით უფრო პაველ ჰერჩინსკი არის მათი წარმომადგენელი.

[რაც შეეხება გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის პენსიაზე გასვლასა და საქართველოში მისი დიპლომატიური კარიერის დასრულებას] ვერანაირი იმედი ვერ გვექნება, რომ ახალი ელჩის პირობებში „ქართული ოცნების“ მიმართ რიტორიკა შეიცვლება. აშშ-ს ელჩის მიმართ პროპაგანდისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ სხვა ელჩი რომ დაინიშნა, რაიმე შეიცვალა? იგივე იქნება გერმანიის შემთხვევაში. ისინი თავად ცდილობენ, რომ ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკა კონკრეტული ელჩების დონეზე დაიყვანონ, ამიტომ ვერანაირი მოლოდინი ვერ იქნება. ეს „ოცნების“ ბინძური პროპაგანდისა და პოლიტიკის ნაწილია, რომ საკუთარი დანაშაულები სხვადასხვა ელჩებს გადააბრალოს. როდესაც მათი იციან, რომ ელჩს თანამდებობის დატოვება უწევს, კიდევ უფრო უფრო აძლიერებენ პროპაგანდას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, დეპუტატმა დანიაში განვითარებულ მოვლენებზე „ქართული ოცნების“ რეაქციაც შეაფასა. მისი თქმით, „ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ევროპისგან მტრის ხატი შექმნას.

„ოცნება მიზანმიმართულად ცდილობს, რომ ევროპისგან მტრის ხატი შექმნას, თან თავისი მძლავრი პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს, მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ ევროპა ცუდია და რომ ჩვენთან ეკონომიკა უფრო განვითარებულია, ვიდრე ევროპაში. „ოცნება“ აწარმოებს პროპაგანდას, რომ თურმე ევროკავშირის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ევროკავშირში ხელფასი 3-4-ჯერ და პენსია კიდევ უფრო მეტჯერ მეტია. საუბრობდე ეკონომიკაზე და არაფერს ამბობდე ხელფასებს შორის სხვაობაზე, უპასუხისმგებლობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანაა. რა პროპაგანდით უნდა დააჯერო ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განსაკუთრებული ტემპით იზრდება, როდესაც მინიმალური ხელფასი ვერ დავაწესებინეთ და პენსია ვერ გავაზრდევინეთ. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგად მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა უნდა იცვლებოდეს. ეს ეკონომიკური ზრდა კი მხოლოდ „ოცნებასა“ და მასთან დაკავშირებულ ოჯახებს ხმარდება. ერთადერთი რაც იზრდება ჯარიმები, ტარიფები და გაუსაძლისი კანონების შედეგია. სანამ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ და პროპორციულად არ იქნება დაკავშირებული ხელფასებისა და პენსიების ზრდასთან, მაშინ ამ ეკონომიკურ ზრდას აზრი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ასევე, შარაშიძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის, ქრთამის ბრალდებით დაკავებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ლევან ახობაძის დაკავება ადასტურებს იმას, რომ „ოცნების“ პირობებში კორუფცია არის და იყო სისტემური.

„ახობაძის დაკავება ადასტურებს იმას, რომ კორუფცია „ოცნების“ პირობებში არის და იყო სისტემური. ყველა იპარავს. დღეს რაც ხდება არის ანგარიშსწორება საკუთარი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ, რადგან დღეს ახალი კლანი დაწინაურდა, რომელსაც თავისი ინტერესები და ანგარიშები აქვს გასასწორებელი ძველ გუნდთან. როგორ წარმოგიდგენიათ სისტემური კორუფცია, რომ არ ყოფილიყო სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე იმ დონეზე იქნებოდნენ გათავხედებულები, რომ საკუთარ კაბინეტში ამხელა თანხას „ქეშით“ აიღებდნენ? და პრემიერ-მინისტრის სახლში მილიონობით დოლარი „ქეშად“ იქნებოდა შენახული? დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომელიც ბრალის წარსადგენად გამოიყენეს, იგივე პიროვნება დაკავშირებული იქნება არაერთ და გაცილებით დიდი მასშტაბის კორუფციულ სქემებთან და დანაშაულებთან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი