ხვალინდელი საპროტესტო გამოსვლა იქნება მრავალრიცხოვანი და დიდი მუხტის მატარებელი. მუხტის მიმცემი იქნება როგორც პოლიტიკოსებისთვის, ისე ხალხისთვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, 26 მაისის აქციისთვის არ არსებობს პარტიული დღის წესრიგი და აქციაზე გადის ქართველი ხალხი.
„საპროტესტო აქციები უნდა იყოს ხშირი, ძალიან ინტენსიური და აქტიური. ხვალინდელი საპროტესტო გამოსვლა იქნება მრავალრიცხოვანი და დიდი მუხტის მატარებელი. მუხტის მიმცემი იქნება, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ისე ხალხისთვის, ვინც მას დაესწრება.
ჩვენ გვაქვს მარტივი მოცემულობა, ის ადამიანები, ვინც არ ეგუებიან ივანიშვილის დიქტატურას, ვისაც არ სურს, რომ ამ დღის აღნიშვნის ექსკლუზივი დარჩეს შაჰ აბასობის აღმნიშვნელებს, გამოვდივართ ქუჩაში, ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლას, მსვლელობას თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ეს არის დღის წესრიგი და ვისაც ეს დღის წესრიგი მოსწონს და ამაში მონაწილეობის მიღება უნდა, ის გამოვა. ასეთი არის ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
ხუთჯვრიანი დროშა არის ქართველების სიძლიერის სიმბოლო და ამ დროშის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. პარტიული განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე ამ მომენტში. ხვალ ვერთიანდებით და ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხი, იქ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები. არა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, ზოგადად, იმ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც ამ ალიანსში შედიან, არსებობდა ბევრი საკითხი, რომელიც იყო სადავო, საკამათო, მაგრამ 26 მაისის წინ, თქვენ ხედავთ, რომ არის ერთიანობა. ვერთიანდებით ყველა, არ არსებობს პარტიული დღის წესრიგი, ხვალ ყველა ვართ ქართველი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.