სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილები საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩმა.

“თქვენო აღმატებულებავ,

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა მისალოცი წერილი მიიღო ბელგიის მეფე ფილიპისგან.

“მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს,

საქართველოს პრეზიდენტს!

საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს”, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვიცე-პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილებში.

საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება.

უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.

ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - ნათქვამია წერილში.

ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი.

“თქვენო აღმატებულებავ,

კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასევე ულოცავს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზორან მილანოვიჩი საქართველოში ვიზიტს იხსენებს და ორმხრივი ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.

სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინიც ულოცავს.

მისალოც წერილში პეტერ პელეგრინი აღნიშნავს, რომ ეს დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო ნება მომეცით, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით, მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის სიმტკიცეს, შეუპოვრობას და თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას. ის უკვდავყოფს იმ ისტორიულ ძალისხმევას, რომელიც კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფოს ასაშენებლად იქნა გაწეული.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო სლოვაკეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სლოვაკეთი დიდი ხანია საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებისკენ სწრაფვაში, და მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ რეფორმებსა და პრო-ევროპულ კურსს.

ამავდროულად, ბრატისლავაში თქვენს ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით, მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი გულწრფელი ინტერესი სლოვაკეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ხალხთაშორისი კონტაქტები და კულტურული თანამშრომლობა.

მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე დიალოგი და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, არამედ უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საქართველოს საკეთილდღეოდ თქვენი მიზნების მისაღწევად. საქართველოს ყველა მოქალაქეს კი ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ განვითარებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს