სხვადასხვა ქვეყანა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
„სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
თავის მხრივ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
“სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი, საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
„პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს - კეთილდღეობას“, - აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
რაც შეეხება ჩინეთის პრემიერ ლი ციანის წერილს, მილოცვაში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს - ბედნიერებას“, - აღნიშნულია ლი ციანის მილოცვაში.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ანდრეი პლენკოვიჩის მილოცვაში.
ასევე, ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი, რომელიც ორი ქვეყნის მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - 26 მაისთან - დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
თავის მხრივ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში ვითარდება.
„სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩემთვის დიდი პატივი იყო დუბაიში გლობალური მმართველობის სამიტზე თქვენთან შეხვედრა და საუბარი საერთო ინტერესის მრავალ თემაზე. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იქნება სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ. ასევე, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნულია სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.