დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი საპროტესტო ცხოვრებაში, როდესაც პროტესტი, რომელმაც უამრავი ბზარი გაუჩინა რეჟიმს, პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება იმისათვის, რომ ეს ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს თსუ-სთან განუცხადა, სადაც “ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დღევანდელი აქციის ამოცანა არის საზოგადოების გაუტეხელობის ჩვენება.
“დღეს, 26 მაისია და ყველა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში, იმიტომ, რომ საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც შეეკრა ჩვენს ცივილიზაციურ მტრებს და გადაგვკიდა ჩვენს მეგობრებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი მოკავშირე და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჩამოდის არა საქართველოში დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად, არამედ ჩადის სომხეთში, იქ, სადაც მტერს და მეგობარს დღეს უკვე კარგად არჩევენ. დღევანდელი აქციის ამოცანა არის საზოგადოების გაუტეხელობის ჩვენება, იმ საზოგადოების გაუტეხელობის ჩვენება, რომელიც უკვე მრავალი დღეა არის სასტიკი რეპრესიების ქვეშ და ამის მიუხედავად მაინც არ ტყდება. საზოგადოების გაუტეხელობა არის ის, რაც ბზარებს უჩენს რეჟიმს და ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ რეჟიმი დასუსტებულია - ვხედავთ, ყველა, ვისაც ამ ბზარების წაკითხვა შეგვიძლია. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს მანევრი აღარ დარჩა და ის ცალ ფეხზე ატუზული ეხვეწება ჩვენ ყოფილ მოკავშირეებს, რამენაირად მოახდინოს მისი ნორმალიზაცია იმიტომ, რომ ხედავს, პროდასავლურ ქართულ საზოგადოებში ძალაუფლებას ის დასავლეთისგან იზოლაციით ვერ ინარჩუნებს. ჩვენ დღეს, არამხოლოდ საფრთხის წინაშე , არამედ უზარმაზარი შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. ეს შესაძლებლობა გულისხმობს იმას, რომ დღეს ჩვენ რეგიონში ძალის ვაკუუმს ავსებს არა რუსეთი, არამედ აშშ. იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ჩვენ ანტიდასავლური, ანტიქართული რეჟიმი უნდა შევცვალოთ მშვიდობიანად, მივაწვეთ ბოლომდე ზუსტად ამ გაუტეხელობით და აი, ეს პროტესტი გარდავქმნათ პოლიტიკურ პროცესად. ამას ეძღვნება დღევანდელი აქციაც და დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი საპროტესტო ცხოვრებაში, როდესაც ეს პროტესტი, რომელმაც უამრავი ბზარი გაუჩინა რეჟიმს, პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება იმისათვის, რომ ეს ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ.
[რაც შეეხება სცენის მონტაჟს], ადამიანების თავისუფალი შეკრება გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებმა ხმა უნდა მიაწვდინონ აქციაზე მოსულ მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ხმის შეზღუდვა არის უბრალოდ აქციის შეზღუდვა და ჩვენ ამის დემონსტრირებას მოვახდენთ, როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, რომ რეალურად ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია მშვიდობიანი პროტესტის”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით “ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა.